რიჩარდ ნორლანდი

რიჩარდ ნორლანდი: საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ ასეთი კალიბრის პატრიოტი ლიდერები ჰყავს

საქართველოში აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გამართულ კონფერენციაზე, საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაფასა.

რიჩარდ ნორლანდმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოსთვის ისტორიული მოვლენა უწოდა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ,,სახელმწიფო მოღვაწის სიბრძნე აჩვენა’’.

,,2012 წლის ოქტომბერი ალბათ, საქართველოს ისტორიაში დრამატულ და მნიშვნელოვანი გარდაქმნების მომენტად აღინიშნება, რადგან ჩატარდა კონკურენტული არჩევნები და იქმნება ახალი მთავრობა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა აჩვენა სახელმწიფო მოღვაწის სიბრძნე და იმედი გამოთქვა, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდება. საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ ასეთი კალიბრის პატრიოტი ლიდერები ჰყავს ორივე მხარეს, რომლებიც მზად არიან, განსხვავებებს გადააბიჯონ და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად იმოძრაონ წინ. დარწმუნებული ვარ, საქართველო კარგ ხელშია.’’-განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

აშშ-ს ელჩმა სამოქალაქო საზოგადოების როლზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქართულმა არასამთავრობო სექტორმა წინასაარჩევნო პერიოდში თავისი ფუნქცია წარმატებით შეასრულა.

,,სამოქალაქო საზოგადოება არის არა მხოლოდ საპირწონე და ბალანსი, არამედ გადამწყვეტი პარტნიორი პოლიტიკურ ურთიერთობებში. არასამთავრობოებმა ნეიტრალურობა და დამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოთ, უნდა იყოთ ღია და კონსტრუქციულები პარტიებთან დიალოგში. საბედნიეროდ, საქართველოს ჰყავს მთელი რიგი ექპერტები, რომლებიც მზად არიან ამ როლის შესასრულებლად."-აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა. 

კომენტარები