ბანკი

სახალხო ბანკის ყოფილი მფლობელები განცხადებას აღარ გააკეთებენ

სახალხო ბანკის ყოფილმა მფლობელებმა დღეისთვის დაგეგმილი საგანგებო განცხადების გაკეთება გადაიფიქრეს. ბანკის ერთ-ერთმა ყოფილმა აქციონერმა გიორგი გოგუაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრესკონფერენციის დაანონსების შემდეგ მათ ლიბერთი ბანკის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და დიალოგი შესთავაზეს. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ყოფილი მფლობელები შეფასებებისგან თავს შეიკავებენ და ლიბერთი ბანკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებენ განცხადებას.

"დღევანდელი ხელისუფლებისგან არის მოწოდება, რომ ყველანაირი გაუგებრობა მოგვარდეს მოლაპარაკებების გზით, ამიტომ ჩვენც ვფიქრობთ, რომ ამ გზით სჯობს საუბარი". - აღნიშნა გოგუაძემ.

სახალხო ბანკის ყოფილი მფლობელები ირინა ჯინჭარაძე, ალიონა კოვალენკო და გიორგი გოგუაძე დღეს ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადების გაკეთებას აპირებდნენ. მათი თქმით, ისინი ქონების დასაბრუნებლად ბრძოლას იწყებდნენ.

სახალხო ბანკი მისმა დამფუძნებლებმა 2009 წელს დათმეს. ბანკი 12,51 მილიონად გაიყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბრიტანულმა საინვესტიციო ჯგუფმა შეიძინა. 2009 წელს ბანკს სათავეში საქართველოს ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი ლადო გურგენიძე ჩაუდგა.

 

კომენტარები