პროტესტი

Vivere Civile?

წლის 4 ივნისი, შაბათი. ქალაქი პეტერბურგი. ილია ჭავჭავაძე წერს ლექსს სახელად „ელეგია”. „ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!”, აღმოხდება პოეტს. ეს მესიჯი დროს გაუძლებს; მაგრამ, მისი ბედი ასეთი იქნება: მუდმივი ციტირება ძილ-ბურანში.

ქართული პროტესტი მეტად უცნაური რამაა. ის ყოველთვის ნახევრად მთვლემარე პოზიციაში იმყოფება: ხანდახან ხდება, უფრო ხშირად კი – არა. ეს პირველ რიგში იმით აიხსნება, რომ ქართული პროტესტი შერჩევითია. მაგალითად, პროტესტი – ან, სულ მცირე, პროტესტის განცდა – ფაქტობრივად ყოველთვის ადგილზეა, როდესაც საქმე წარმოსახვით მტერთან გვაქვს, მაგრამ არა ყოველთვის მაშინ, როდესაც საქმე ჩვენს უშუალო რეალობას, ჩვენს ჰაბიტატს ან ჩვენივე თანამოქალაქეებს ეხება.

საქართველოს საზოგადოება ჩვეულებრივ მზადაა გამოხატოს პროტესტი ფაქტობრივად ნებისმიერი ფსევდოპატრიოტული თუ ფსევდომართლმადიდებლური მოწოდების კვალდაკვალ. მაგრამ, პროტესტს არამც და არამც არ გამოვხატავთ კულტურული მემკვიდრეობის ნგრევასთან დაკავშირებით; არც მაშინ, როდესაც ჩვენი, ქართული საზოგადოების უმრავლესობის სახელით ჩვენივე, ქართული საზოგადოების, უმცირესობებს შეურაცხყოფას აყენებენ; და, მაგალითად, არც იმის თაობაზე, რომ სტატისტიკურად, საქართველოში 77 ათასამდე ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

ეს სოციალური ემპათიის ნაკლებობას უკავშირდება, ისევე როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების არარსებობას. მაგრამ, არსებობს მესამე მიზეზიც – საწყისები, (და)საწყისები – რომლებიც ინფინიტივში ჩამხრჩვალან და გაგრძელებას ვერ ჰპოვებენ.

მაგალითისთვის საკმარისია გადავხედოთ ბოლო პერიოდის სიახლეებს. ახლახან ბევრი ჩვენგანი აღშფოთდა, როდესაც მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) ჟურნალისტს სცემა. შედეგად, ბევრი კანონის უზენაესობას მოითხოვდა. და შემდეგ ყველა გაჩუმდა. ჩვენ დავინტერესდით და შევშფოთდით მაშინ, როდესაც სტამბოლში აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი განიხილებოდა. მაგრამ, შემდეგ გავჩუმდით. ჩვენ თავზარი დაგვცა კახელი ჩვილის გარდაცვალებამ. მაგრამ, საბოლოოდ, ამ ამბავმაც იგივე ბოლო იწვნია: დუმილი. რაშია საქმე?

ვფიქრობ, აქ შეხება, უპირველეს ყოვლისა, რეალობის აღქმის პრობლემასთან გვაქვს. დავუბრუნდეთ ივნისის პეტერბურგს და გავიხსენოთ, რომ ქართული საზოგადოება ის საზოგადოება გახლავთ, რომელსაც მის მიერვე ლამის გაღმერთებული ერთი მწერალი ჯერ კიდევ საუკუნე-ნახევრის წინ რიტორიკულად ეკითხებოდა: „როსღა გეღირსოს შენ გაღვიძება?” და რომელსაც ჯერ კიდევ სძინავს.

ბუნებრივია, „ელეგიაში” ილია ჭავჭავაძე ძილის მხოლოდ მეტაფორას გამოიხმობს. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია „ძილი” მეტაფორისგან განვათავისუფლოთ და ამ პროცესში საშველად დიმიტრი უზნაძეს მივმართოთ. ის კი გვეტყვის შემდეგს: „ძილი, როგორც ცნობილია, მართლადაც გარემოსადმი ინდიფერენტულობაში, მის მიმართ ინტერესის უქონლობაში მდგომარეობს”.

ჩვენი გარემო კი ჩვენი აწმყოა, ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. შესაბამისად, ძილი აქ აწმყოსთან მიმართებაში ინდიფერენტულობას, მის აღუქმელობას ნიშნავს. ეს ის დრო გახლავთ, როდესაც „მძინარე ორგანიზმი, ასე ვთქვათ, თავისთვისაა და გარე სიტუცია – თავისთვის: რაც არ უნდა მოხდეს ამ უკანასკნელში, ორგანიზმი ამას არავითარ ანგარიშს არ გაუწევს, თითქოს არც კი არსებობდეს მისთვის”.

სწორედ აწმყოსადმი ინდიფერენტულობა განაპირობებს იმას, რომ ფაქტობრივად ყოველთვის არის მომენტალური, გულმხურვალე და ემოციური საწყისები, მაგრამ იშვიათად ადეკვატური გაგრძელება, ან – კონკრეტული ბოლოები. აწმყოსადმი ინდიფერენტულობაა იმის საბაბიც, რომ საქართველოს საზოგადოება არ არის ჩართული საკუთარი რეალობის შექმნაში.

მაგალითად, მსოფლიო ღირებულებათა კვლევის ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოს საზოგადოების მხოლოდ 1% არის პოლიტიკური პარტიის წევრი, მხოლოდ 2% – პროფესიული კავშირის წევრი, ხოლო ჰუმანიტარული ან საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრია – 0%.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს – სამოქალაქო ჩართულობის ასეთი სავალალო დეფიციტის მიუხედავად – რესპონდენტთა 65% საკუთარ თავს მაინც მიიჩნევს ადგილობრივი თემის წევრად.

შესაბამისად, ცხადია, რომ თანამედროვე ქართულ წარმოსახვაში საზოგადოების წევრობის იდეა არც რეალობასთან კონკრეტული სახის კავშირის დამყარებას და არც მასზე ზემოქმედების სურვილს გულისხმობს. სწორედ ეს გახლავთ ის ინერტულობა, რომელიც ჩვენებურ ძილ-ბურანს დღემდე ასაზრდოებს.

მაგრამ ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, ძილი კრთება, ის იღვიძებს. ეს გამოღვიძება სამოქალაქო პროტესტის უპრეცედენტო ტალღის აგორებაში გამოიხატა, რამაც რამდენიმე კვირის წინ სრულიად ქვეყნის მასშტაბით იჩინა თავი.

ეს პროტესტი მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომაა, რომ რეალობის პირდაპირი წაკითხვის და მასზე ზემოქმედების მძლავრი სურვილის შედეგი იყო. პროტესტის ამ აქტით – რომელსაც აქ პირობითად „გამოღვიძებას” ვუწოდებ – პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართულმა საზოგადოებამ დააფიქსირა, რომ მას გააჩნია ძალაუფლების კრიტიკის რეალური პოტენციალი. ეს მნიშვნელოვანი და მისასალმებელია.

მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიკითხოთ, თუ რა სახის გამოღვიძება იყო ეს. რეალურად ეს პროტესტი მხოლოდ გაჯავრებული გამოღვიძება გახლდათ, რომელიც უფრო მეტად ირაციონალურ ჯავრს ემყარებოდა, ვიდრე პროტესტის შინაგანი პოზიტიურობის გააზრებას.

საერთოდ, იმ დღეებში ბევრი ჩვენგანი გაჯავრდა, აბობოქრდა და რისხვად იქცა. სხვაგვარად, ალბათ, შეუძლებელიც კი იყო. მაგრამ, პროტესტის გაჯავრებული ხასიათის მიღმა ერთი სერიოზული საფრთხე იმალება: გაჯავრება გაქრობადია, მინავლებადი.

დროის მსვლელობასთან ერთად, ერთ რეჟიმს მეორე ანაცვლებს, სისტემა კი არ ინგრევა, არამედ უბრალოდ ნაცვლდება ახალი – შესაძლოა უკეთესი, ან უარესი – სისტემით, ისევე როგორც სისტემურობის ახლებური ხედვით. ხსენებული საფრთხე თავს რეალურად სწორედ მაშინ იჩენს, როდესაც სამოქალაქო რისხვა მინავლდება, ხოლო რეჟიმი, როგორც ყოველთვის, განაგრძობს არებობას.

„ვარდების რევოლუციის” წარმატება დიდწილად სწორედაც რომ ერთ ემოციურ გამოღვიძებას ემყარებოდა. მაგრამ შემდეგ, ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ ხან გვადარდებდა, ხან კი – არა. საქართველოს საზოგადოება ჯავრდებოდა მხოლოდ სპორადულად. დროთა განმავლობაში იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საზოგადოების ერთ ჯგუფს ერთი რამ აღელვებდა, სხვას კი სხვა მიმართულებით უშლიდა დარდს.

სწორედ აწმყოსადმი ინდიფერენტული მიდგომა გახდა იმ პოლიტიკური რეალობის შექმნის საბაბი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას დროთა განმავლობაში აღარ მოეწონა; იმ რეალობისა, რომლის წინააღმდეგაც მან საბოლოოდ არჩევანი გააკეთა. თავის მხრივ, სწორედ აწმყოსადმი ინდიფერენტულობამ მიიყვანა ყოფილი მმართველი ძალა იმ არასასურველ პოლიტიკურ შედეგამდე, რომელიც მან ახლახან იწვნია.

ამიტომ აუცილებელია, დროულად გავაქროთ ილუზია, რომ ბოლო გაჯავრებული გამოღვიძება შესაძლოა იმ სახის გამოღვიძებად აღვიქვათ, რომელიც ჯანსაღ დემოკრატიას აუცილებლად უნდა ახასიათებდეს. და თუ შევთანხმდებით, რომ ყველა ილუზია საშიშია, მაშინ სამართლიანად აღვნიშნავთ, რომ ეს ილუზია სავსებით სავალალო იქნება.

გამოღვიძება ჩვენთვის ჯერ კიდევ მომავლის პერსპექტივაა და არა აწმყოს ფაქტი. სანამ ჩვენ, როგორც საქართველოს საზოგადოება, საწყისებს, (და)საწყისებს არ გავცდებით, რეალური პროგრესის პოტენციალი მხოლოდ თეორიულ არეს შემორჩება, ხოლო პრაქტიკაში იმეფებს ტრადიციული ძილ-ბურანი.

დღეს ქართული საზოგადოების უმთავრესი გამოწვევა მომენტალური და ემოციური პროტესტის ფაზიდან, ჯანსაღი და მუდმივი კრიტიკის ფაზაში გადასვლაა. სწორედ ასე უნდა დაინგრეს ის მენტალური სისტემები, რომლებმაც დროთა განმავლობაში ბევრისთვის ცალსახად არასასურველი რეალობა შექმნა. სწორედ ასე და ამით უნდა დაიძლიოს ჩვენში აქამდე გამეფებული პოლიტიკური და კულტურული ერთიდაიგივეობა.

ეს კი მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ჩვენ გაგვიჩნდება საკუთარ რეალობაზე გაბატონების, მისი ფლობისა და განსაზღვრის ლეგიტიმური სურვილი, რაც არა მხოლოდ კონკრეტული რეჟიმის კრიტიკას, არამედ პოზიტიურ სამოქალაქო ჩართულობასაც გულისხმობს.

მაკიაველურ ლექსიკონში, vivere civile სამოქალაქო და პოლიტიკური ცხოვრების ისეთ პრაქტიკას ნიშნავს, რომელიც განუყრელად ეფუძნება აქტიურ მოქალაქეობას. სად და რით იწყება ამგვარი პრაქტიკა? პოტენციურად, აქ და ამ წამს; მეთოდოლოგიურად: აწმყოს რეალობასთან და მის მენტალურ თუ პოლიტიკურ რეჟიმებთან საზოგადოებრივი დაპირისპირების (და, შესაბამისად, აქტიური საზოგადოებრივი ჩართულობის) მეშვეობით.

სიფხიზლე, როგორც ძილის საპირისპირო პოლუსი, სწორედ აქ და ამით იწყება. და არა ემოციური ჯანყით ძილ-ბურანში.

 

 

 

კომენტარები