ფოკუსი

ოცნების გუშაგები ცვლას იბარებენ

0 კომენტარი

ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებში ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების ლიდერები – მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი პირისპირ შეხვდნენ და საჯაროდ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

ორივე მხარის – არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია ქართული ოცნებისა და დამარცხებული ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ამ ფაქტს ერთნაირად აფასებენ – როგორც ისტორიულ მოვლენას, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პირველი პრეცედენტი უნდა შექმნას.

ეს იმის მიუხედავად, რომ ამ შეხვედრის შემდეგ „უღირსი” ოპონენტების მიმართ საჯარო საყვედურებისგან ივანიშვილმა აშკარად ვერ შეიკავა თავი, ხოლო პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის სიტყვაში ქართული ოცნების გუნდთან პოლიტიკური შეხედულებების „ფუნდამენტურ განსხვავებებზე” არაერთხელ გაამახვილა ყურადღება.

სააკაშვილისთვის საუკეთესო გამოსავალი გადადგომა იქნებოდა – ამის შესახებ არჩევნების შემდეგ გამართულ პირველივე პრესკონფერენციაზე გამარჯვებული კოალიციის ლიდერმა განაცხადა. მაგრამ იმ დღესვე წერილობით განცხადებაში განმარტა, რომ ეს კოალიციის პოლიტიკური მოთხოვნა არ არის და იგი, როგორც პრემიერი, პრეზიდენტთან თანამშრომლობისთვის მზადაა. პრეზიდენტის გადადგომის თემაზე ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას მომდევნო დღეებში აღარ უსაუბრიათ.

ხელისუფლების გადაცემის პროცესი არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ მალევე დაიწყო. საამისოდ მხარეების წარმომადგენლებმა რამდენიმე შეხვედრა გამართეს.

პრეზიდენტმა არ გამოიყენა შესაძლებლობა, ახალარჩეული პარლამენტისთვის მთავრობის საკუთარი შემადგენლობა წარედგინა. მან არც ძალოვანი მინისტრების დანიშვნის უფლებამოსილებით ისარგებლა.

8 ოქტომბერს ქართული ოცნების სამუშაო ჯგუფები სახელმწიფო უწყებებში შევიდნენ, რათა მათი საქმიანობის შესწავლა დაეწყოთ.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერების განცხადებით, ისინი მოწადინებულები არიან, ქვეყნის მართვა გამარჯვებულ გუნდს რაც შეიძლება სწრაფად გადააბარონ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არჩევნებში გამარჯვებულ ძალას რაიმე წინასწარ მომზადებული გეგმა, აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, არ გააჩნდა.

8 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა მომავალი კაბინეტის შემადგენლობა მხოლოდ ნაწილობრივ დაასახელა. თანაც, მისი თქმით, მომავალი დანიშვნების შესახებ თავად კანდიდატებმა გამოცხადებამდე 15 წუთით ადრე გაიგეს.

ქართულმა ოცნებამ, რომელიც არჩევნების წინ ყველაზე უხვ დაპირებებს სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში იძლეოდა, გამარჯვებიდან ერთი კვირის განმავლობაშიც ვერ მოახერხა, რომ ეკონომიკური ბლოკის უწყებების – ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების ხელმძღვანელთა კანდიდატურები დაესახელებინა.

სამაგიეროდ, მთავრობის წევრთა პირველი წარდგენისას ივანიშვილმა კანდიდატები არა მხოლოდ მინისტრების პოსტებზე, არამედ ისეთ თანამდებობებზეც დაასახელა, რომელთა დანიშვნა უშუალოდ მთავრობის კომპეტენციაში არ შედიოდა. კერძოდ – სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელთა და მთავარი პროკურორის კანდიდატურები.

მოგვიანებით ამის თაობაზე განმარტების გაკეთება დავით უსუფაშვილს მოუხდა. მისი განცხადებით, ქართული ოცნების მიერ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატების დასახელება არ ნიშნავს, რომ მთავრობის წევრებთან ერთად პოსტებს ისინიც დატოვებენ.

თავის მხრივ, წინა მოწვევის პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ ქართულ ოცნებას შეახსენა, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. შესაბამისად, შეიცვლებიან მხოლოდ იმ ინსტიტუტების ხელმძღვანელები, რომელთა შეცვლა პარლამენტისა და მის მიერ დამტკიცებული მთავრობის კომპეტენციაა. სხვა თანამდებობის პირთა საკითხის გადასაწყვეტად, მისი თქმით, სპეციალური პროცედურები არსებობს, რომლებიც არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი ძალა მოვა საპარლამენტო უმრავლესობაში.

გამოცდილი და გამოუცდელი კადრები

იმ 13 პოსტიდან, რაც ივანიშვილმა თავდაპირველად დაასახელა, ექვსს ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენლები დაიკავებენ. ოთხს – თავისუფალი დემოკრატები და ერთს – რესპუბლიკელი.

თანაც, შინაგან საქმეთა მინისტრობა ივანიშვილმა კოალიციის იმ წარმომადგენელს ანდო, რომელიც მისი პირადი ნდობით ყველაზე მეტად სარგებლობს. მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი, ვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება არ გააჩნია, ივანიშვილის ბიზნესსა და საქველმოქმედო სტრუქტურებში წლების განმავლობაში მუშაობდა.

ასევე საკუთარი პარტიის წარმომადგენელი – მაია ფანჯიკიძე წარადგინა ივანიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე. და ამავე პარტიის აქტივისტებს გაუნაწილა ვიცეპრემიერის და რეგიონული განვითარების მინისტრის (კახი კალაძე), ასევე სასჯელაღსრულების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრების პორტფელებიც.

ქართული ოცნების კაბინეტის წევრობის ორი კანდიდატი ამავე თანამდებობას შევარდნაძის ხელისუფლებაშიც იკავებდა. ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მინისტრად ივანიშვილმა ამირან გამყრელიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრად კი დავით კირვალიძე წარადგინა.

გამყრელიძეს მინისტრის თანამდებობა 2001 წლიდან 2004 წლის იანვრამდე ეკავა, კირვალიძეს – 2000-2004 წლებში. თანაც, 2004 წელს პროკურატურა კირვალიძის მინისტრობის პერიოდში ჰუმანიტარული დახმარების დატაცების საქმეს იძიებდა. მაშინ ყოფილ მინისტრს ბიუჯეტში 250 ათასი ლარის გადახდა მოუხდა, მისი ერთ-ერთი მოადგილე კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. ამ კანდიდატებს ივანიშვილმა გამოცდილება შეუქო, თუმცა მათი წარსული საქმიანობის პერიოდი განსაკუთრებული წარმატებებით არ გამოირჩეოდა.

9 ოქტომბერს საღამოს ქართული ოცნების ოფისში ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა გამოჩნდა. 2004-2008 წლებში იგი სასჯელს იხდიდა მინისტრობის პერიოდში ენერგეტიკის დარგში აღმოჩენილი ფინანსური დარღვევებისთვის. კოალიციის წევრმა სოზარ სუბარმა ისიც აღნიშნა, რომ მირცხულავას ენერგეტიკის სფეროში უდიდესი გამოცდილება აქვს, რომლის გამოყენებაც აუცილებელია.

კანდიდატებს შორის ზოგიერთს შესაბამის სფეროებში გარკვეული პროფესიული ბექგრაუნდი აქვს – მაგალითად, მაია ფანჯიკიძეს, პირველი ვიცეპრემიერობისა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ალასანიას, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილ თანამშრომელს თეა წულუკიანს, ყოფილ ომბუდსმენს სოზარ სუბარს, კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს, რომელიც რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის კანდიდატად არის დასახელებული.

ამავე დროს, მომავალ კაბინეტში არიან შესაბამის სფეროებში და, ზოგადად, ადმინისტრაციული საქმიანობის გამოცდილების არმქონე კანდიდატებიც: ირაკლი ღარიბაშვილი, პროფესიონალი ფეხბურთელი კახი კალაძე, კულტურის მომავალი მინისტრი, მწერალი გურამ ოდიშარია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ლევან ყიფიანი, რომლის „ჯერჯერობით ერთადერთი ღირსება”, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ისაა, რომ იგი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის შვილია.

პოლიტიკის მონახაზი

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მთავრობის წევრობის უკვე წარდგენილი კანდიდატები ამის შესახებ საკმაოდ მწირ კომენტარებს აკეთებდნენ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამართალდამცავები კრიმინალის მიმართ „ნულოვან ტოლერანტობას” შეინარჩუნებენ და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას გააგრძელებენ. ასევე, მისი თქმით, კუდ-ი და სოდ-ი, როგორც სტრუქტურები, სავარაუდოდ, გაუქმდება. მთლიანად სამინისტროში კი რეორგანიზაციის პროცესი დაიწყება.

ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც ახალ მინისტრს ივანიშვილმა დაუსახა, პოლიციის „დეპოლიტიზაციაა”. თუმცა რა კონკრეტული ღონისძიებები იგულისხმებოდა ამაში, ქართულ ოცნებას აქამდე არ განუმარტავს. ერთი მხრივ, ივანიშვილი ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც დანაშაულში გარეული არ არის, თანამდებობების შენარჩუნებას დაჰპირდა. მეორე მხრივ, გაურკვეველია, იგეგმება თუ არა „დეპოლიტიზაციის” მოტივით პოლიციის თანამშრომელთა დათხოვნა პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით.

თავდაცვის უწყებაში „თვისობრივ რეფორმებზე” ირაკლი ალასანიამ ისაუბრა. მისი თქმით, ამ რეფორმების მიზანი ქვეყნის თავდაცვისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლება იქნება.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის განცხადებით, ახალ მინისტრთა კაბინეტში შესაძლოა უშიშროების სამინისტროც შევიდეს, რომელიც შსს-ს სტრუქტურებს გამოეყოფა.

ივანიშვილის განცხადებით, იუსტიციის მომავალ მინისტრს მან იმ „სამართლიანი სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბების პროექტის” შექმნა დაავალა, რომელსაც ახალარჩეული პარლამენტი განიხილავს.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, იგი ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს „პირველი 100 დღის გეგმის” მომზადებას აპირებს. გეგმის პრიორიტეტი სამინისტროს 2013 წლის ბიუჯეტის ფორმირების საკითხი იქნება, სადაც სამედიცინო დაზღვევის გაფართოებისა და პენსიების ზრდის შესაძლებლობა იქნება გათვალისწინებული.

რაც შეეხება მომავალი აღმასრულებელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას, ამის შესახებ განმარტებები მინისტრობის კანდიდატმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო ვექტორი არ შეიცვლება და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კვლავ პრიორიტეტად დარჩება.

რაც შეეხება რუსეთს, ფანჯიკიძე მოსკოვთან მოლაპარაკებებს ემხრობა, თუმცა, იმთავითვე გამორიცხა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობის უპირობოდ აღდგენა. მისი განცხადებით, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაჭრა რუსეთთან ურთიერთობის გარეშე შეუძლებელი იქნება”. მაგრამ, ამავე დროს, „რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ შეიძლება არსებობდეს სამი საელჩო” და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, რომელიც ახლა ოკუპირებულია, არასოდეს გახდება კომპრომისის საგანი.

დავით უსუფაშვილი პარლამენტის სპიკერი იქნება
იმის შესახებ, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა წინა ხელისუფლების პოლიტიკის გაგრძელება იქნება, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თავად კოალიციის ლიდერმა და პრემიერობის კანდიდატმა განაცხადა. ივანიშვილის თქმით, „ჩვენი სწრაფვა იქნება განუხრელად ევროპისკენ და უახლოეს დროში საქართველო აუცილებლად მოახერხებს, გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა”.

ახალი წესები

საკუთარი პოლიტიკის რეალიზაციის დაწყების შესაძლებლობა ქართულ ოცნებას მას შემდეგ მიეცემა, რაც ახალარჩეული პარლამენტი შეიკრიბება. პირველი სხდომა, კონსტიტუციის თანახმად, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში უნდა შედგეს. ოქმი კი ცენტრალურმა სარჩევნო კომისიამ არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა უნდა გამოაქვეყნოს.

პარლამენტის შეკრება ოფიციალურად იმ შემთხვევაში შედგება, თუ საკანონმდებლო ორგანო, სულ ცოტა, 100 წევრის უფლებამოსილებას ცნობს.

საკანონმდებლო ორგანოს შეკრების მომენტიდან მოქმედ მთავრობას უფლებამოსილება უწყდება. ახალი მთავრობა ნდობის მისაღებად პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს. მხარეთა შეთანხმების თანახმად, ეს იქნება ქართული ოცნების მიერ დაკომპლექტებული კაბინეტი, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით. მთავრობის წარდგენა, დამტკიცება და მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნა 30 დღეში უნდა მოესწროს.

პრეზიდენტისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ მთავრობის ქართული ოცნებისთვის ნებაყოფლობით სრულად დათმობის მიუხედავად, პრეზიდენტს საკმაო უფლებამოსილება რჩება პარლამენტის გადაწყვეტილებებზე და მთავრობაზე ზეგავლენის მოსახდენად.

კერძოდ, მთავრობამ მას უნდა შეუთანხმოს ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს. პრეზიდენტი კვლავაც უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გადააყენოს მთლიანად მთავრობა ან მისი ცალკეული წევრები. ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, სარგებლობს ვეტოს უფლებით, უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მთავრობის აქტები.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე სარგებლობს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრების დანიშვნის ექსკლუზიური უფლებით. პრემიერმინისტრთან შეთახმებით ნიშნავს საკუთარ რწმუნებულებს (გუბერნატორებს) რეგიონებში, ასევე გაერთიანებული შტაბის უფროსსა და მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელებს.

მთავარი პროკურორის კანდიდატურას პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრის წარდგინებით ნიშნავს ან თანამდებობიდან ათავისუფლებს. ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილს საკუთარი კანდიდატურა – ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ჰყავს. თუმცა, პრეზიდენტის თანხმობის გარეშე, იგი ამ პოსტზე ვერ დაინიშნება.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, გენერალურ აუდიტორს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მათ პარლამენტი გარკვეული ვადით ამტკიცებს. მათი გადაყენება კი მხოლოდ იმპიჩმენტის რთული პროცედურის გზით არის შესაძლებელი, პარლამენტის უბრალო უმრავლესობის მიერ, ისიც მხოლოდ სასამართლოს მიერ კანონდარღვევის ჩადენის დადასტურების შემთხვევაში.

არჩევნების შემდეგ საკუთარი გუნდის დასახელებისას ივანიშვილმა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს – მაგალითად, ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გაკონტროლების სურვილი გამოთქვა, თუმცა პრეზიდენტმა კოალიციას არაორაზროვნად მიანიშნა, რომ მთავრობის წევრების დამტკიცების მიღმა მისთვის საკუთარი უფლებამოსილების გადაცემას აღარ აპირებს.

8 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი – გიორგი კალანდაძე დანიშნა. ამ კანდიდატურას, მომავალი მინისტრის ირაკლი ალასანიას თქმით, კოალიცია არ ეთანხმება.

მანამდე კი პრეზიდენტმა სტატუსი შეუცვალა საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფისა და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოებს, რომელთა საქმიანობაზე კონტროლის ფუნქცია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გადაეცა. ამით პრეზიდენტმა ისინი, ფაქტობრივად, მთავრობის დაქვემდებარებიდან გამოიყვანა.

ირაკლი ღარიბაშვილი, სოზარ სუბარი და ირაკლი ალასანია. მომავალი მთავრობის წევრები
იმავდროულად, ცალკეულ რეგიონებში ქართული ოცნების წარმომადგენლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს თვითმმართველობის ორგანოების სათავეში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა ყოფნის გამო. ეს იმის მიუხედავად, რომ 2010 წელს არჩეული თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილების ვადა მხოლოდ 2014 წელს იწურება.

ამ ვითარებაში ორივე მხარის – ამჟამინდელი ხელისუფლებისა და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალის ამოცანაა ისეთი თანაარსებობის უზრუნველყოფა, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ღია კონფლიქტში არ გადაიზრდება. როგორც ეს, მაგალითად, 2007-2010 წლებში, უკრაინაში იყო პრეზიდენტ იუშჩენკოსა და პრემიერ ტიმოშენკოს დაპირისპირებისას.

1 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში თამაშის თვისობრივად ახალი წესები ყალიბდება, რაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოების სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიერ კონტროლს გულისხმობს. ის, რაც განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების ჩვეული რეალობაა, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების პრაქტიკაში ჯერ არ ყოფილა და ხელისუფლებასაც და მის ოპონენტებსაც ამ წესების სწავლა ამჟამად უწევთ.

მაგრამ ივანიშვილის რიტორიკა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, კვლავ კონფრონტაციაზე იყო მიმართული – მან ხელისუფლების ლეგიტიმურად ცვლის პროცესი მხოლოდ თავისი გუნდის მიღწევად შეაფასა და ისიც განაცხადა, რომ მოწინააღმდეგეებს არ მოექცევა ისე (მკაცრად), როგორც ისინი იმსახურებენ.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ამ განცხადებებს პოლიტიკური პარტიის ლიდერის და არა სახელმწიფო მოღვაწის გამოსვლა უწოდეს. იმ პირობებში, როდესაც ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, წინასარჩევნო პერიოდისგან განსხვავებით, ქართული ოცნების მიმართ აგრესიულ და მტრულ რიტორიკაზე უარი თქვეს.

საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის აუცილებლობაზე დასავლელი დიპლომატები ამახვილებენ ყურადღებას. 9 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თომას მელიამ განაცხადა, რომ იმედი აქვს, „ხელისუფლების გადაცემა ბოლომდე ისეთი დემოკრატიული იქნება, როგორც ეს დასაწყისში იყო”. თუ ეს ასეა, ამერიკული პოლიტიკის პრინციპები საქართველოსთან მიმართებით არ შეიცვლება, – განაცხადა მელიამ. მისი თქმით, აშშ მიესალმება საქართველოს „ღირსშესანიშნავ ტრანზიციას”, მაგრამ მიიჩნევს, რომ „ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის არჩევნებზე ბევრად მეტია საჭირო”. მელიამ აღნიშნა, რომ არჩევნების შემდგომი ძალადობის საფრთხე რეალურად ჩანდა, მაგრამ დაპირისპირებული მხარეების საკითხისადმი მიდგომამ „მას ეს შიში გაუქარწყლა”.

მანამდე, საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს თანამშრომლობისკენ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ მოუწოდეს. მათი განცხადებით, „როგორც პასუხისმგებელი ხელისუფლება, ასევე კონსტრუქციული ოპოზიცია, დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ”.

როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უილიამ ჰეიგმა 9 ოქტომბერს განაცხადა, „ახლა დადგა დრო, ყველა მხარემ გვერდზე გადადოს მათ შორის არსებული განსხვავებები, ერთობლივად შეუდგეს ახალ პარლამენტში მუშაობას და ახალი მთავრობის ფორმირების პროცესს. თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი ჭეშმარიტი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილებია”.

არჩევნების შედეგები დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, „რათა უზრუნველყონ, რომ ახალარჩეულმა პარლამენტმა თავისი ფუნქციები ორგანიზებულად და კონსტრუქციულად შეასრულოს, დემოკრატიული და კონსტიტუციური ნორმების შესაბამისად”, – აღნიშნეს მიმართვაში ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფოს – ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

დასავლური მედია საქართველოში ხელისუფლების ცვლილების პროცესს აქტიურად ეხმაურება. დემოკრატიული პოლიტიკური ნების მორიგი გამოხატვა შეერთებული შტატებისთვისაც გამარჯვებაა, – წერს 6 ოქტომბერს The New York Times-ი. როგორც სტატიაშია აღნიშნული, მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდი რეგიონული სტაბილურობის გარანტიას და მეტად მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის.

„დემოკრატია მართლაც მარშით მიიწევს წინ, არა საგარეო ჩარევითა და რევოლუციით, არამედ პოლიტიკური ცხოვრების მშვიდი განვითარებით”, – წერს გამოცემა. თუმცა, ავტორის აზრით, ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე, რომ „ყველაფერი კარგად არ წარიმართება”. ამიტომაც, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში ხელისუფლების გადაბარების პროცესში ჩართული უნდა იყოს და უნდა შეეცადოს შეაკავოს „ივანიშვილის ცუდი პოლიტიკური ინსტინქტები”, ანუ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნები და შურისძიების შესაძლო სურვილი.

ბიძინა ივანიშვილის პიროვნულ თვისებებზე და შემაშფოთებელ ქცევაზე არჩევნების შემდეგ, იგივე გამოცემა 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში ამახვილებს ყურადღებას. ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში ხელისუფლების სათავეში მოვიდა „კარჩაკეტილი ოლიგარქი”, რომელიც აქამდე საკუთარ სამყაროში ცხოვრობდა და ხელოვნების ნიმუშების შეგროვებითა და ზებრების მოშენებით იყო დაკავებული.

გამოცემა აღნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ, პირველივე საათებში, ივანიშვილმა დასავლეთი შეაშფოთა – საჯაროდ ურჩია სააკაშვილს გადამდგარიყო. „როგორც ჩანს, მას არ ესმოდა, რომ [ეს განცხადება] დასავლურ დედაქალაქებში პანიკას გამოიწვევდა”, – აღნიშნავს ავტორი.

მას მოჰყავს თბილისში დანიის კონსულის ესბენ ემბორგის კომენტარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შეახსენებს, რომ მან არა ბრძოლა, არამედ არჩევნები მოიგო: „მოსახლეობის 50 პროცენტს მისთვის ხმა არ მიუცია. ვიღაცამ უნდა უთხრას მას: ეს არ არის გამარჯვებული ადამიანის საქციელი, ეს პატარა ადამიანის საქციელია”.

საქართველოში პოსტსაარჩევნო რისკებზე Financial Times-იც წერს. 5 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში გამოცემა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი საფრთხე საარჩევნო პროცესის დასრულებას და ახალი მთავრობის ფორმირებას უკავშირდება.

„პრეზიდენტმა სააკაშვილმა მაღალი შეფასება დაიმსახურა საკუთარი პარტიის მარცხის გაცილებით ადრე აღიარებით, ვიდრე არჩევნების საბოლო შედეგები გამოცხადდებოდა”, – წერს გამოცემა. ამავე დროს, ავტორი მოსალოდნელ პრობლემებს ივანიშვილის მთავრობის საქმიანობაში ხედავს. ქართული ოცნების გუნდი, მისი აზრით, ერთმანეთთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება, რომელთა შორის „ნაციონალისტური ელემენტებიც” არიან. ივანიშვილი ამტკიცებს, რომ „კარგი მენეჯერია”, თუმცა პოლიტიკა ბიზნესი არ არის, – წერს Financial Times-ი.

ავტორი კითხულობს, რამდენად შეძლებს ქართული ოცნება გაუმკლავდეს რევანშის სურვილს, რომელიც ტიპურია პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის? რის მაგალითადაც უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრება მოჰყავს.

ივანიშვილის მიერ წარდგენილი მომავალი კაბინეტის

წევრები და კანდიდატები სხვა თანამდებობებზე

 

პრემიერმინისტრი – ბიძინა ივანიშვილი

თავდაცვის მინისტრი და პირველი ვიცეპრემიერი – ირაკლი ალასანია (ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები).

რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცეპრემიერი – კახა კალაძე (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო).

შინაგან საქმეთა მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო).

იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი (ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები).

საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო).

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი – ამირან გამყრელიძე.

სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით კირვალიძე.

სასჯელაღსრულების მინისტრი – სოზარ სუბარი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო).

კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი – გურამ ოდიშარია (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო).

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო).

სახელმწიფო მინისტრი ევროპის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში – ალექსი პეტრიაშვილი (ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები).

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში – პაატა ზაქარეიშვილი (რესპუბლიკური პარტია).

სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში – კოტე სურგულაძე (ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები).

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი – ნოდარ ჯავახიშვილი (ეროვნული ფორუმი).

მთავარი პროკურორი – არჩილ კბილაშვილი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო)

გენერალური აუდიტორი – რევაზ შავიშვილი (ეროვნული ფორუმი).

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები