ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხაშურში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა

ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარმა კანდიდატმა ხაშურში სერგო ქიტიაშვილმა განმეორებითი კენჭისყრის წინა დღეს თავისი კანდიდატურა მოხსნა.ოლქში მისი მთავარი კონკურენტი ქართული ოცნების წარმომადგენელი ვალერი გელაშვილია.ქიტიაშვილმა მიზეზად ვალერი გელაშვილისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან ზეწოლა დაასახელა.

"გრძელდება დაუფარავი აგრესია, როგორც ჩემი შტაბის წევრების, ისე საოლქო საუბნო კომისიის წევრების მიმართ. ამ პირობებში ხაშურში ჩემი მონაწილეობა შეუძლებლად მიმაჩნია. ამიტომ გადავწყვიტე, უარი ვთქვა განმეორებით არჩევნებში მონაწილეობაზე. გამოვთქვამ იმედს, რომ ძალადობა და შანტაჟი სამომავლოდ არ დარჩება უყურადღებოდ და იქნება რეაგირება" - განაცხადა მან.

მაჟორიტარული სისტემის განმეორებითი არჩევნები ხაშურის რამდენიმე საარჩევნო უბანზე 14 ოქტომბერს გაიმართება. ამ უბნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი 1 ოქტომბრის არჩევნებზე ხაშურში გამოვლენილი დარღვევების გამო.

ცესკოს ცნობით, ქიტიაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნის მიუხედავად, ხვალ ხაშურის საარჩევნო უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა მაინც გაიმართება. 

“ყველა კანდიდატს აქვს უფლება განაცხადოს კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. თუმცა ვინაიდან დადგენილი ვადები ამოწურულია, საარჩევნო ბიულეტენზე მისი გვარი მაინც ასახული იქნება”,- აღნიშნა ცესკოს წარმომადგენელმა.

კომენტარები