ახლო აღმოსავლეთი

სალაფიტების აღმასვლა

0 კომენტარი

რადიკალი სალაფიტები აშშ-ის დროშას წვავენ. იორდანია
უკანასკნელ პერიოდში ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალი ისლამისტები მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ გმირებად აქცია. ფილმ „მუსლიმთა უმანკოების” ირგვლივ ატეხილმა ტალღამ მთელი ისლამური სამყარო მოიარა და ექსტრემისტების მომენტი წარმოშვა. სალაფიტების აღმასვლა არაბული გაზაფხულის გაუთვალისწინებელ შედეგად იქცა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 9 სექტემბერს ერთ სალაფიტურ არხზე ამერიკელების მიერ გადაღებულ ფილმზე ალაპარაკდნენ. ორი დღის შემდეგ, ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ჯიჰადისტთა თავდასხმას აშშ-ის ელჩის სიცოცხლე შეეწირა, კაიროში დემონსტრაციებზე კი ალ-ყაიდას დროშა აფრიალდა. ეგვიპტური პროტესტის დაგეგმვაში მონაწილეობა ალ-ყაიდას ლიდერის, აიმან ალ-ზავაჰირის ძმამ მიიღო. შემზარავი რეფრენი „ობამა, ჩვენ ყველა ოსამა ვართ” არაბული ქალაქების ქუჩების კედლებზე გამოჩნდა. ეგვიპტის პრეზიდენტმა კი დემონსტრანტებს სოლიდარობა გამოუცხადა.

ეს მოვლენები სალაფიტური მოძრაობის აღზევების შემადგენელი ნაწილია. გამოცემა TIME-ის სიტყვებით, სალაფიტები არიან არაბული გაზაფხულის სარეველები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებითა და სუსტი ხელისუფლებით გამდიდრებულ ნიადაგზე აღმოცენდნენ. სალაფიზმი უფრო მეტად ცხოვრების სტილია, ვიდრე რელიგიური და პოლიტიკური მოძრაობა, ეს არის ისლამის ინტერპრეტაცია, რომელსაც მოდელად მუჰამედის და მისი მიმდევრების პირველი თაობების დროს არსებული ისლამური რწმენა და პრაქტიკა მიაჩნია. თავად სიტყვა „სალაფ” „წინაპარს” აღნიშნავს. სალაფიტთა რწმენით, ამ მაგალითს უნდა მისდევდეს ყველა მუსლიმი, რადგან ეს პერიოდი თავის წმინდა ფორმებში ისლამის ოქროს ხანას წარმოადგენს.

სალაფიზმი თანმიმდევრულ მიმდინარეობად XIV საუკუნეში ჩამოყალიბდა, როგორც რეაქცია ისლამის წარმოსახულ კორუფციულ ინსტიტუტებზე. მან უარყო ყველა სუნიტური სკოლა, დაგმო სუფისტური ტრადიციები და სქოლასტიკური თეოლოგია. სალაფიტთა რწმენით, მუსლიმებისთვის მმართველობის ერთადერთი მართებული სისტემა შარიათის სამართალზე არის დაფუძნებული. XVIII საუკუნეში ისლამური სამყაროს სხვადასხვა ნაწილში სალაფიზმი არნახულად პოპულარული გახდა, განსაკუთრებით არაბეთის ნახევარკუნძულზე, სადაც ვაჰაბიზმის სახელით ცნობილი წარმატებული სალაფიტური მოძრაობა დღესაც ინარჩუნებს სიძლიერეს.

XX საუკუნეში, არაბულ სამყაროში ნაციონალიზმის აღმავლობის პერიოდში, სალაფიზმი ნაკლებად აქტუალური გახდა. 1950-იან და 60-იან წლებში სალაფიტზე პოპულარული არაბული წარმოდგენა იყო საგანგებო სამოსში გამოწყობილი ღრმად მორწმუნე, რომელიც ადგილობრივ მეჩეთთან ნაწერებს არიგებდა და ერთმორწმუნეებს ისლამის ჭეშმარიტი გზიდან გადახვევას საყვედურობდა. მათი რეტროგრადული მსოფლმხედველობა ხშირი დაცინვის საგანი იყო იმდროინდელ ეგვიპტურ კომედიებში. სალაფიტების სწავლების აპოლიტიკური ხასიათის გამო ხელისუფლება მათ არ სდევნიდა და მუსლიმური საძმოს ალტერნატივად წარმოაჩენდა. მათგან განსხვავებით, მუსლიმი ძმები სოციალურ და პოლიტიკურ აქტივიზმს მისდევდნენ და რეჟიმის მტრებად მიიჩნეოდნენ.

1970-იან წლებში, ნავთობის ფასებზე ბუმის შემდეგ, არაბულმა კონსერვატიულმა ისტებლიშმენტმა სალაფიტური მოძრაობის ხელშეწყობა წამოიწყო. საუდის არაბეთში გადმოინაცვლა ეგვიპტეში ხელისუფლებისგან დევნილმა ბევრმა ისლამისტმა იდეოლოგმა. მათ შორის უფრო რადიკალურად განწყობილი საიდ ქუთბის მიმდევრები, ვაჰაბიზმთან სიახლოვის გამო, უფრო წარმატებულები აღმოჩნდნენ და დიდი გავლენა მოახდინეს ალ-ყაიდას ჩამოყალიბებაზე.

ეგვიპტეში მდიდარი მფარველების წყალობით სალაფიტებმა საკუთარი მეჩეთები და სემინარიები გახსნეს, დიდი რაოდენობით ლიტერატურა გაავრცელეს და ღარიბ მოსახლეობაში ქველმოქმედება დაიწყეს. ქვეყანაში, სადაც თითქმის ნახევარი სიღარიბის ზღვარს მიღმა ახლაც ცხოვრობს, სალაფიტების რიტორიკა სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის შესახებ, მორალურად გაბანკროტებული რეჟიმის მაცდურ ალტერნატივად ჟღერდა.

არაბული გაზაფხულის დაწყება და ტაჰრირის მოედნის გამოსვლები სალაფიტმა ლიდერებმა თავდაპირველად დაგმეს, როგორც „აჯანყება” სახელმწიფოს წინააღმდეგ. მოგვიანებით მათ პოლიტიკა გამოაცხადეს აუცილებელ ბოროტებად, რომელშიც სალაფიტს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, თუ უარეს საფრთხეს აარიდებს მოსახლეობას. სალაფიტებისთვის ახალი ვითარების ფორმირების პროცესში მიღებულმა სარგებელმა საკუთარ პრინციპებზე კომპრომისის დანაკარგი გადასწონა. ამასთან, მათ არ სურდათ ქვეყანა მუსლიმური საძმოს და სეკულარისტების შეხედულებებისთვის მიენდოთ. პოლიტიკაში ჩასართველად სალაფიტებს მუსლიმი ძმების მსგავსად პრაგმატული გზის არჩევა მოუხდათ. მათ შარიათის შემოღების აუცილებლობისკენ მოწოდებებზე უარის თქმა და რელიგიური გრძნობების შერბილება მოუწიათ.

სალაფიტური მოძრაობა ყველაზე წარმატებული ეგვიპტეში აღმოჩნდა, სადაც მისი წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოს მეოთხედს შეადგენენ. სხვა არაბულ ქვეყნებში ისინი მოსახლეობის უფრო ნაკლებ პროცენტს წარმოადგენენ და შესაბამისად, გავლენაც ცოტა აქვთ. ტუნისში ხელისუფლებაში მყოფმა ზომიერმა ისლამისტებმა მხოლოდ მცირე ხნის წინ მისცეს სალაფიტებს პარტიის შექმნის უფლება, რის გამოც ისინი ქვეყნის პარლამენტში ვერ მოხვდნენ. ამის ნაცვლად, ტუნისში სალაფიტი აქტივისტები დასავლური დეკადანსის სიმბოლოებს თავს ესხმიან (ბარები, სამხატვრო გამოფენები, კონცერტები) და პოლიციელებთან ხშირი შეტაკება აქვთ.

სალაფიტების აქცია აშშ-ის საელჩოსთან. იორდანია
ლიბიელი სალაფიტები ორგანიზაციულად ტუნისისა და ეგვიპტის ანალოგიურ მოძრაობებს შორის იმყოფებიან. ეგვიპტისგან განსხვავებით, ლიბიაში მათ ცენტრალიზებული ინსტიტუტები არ აქვთ და მობილიზება უჭირთ. ამის გამო, სალაფიტურმა სამმა პარტიამ არჩევნებით მხოლოდ ერთი ადგილის მოპოვება შეძლო. ლიბიელი სალაფიტები ვანდალურად ეპყრობიან ადგილობრივი წმინდანების საფლავებს. ამის გარდა, მათ ჯიჰადისტურად განწყობილ ნაწილს აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმა და ელჩის მკვლელობა მიეწერება.

საარჩევნო პროცესში ჩართვამ სალაფიტებს ზომიერებისკენ გადანაცვლება აიძულა. ეგვიპტეში მათი პარტიის, ნურის პლატფორმა უნივერსალურ დემოკრატიულ პრინციპებს აღიარებს და ეკონომიკური პრივატიზაციის მომხრეა. საგრძნობლად შერბილდა მათი რიტორიკა ქალებთან და კოპტებთან მიმართებით, ხოლო პარტიის ლიდერი პირბადის იძულებით ტარებასა და სანაპიროების დახურვას მხარს აღარ უჭერს. პარტია გაცხადებულად პატივს სცემს ისრაელთან ხელშეკრულებას, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მიდგომა არაპოპულარულია ამომრჩევლებში.

პოლიტიკა კვლავ ანათემას წარმოადგენს ჯიჰადისტურად განწყობილი სალაფიტებისთვის, რომლებიც „პოლითეისტური” მთავრობების გადაგდებას ესწრაფვიან. სალაფიტების უმეტესი ნაწილის პოლიტიკაში ჩართვის დადებითი მხარე ის არის, რომ ამით მიზნების მისაღწევად უფრო ნაკლებად მიმზიდველი გახდება ძალადობრივი ალტერნატივები. ისლამური ქვეყნების ლიდერებისთვის სალაფიტების პოლიტიკური რეპრესიები არაკეთილგონივრულია. როგორც თურქეთში ისლამისტების გამოცდილება აჩვენებს, ღია დემოკრატიულ სისტემაში მათი რეალური მონაწილეობა პოზიციების მნიშვნელოვან გადაფასებას იწვევს.

სალაფიტების პოლიტიკაში მონაწილეობის მეორე მხარე ის არის, რომ ამით ალ-ყაიდას მსოფლმხედველობის გამზიარებლები კანონიერად ახერხებენ პოლიტიკურ არენაზე ყოფნას. ეგვიპტელი სალაფიტების ერთ-ერთი ფინანსური საყრდენი, ქუვეითური ორგანიზაცია „ისლამური მემკვიდრეობის საზოგადოების აღორძინება”, 2008 წლამდე ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნეოდა ალ-ყაიდას დაფინანსების გამო. 1981 წელს პრეზიდენტ ანვარ სადათის მკვლელობის დამკვეთი ჯგუფის წევრების მიერ დაარსებული პარტია ეგვიპტური პარლამენტის ქვედა პალატაში ცამეტი წევრითაა წარმოდგენილი. ანალოგიურად, ლიბიაში მუამარ კადაფის რეჟიმის დაცემის შემდეგ, ალ-ყაიდასთან დაკავშირებული პიროვნებები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნის პოლიტიკაში.

ეგვიპტის პრეზიდენტ მუჰამედ მორსის მიერ სამხედრო წრეებისთვის ძალაუფლების წართმევის შემდეგ, სალაფიტები მისგან მინისტრთა კაბინეტის პოზიციებს ელოდებოდნენ და მორსის უარმა მათი განრისხება გამოიწვია. ანტიისლამურმა ფილმმა მათ ქუჩაში გამოსვლის და დემონსტრაციების გამართვის შესაძლებლობა მისცა. სავარაუდოა, რომ ისინი, როგორც მათი თანამოაზრეები ისლამურ სამყაროში, მსგავს შემთხვევებს მომავალშიც აქტიურად გამოიყენებენ.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ახალარჩეული ლიდერები, როგორიც მორსია, ფუნდამენტალისტებთან ბრძოლაზე რამდენიმე მიზეზის გამო აცხადებენ უარს. ესენია: ანტიისლამისტის იარლიყი, წინა დიქტატორებთან შედარების რისკი, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების არსებობა. ლიდერები მომავალ არჩევნებს ელოდებიან, თუმცა როგორც გასულმა კვირებმა არაბულ სამყაროში აჩვენა, დაპირისპირების დროს სალაფიტები არჩევენ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები