საკუთრების უფლება

ახალი ხელისუფლება - ძველი კათოლიკური ტაძრები

ოქტომბერს, კულტურის მინისტრობის კანდიდატმა, გურამ ოდიშარიამ განაცხადა, რომ იმ კათოლიკური ტაძრების სამართლებრივი სტატუსის შესასწავლად, რომლებიც ამჟამად მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაშია, შესაძლოა, სპეციალური კომისია შეიქმნას.

„ამ პრობლემების შესახებ ვიცი, მაგრამ ჩვენ ახლა ვცდილობთ და როდესაც ჩამოვაყალიბებთ ჩვენს სტრუქტურას, ყველა მიმართულებით აუცილებლად შეიქმნება საბჭო, კომისია, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს. ჩემი სუბიექტური აზრი დღეს არაფერს არ ამბობს. მთავარია, ამ დღეებში, ან ერთი-ორი კვირის შემდეგ ამუშავდება კომისია, რომელიც შეისწავლის ამ საკითხს ღრმად. ჩვენი პირველი მოთხოვნა იყო და არის ის, რომ სამართლიანად, კანონის შესაბამისად უნდა გადაწყდეს ეს ყველაფერი“, - განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

კათოლიკე მღვდლის, მამა აკაკი ჭელიძის განცხადებით, მას არ აქვს ილუზია, რომ ისტორიულ პატრონს ტაძრებს ასე მარტივად გადასცემენ - „მე მხოლოდ შემიძლია ვიმედოვნო, რომ ყველაფერი სიმართლისა და სამართლის შესაბამისად გადაწყდება“.

კათოლიკური თემი წლებია ხუთი ტაძრის გადმოცემას მოითხოვს. ისინი ამიერკავკასიის კათოლიკურ ადმინისტრაციას გასაბჭოებისას ჩამოართვეს და 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სახელმწიფომ საპატრიარქოს მიაკუთვნა. ტაძრები, რომელთაც სადავოდ მოიხსენიებენ, ქუთაისში, გორში, ბათუმში, უდესა და ივლიტაში დგას. მათგან ზოგიერთი მძიმე მდგომარეობაშია: ამ დროისთვის ამოშენებულია კანკელი და წაშლილია ფრესკების მნიშვნელოვანი ნაწილი. განადგურებულია ის წარწერებიც, რომელიც ტაძრების კათოლიკურობას უსვამდა ხაზს.

კათოლიკეებმა ვარდების რევოლუციამდე ქუთაისის კათოლიკური ტაძრის დასაბრუნებლად სასამართლოსაც მიმართეს. მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. საკულტო ნაგებობა კვლავ საპატრიარქოს დარჩა.

ამიერკავკასიაში კათოლიკე ეკლესიის კანცლერი, მამა აკაკი ჭელიძე ამბობს, რომ აღნიშნული ეკლესიების არაკათოლიკურად გამოსაცხადებლად სინდისზე გადაბიჯებაა საჭირო. „ტაძრები თავად მეტყველებენ საკუთარ პატრონზე. ამის მიხვედრა დიდ ფანტაზიას არ საჭიროებს. შედით ბათუმის კათედრალში და დარწმუნდებით, რომ იქიდან კათოლიკური კვალის წაშლა მხოლოდ მისი სრულად დანგრევის შემთხვევაშია შესაძლებელი“. მამა აკაკის თქმით, სახელმწიფოს ავტორიტეტული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ წასვლის სურვილი არ ჰქონდა. კანცლერი იტალიის ყოფილი პრემიერის, ჯულიო ანდრეოტის სიტყვებს იხსენებს: „პოლიტიკოსებს ღმერთი არ უყვართ, ის ხომ ამომრჩეველი არ არის“. ამ სიტყვებით ის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფოზე გავლენას უსვამს ხაზს.

ოცი წლის მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ რესტიტუციის საკითხი სისტემატურად ხვდებოდა როგორც სახალხო დამცველის, ისე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში, სახელმწიფომ კათოლიკეთა საკულტო ნაგებობების პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო. მან მხოლოდ ახალციხეში, რაბათის ისტორიულ უბანში მდგარი მეთვრამეტე საუკუნის ეკლესიის ნანგრევების დაბრუნება მოახერხა ისტორიული პატრონისთვის. ამას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა - რაბათის ტაძარი არ იყო მართლმადიდებელთა საკუთრებაში და, ამასთან, იმ პერიოდში სახელმწიფოს ვატიკანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავება სჭირდებოდა. სამი ქვეყანა, რომელმაც აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, კათოლიკურია. საქართველოს პრეზიდენტი რაბათის ტაძრის გადაცემის შემდეგ, ვატიკანში გაემგზავრა, იქიდან კი ლათინურ ამერიკაში გაფრინდა. ცოტა ხნის წინ რაბათის კათოლიკური ტაძრის გარშემო ბენედიქტელი დების მონასტერი გაიხსნა.

აქამდე კომისიის შექმნა რესტიტუციის პროცესის შესაფერხებლად გამოიყენებოდა. კათოლიკურ-მართლმადიდებლური კომისია 2004 წელს შეიქმნა, თუმცა მან საკითხის ადგილიდან დაძვრა ვერ მოახერხა. საქართველოს საპატრიარქო უარს ამბობს კათოლიკეებისთვის ტაძრების დაბრუნებაზე და სახელმწიფო ორი ათწლეულია უუნაროა, დაიცვას მოცემული რელიგიური ჯგუფის საკუთრების უფლება.

წინა ხელისუფლება საპატრიარქოს ნების წინააღმდეგ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ნაბიჯს ვერ დგამდა. მიუხედავად იმისა, რომ წინა წელს, საპატრიარქოს წინააღმდეგობის მიუხედავად, რელიგიური ჯგუფებისთვის რეგისტრაციის წესი მან მაინც შეცვალა. თავად მართლმადიდებელი ეკლესია კი კომისიებს იმისთვის აარსებდა, რომ პრობლემა არ მოგვარებულიყო. ასეთი კომისია, შარშან, ყოველთა სომეხთა პატრიარქის, გარეგინ მეორის საქართველოში ვიზიტის შემდეგაც შეიქმნა. მას უნდა შეესწავლა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მდგარი ექვსი ტაძრის სომხურობა, რომელთა საკუთრებაში გადაცემასაც სომხეთის სამოციქულო ეკლესია წლებია მოითხოვს, ისე სომხეთის ჩრდილოეთში მდგარი იმ ტაძრების ქართულობა, რომელზე პრეტენზიასაც საპატრიარქო აცხადებს. ბუნებრივია, შედეგი არც ამ კომისიას დაუდია, ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პროცესი კი კიდევ უფრო გაიწელა.

ყველა მიუკერძოებელი მხარისთვის ნათელია, რომ როგორც კათოლიკეთა, ისე სომხური ეკლესიის ქონების ბედი მხოლოდ იმიტომ არის „სადავო“, რომ საქართველოს საპატრიარქოს სურს მისი სადავოდ ქცევა. ყველა ეს ტაძარი ვიზუალურადაც კი შეუძლებელია მართლმადიდებლური გვეგონოს.

მამა აკაკი ჭელიძე ამბობს, რომ მას ესმის ამჟამინდელი მდგომარეობა. ისინი მართლმადიდებლებისთვის მითვისებული ტაძრების მყისიერად წართმევას და კათოლიკეებისთვის გადმოცემას არ მოითხოვენ, თუმცა სურთ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. „მართლმადიდებელი ეკლესია ამ ტაძრებში წირვა-ლოცვას წლებია აღავლენს, პირველ ეტაპზე, ჩვენ მათ დაბრუნებას და მრევლისთვის ტაძრის წართმევას არც მოვითხოვთ. ჩვენ გვსურს, ეს ტაძრები აღიარებულ იქნას კათოლიკურად და შემდეგ, ეტაპობრივად გადმოგვეცეს, მოძმე ეკლესიის მრევლს უეცრად ღვთისმსახურებისთვის საჭირო სივრცის პრობლემა რომ არ შეექმნას“.

ამ პირობებში, კულტურის მინისტრობის კანდიდატის მიერ კომისიის შექმნის მცდელობა, როცა მისი პოლიტიკური გუნდი საკუთრების უფლების დაცვის ეგიდითაც მოვიდა ხელისუფლებაში, სკეპტიკურობის საფუძველს ნამდვილად იძლევა. ისმის სამართლიანი კითხვა - შეძლებს თუ არა ახალი ხელისუფლება ქვეყნის ყველაზე სანდო რელიგიური ინსტიტუტის ნების წინააღმდეგ წასვლას იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქეების უფლებები დაიცვას?

კომენტარები