ისრაელი

ისრაელში ნაადრევი არჩევნები გამოცხადდა

0 კომენტარი
ისრაელის პრემიერმინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ 2013 წლის დასაწყისში ნაადრევი არჩევნები დანიშნა. სავარაუდო გამარჯვება მას საშუალებას მისცემს, დაამტკიცოს სასურველი ბიუჯეტი და მიიღოს განახლებული მანდატი ირანთან შესაძლო კონფრონტაციის წინ. 2009 წლიდან არსებული ნეთანიაჰუს მთავრობა ვადის დასრულებისას ისრაელის ისტორიაში ბოლო ორ ათწლეულში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდება.

საარჩევნო კამპანიის წამყვანი თემები ქვეყნის ეკონომიკა და ეროვნული უსაფრთხოება გახდება, პალესტინურ მხარესთან სამშვიდობო პროცესი კი ამჯერად პოლიტიკურ დღის წესრიგში უმნიშვნელო ადგილს იკავებს.

წინასაარჩევნოდ მმართველი პარტია ლიკუდი დამაჯერებელ უპირატესობას ფლობს და ქნესეთში კუთვნილი ადგილების გაზრდას ადვილად შეძლებს. ნეთანიაჰუს პირადი რეიტინგი დანარჩენი ლიდერებისას საგრძნობლად აღემატება. ანალიტიკოსთა თქმით, არჩევნების მთავარი თემა არა ნეთანიაჰუს გამარჯვებაა, არამედ ის, თუ ვისთან შეკრავს ალიანსს. ტრადიციული მოკავშირეების, მემარჯვენე და რელიგიური პარტიების ნაცვლად, ბიბიმ შესაძლოა კოალიცია ცენტრთან ერთად შექმნას და ირანთან დაპირისპირების წინ „ეროვნული ერთობის” მთავრობა ჩამოაყალიბოს.

წინასაარჩევნო დებატებში ნეთანიაჰუს საფირმო საკითხი ბირთვული ირანი იქნება. რამდენიმე კვირის წინ, გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას, მან ირანის ბირთვულად გადაქცევის შესაჩერებლად კრიტიკულ დედლაინად შემდეგი წლის ზაფხული დაასახელა. მაღალრისკიანი ქმედების დაწყების წინ კი ნეთანიაჰუს განახლებული საარჩევნო მანდატი ესაჭიროება. აშშ-ის არჩევნების შედეგი შესაძლოა აგრეთვე იყო ნაადრევი არჩევნების დანიშვნის ფაქტორი. ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ბიბის შესაძლებლობა მიეცემა კვლავ გააგრძელოს ირანთან აგრესიული მიდგომა.

ნეთანიაჰუს და მისი პარტიის ოპონენტები ნაკლებად ხელსაყრელ მდგომარეობაში არიან. ცენტრისტული კადიმას რეიტინგი წინა არჩევნების შემდეგ უაღრესად დაცემულია და ადრინდელი ხმების მესამედსაც ვერ იღებს. განახლებულ ლეიბორისტულ პარტიას უძღვება ყოფილი ჟურნალისტი შელი იახიმოვიჩი, რომელიც სოციალური კეთილდღეობის საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას და უსაფრთხოების მხრივ რწმუნებულობა არ აქვს.

ბევრი ქნესეთში ლეიბორისტებს ადგილების გაორმაგებას და, შესაბამისად, ყველაზე დიდ ოპოზიციურ ჯგუფად გარდაქმნას უწინასწარმეტყველებს. მეორე ადგილს უმიზნებს საგარეო საქმეთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი თავისი მემარჯვენე პარტიით ისრაელ ბეიტეინუ, რომელიც ნეთანიაჰუს ტრადიციული უმცროსი პარტნიორია. თავდაცვის მინისტრის, ეჰუდ ბარაკის დამოუკიდებელი პარტია კი ალბათ მხოლოდ რამდენიმე ადგილს მოიპოვებს. ახალი პოლიტიკური ერთეულია ყოფილი სატელევიზიო კომენტატორის იაირ ლაპიდის ცენტრისტული პარტია იეშ ატიდი, რომელსაც, წინასწარი კვლევებით, 11-17 ადგილის მოპოვების შანსი აქვს.

საარჩევნო კამპანიის პროცესში ისრაელის პოლიტიკაში შეიძლება მოხდეს ორი ყოფილი პრემიერმინისტრის დაბრუნება. 2006-2009 წლებში ისრაელის პრემიერს და კორუფციული სკანდალის გამო გადამდგარ ეჰუდ ოლმერტს მომხრეები განიხილავენ ნეთანიაჰუს ერთადერთ მოწინააღმდეგედ, რომელიც მემარცხენე-ცენტრისტულ ბანაკს გააერთიანებს. თუმცა მიმდინარე სასამართლო პროცესი, სადაც ოლმერტს მექრთამეობა ბრალდება, მის შანსებს ამცირებს. კიდევ ერთი უაილდ ქარდია პარტია კადიმას ყოფილი ლიდერი ციპი ლივნი, რომელმაც, შესაძლოა, ახალი პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბოს ან ლეიბორისტებს შეუერთდეს.

პრემიერმა ნეთანიაჰუმ მაისშიც გამოაცხადა არჩევნების ნაადრევად დანიშვნის შესახებ. მაშინ მან მოულოდნელად, მომდევნო დღეს შეცვალა გადაწყვეტილება, როდესაც კადიმას ლიდერთან, შაულ მოფაზთან მთავრობის შესაქმნელად შეთანხმებას მიაღწია. პარტნიორობა ორ თვეს გაგრძელდა, სანამ ულტრაორთოდოქსი სტუდენტების სამხედრო სამსახურზე აზრთა სხვადასხვაობის გამო არ დასრულდა. თავად მოფაზი მომავალ არჩევნებს უწოდებს ნეთანიაჰუს მთავრობის შეცვლის შესაძლებლობას. როგორც არ უნდა განვითარდეს საარჩევნო პროცესი, ამჯერად ის უაღრესად პერსონიფიცირებული იქნება.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნოე სულაბერიძე

კომენტარები