ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილი: კონსტიტუციის ნაწილი ახლავე უნდა შეიცვალოს

პრემიერმინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ ერთპიროვნული მმართველობა გამოირიცხოს, ახლავე კონსტიტუციის შესაბამისი ნაწილის შეცვლა და ქვეყნის მმართველობის სათანადო მოდელის შექმნაა საჭირო. ამის შესახებ ქართული ოცნების ლიდერმა მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით მიმდინარე პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ამ ცვლილებებს ჩვენ მივიღებთ მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი განხილვის საფუძველზე. გადაწყვეტილებების მიღებისას, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ყველა გონივრულ მოსაზრებას და ინტერესს. კონსტიტუციით იქნება დადგენილი ისეთი მმართველობის მოდელი, რომელიც სახელმწიფოს სტაბილურობას უზრუნველყოფს. ჩვენი მთავრობისათვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი და მთავრობის პროგრამაც სწორედ ამ პრინციპებით არის შემუშავებული. ჩვენ ვიზრუნებთ თითოეულ ადამიანზე, ყველა დანაპირებს შევასრულებთ და ვაჩვენებთ ხალხს, რომ ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება ვართ. ვიზრუნებთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნების რიგში ჩადგეს“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა სამთავრობო პროგრამაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქართული ოცნების პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკის კუთხით, ევროკავშირში გაერთიანებისკენ სწრაფვა, ევროატლანტიკური ორიენტაცია და NATO-ში ინტეგრაციაა. მისი თქმით, ახალი მთავრობის მთავარი მიზანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია იქნება.

„ჩვენ მოვძებნით გზებს აფხაზებთან და ოსებთან სალაპარაკოდ. საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მივაღწევთ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას ეკონომიკური და კულტურული მიმართულებებით. ასევე გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციის კუთხით. შეუქცევადი გახდება ქვეყნის გამთლიანების პროცესი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები