Doing Business

საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგის პირველ ათეულში ხვდება

საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში Doing Business-ის კვლევის 2013 წლის მონაცემების პრეზენტაცია ჩატარდა. 
ვახტანგ ლეჟავამ და კახა ბენდუქიძემ მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, აღსანიშნავია, რომ პირველად ისტორიაში, საქართველო - განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა - მოხვდა საერთაშორისო რეიტინგის ათეულში ისეთ განვითარებულ ეკონომიკებთან ერთად, როგორებიცაა, მაგალითად, სინგაპური, ჰონგკონგი, ახალი ზელანდია, ამერიკის შეერთებული შტატები, დანია, ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო და სხვა. 
2002 წლიდან მსოფლიო ბანკი Doing Business-ის რეიტინგით 183 ქვეყანაში ბიზნესკლიმატს აფასებს. ქვეყნები 10 კომპონენტის მიხედვით ფასდება. მხედველობაში მიიღება ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმები და ქვეყანაში არსებული პრაქტიკა.  
საქართველოში ბიზნესკლიმატის შეფასება მსოფლიო ბანკმა 2004 წლიდან დაიწყო. 2004-2006 წლებში ქვეყანა 112-ე ადგილზე იმყოფებოდა, 2007 წლიდან 37-ზე გადაინაცვლა. Doing Business-ის რეიტინგის 20-ში მოხვედრა კი საქართველომ 2009 წელს მოახერხა.  2012 წელს განხორციელებულ რეფორმებს მსოფლიო ბანკმა მაღალი შეფასება მისცა და, შედეგად, საქართველომ მე-16  ადგილიდან მე-9-ზე  გადაინაცვლა. ამ პროგრესის შესახებ ანგარიშშივეა მითითებული, სადაც ვკითხულობთ - „საქართველო 2005 წლიდან ინარჩუნებს საუკეთესო რეფორმატორის სტატუსს“. 

კომენტარები