მთავრობა

ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა

ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა. კოალიციის ლიდერმა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ქართუ ბანკის გენერალური დირექტორის, გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარადგინა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატად დავით ნარმანია დასახელდა. აღნიშნულ პოსტზე ამ დრომდე კახა კალაძის კანდიდატურა იყო დასახელებული, თუმცა იგი ამჯერად ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატია. კალაძე აგრეთვე, კვლავ წარდგენილია ვიცე-პრემიერად.

ბიძინა ივანიშვილმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე ნოდარ ხადურის კანდიდატურა დაასახელა, განათლების და მეცნიერების მინისტრის - გიორგი მარგველაშვილის, გარემოს დაცვის - ხათუნა გოგალაძე, ხოლო ლტოლვილთა და განსახლების - დავით დარახველიძის კანდიდატურა.

ჯანდაცვის მინისტრად დავით სერგეენკო დასახელდა, რომელიც ამ დრომდე საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელობდა. აღნიშნულ პოსტზე თავდაპირველად წარდგენილმა ამირან გამყრელიძემ თანამდებობაზე უარი თქვა, თუმცა იგი რჩება პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ჯანდაცვის სფეროში.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მომავალში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაიშლება, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი ეკონომიკის სამინისტროს შეურთდება, ასევე, ჩამოყალიბდება რეგიონული განვითარების სამსახური, რომელიც პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების ლიდერმა მინისტრობის სხვა კანდიდატების ვინაობა 8 ოქტომბერს დაასახელა. შინაგან საქმეთა სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი; თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ალასანია (ამავე დროს ვიცე-პრემიერი); იუსტიციის სამინისტრო - თეა წულუკიანი; სასჯელაღსრულების სამინისტრო - სოზარ სუბარი.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო - დავით კირვალიძე; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო - ლევან ყიფიანი; საგარეო საქმეთა სამინისტრო - მაია ფანჯიკიძე; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - გურამ ოდიშარია.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - კოტე სურგულაძე; ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი; გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორი - რევაზ შავიშვილი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - ნოდარ ჯავახიშვილი; გენერალური პროკურორი - არჩილ კბილაშვილი.

 

კომენტარები