საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ტელეკომპანია პიკ-ს შორის საქმიანი კონტაქტები შეჩერდა

საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელეკომპანია პიკ-თან საქმიან კონტაქტებს აჩერებს - განცხადებას ამის შესახებ მაუწყებლის გენერალური დირექტორი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 15 ოქტომბერს პიკის თანამშომელთან ნაწილმა „ თვითნებურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის ეთერში გამოხატა პროტესტი ვითომცდა ხელფასების დაგვიანების მიზეზით“.

განცხადებისვე მიხედვით, ამას დაემატა ისიც, რომ მოხდა მაუწყებლის მესამე არხის ტელესიგნალის არასანქცირებული აწევა იმ სატელიტზე, რომელთანაც საზოგადოებრივ მაუწყებელს შეწყვეტილი ჰქონდა ურთიერთობა - რის გამოც საზოგადოებრივ მაუწყებელს შესაძლოა წარმოექმნას გაუთვალისწინებელი ხარჯები. პიკთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, სატელევიზიო სიგნალის სატელიტზე აწევა საზოგადოებრივი მაუწყებლის ექსკლუზიური უფლებაა.

 „ამავე ხელშეკრულებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებაა ის კონტენტიც, რასაც ხედავს საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის მაყურებელი. ამ კონტენტის გამოყენება ტელეკომპანიის თანამშრომლების მიერ შიდასაწარმოო დავაში საკუთარი პრეტენზიების გამოსახატად კატეგორიულად დაუშვებელია და ასევე ხელშეკრულების პირობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს“ - ნათქვამია განცხადებაში.

ამ პრობლემის შესახებ მაუწყებელმა 16 ოქტომბერს კომპანიის მენეჯმეტს აცნობა და გაფრთხილება მისცა. 18 ოქტომბერს მაუწყებელს ტელეკომპანია "პიკის" გენერალურმა დირექტორმა მომართა თხოვნით, რომ კომპანიის პარტნიორებთან შეთანხმებით შეჩერებულიყო მაუწყებელსა და "პიკს" შორის არსებული ხელშეკრულებები და დაწყებულიყო მოლაპარაკებები.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამ თხოვნას მაუწყებელი წერილობით გამოეხმაურა და ურთიერთობების შემდგომ გარკვევამდე შეაჩერა "პიკთან" საქმიანი კონტაქტები.

 

 

კომენტარები