ფერწერა

როტერდამის მუზეუმიდან ცნობილი ტილოები მოიპარეს

როტერდამში, გალერეადან „კიუნსტჰალი“ მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების ცნობილი მხატვრების ნამუშევრები მოიპარეს. ხელმძღვანელობის განცხადებით, მოპარულია ანრი მატისის „გოგონა, რომელიც კითხულობს“, პაბლო პიკასოს „არლეკინის თავი“, კლოდ მონეს ორი ტილო და პოლ გოგენის, ლუსიენ ფროიდის და მეიერ დე ჰაანის ნახატები.

მუზეუმში მძარცველები ღამით შეიპარნენ. პოლიციის განცხადებით, ძარცვა წინასწარ კარგად იყო მომზადებული. ჯერჯერობით დამნაშავეების ვინაობა გარკვეული არ არის - პოლიცია ვიდეოჩანაწერების შესწავლის და სავარაუდო მოწმეების ძიების პროცესშია.    

ნახატები გამოტანილი იყო გამოფენაზე, სახელად `Avant-Gardes`, რომელიც მუზეუმში შვიდ ოქტომბერს გაიხსნა და Triton Foundation-ის პირადი კოლექციის 150-ზე მეტ ტილოს მოიცავდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, გალერეის ხელმძღვანელობამ გამოფენა უკვე დახურა. 

კომენტარები