ფელიქს ბაუმგარტნერი

ფელიქს ბაუმგარტნერის სასიკვდილო ნახტომი

0 კომენტარი

წლის 14 ოქტომბერს აშშ-ის საჰაერო ძალების მფრინავმა, ჩაკ იგარმა, ექსპერიმენტული რეაქტიული საფრენი აპარატით, Bell XS-1-ით ზებგერითი სიჩქარე – 1299 კმ/სთ განავითარა და პირველი ადამიანი გახდა პლანეტაზე, რომელმაც ეს სიმბოლური ბარიერი დაძლია. მას შემდეგ ზებგერითი თვითმფრინავები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, თუმცა 65 წლის განმავლობაში ადამიანები მრავალჯერ ეცადნენ, ეს სიჩქარე თავისუფალი ვარდნის პირობებში, ყოველგვარი რეაქტიული მოწყობილობის დახმარების გარეშე განევითარებინათ. მაგრამ ამაოდ. ყველაზე ახლოს ამ ნიშნულამდე 1960 წელს ჯო კიტინგერი მივიდა. იგი 31,3 კმ სიმაღლიდან გადმოხტა და ფრენის განმავლობაში მისმა მაქსიმალურმა სიჩქარემ 1149 კმ/სთ-ს მიაღწია, თუმცა ზებგერითი ნიშნული მან მაინც ვერ გადალახა. მისი რეკორდი 52 წლის განმავლობაში რჩებოდა უცვლელი.

ავსტრიელმა პარაშუტისტმა, ფელიქს ბაუმგარტნერმა 5 წლის წინ თავზეხელაღებული მიზანი დაისახა. მას შემდეგ, რაც კუალა-ლუმპურის ცათამბჯენიდან, „პეტრონას ტაუერიდან” და რიო დე ჟანეიროს ცნობილი ქრისტეს ქანდაკებიდან გადმოხტა, თვით ჯო კიტინგერსაც არ შეპარვია ეჭვი უშიშარი ფელიქსის მიზანდასახულობაში, ამიტომ მისი მთავარი მრჩეველობა იტვირთა. ბაუმგარტნერის განზრახვა მისმა თანაქალაქელმა, ზალცბურგელმა მილიარდერმა, დიტრიხ მატეშიცმა დააფინანსა და ასე დაიწყო ათწლეულის პროექტი „Red Bull Stratos”. პროექტში NASA-ც ჩაერთო, ჯამში კი ამ პროექტზე სულ 300-მდე მეცნიერი და ინჟინერი მუშაობდა ხუთწლიან პერიოდში. NASA-ს მონაწილეობამ ერთი-ორად გაზარდა პროექტის მნიშვნელობა, ვინაიდან მას პასუხი უნდა გაეცა მრავალი სამეცნიერო მნიშვნელობის შეკითხვისთვის, მათ შორის მთავარისთვის – რა მოსდის ადამიანის სხეულს ზებგერითი ბარიერის გადალახვის დროს?!

პროექტის ფარგლებში ინჟინრებს მრავალი ტექნოლოგიური სიძნელის გადალახვა მოუხდათ. უმთავრესი პრობლემა ისეთი სკაფანდრის დამზადება იყო, რომელიც თავისუფალი ვარდნის აჩქარებას, ატმოსფერული წნევის რამდენჯერმე შემცირებას და ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას გაუძლებდა. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო, რომ სკაფანდრის წონას ხელი არ შეეშალა მანევრირებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნახტომი შეიძლება თვითმკვლელობის ტოლფასი გამხდარიყო.

სპეციალურად ამ პროექტისთვის ჰელიუმით გაჟღენთილი უზარმაზარი საჰაერო ბურთი დამზადდა, რომელმაც უშიშარი ავსტრიელი 39 კილომეტრ სიმაღლეზე აიყვანა. მთელი გზის განმავლობაში ბაუმგარტნერი ჰერმეტულ კაფსულაში იჯდა და ჯო კიტინგერის გამამხნევებელი სიტყვები ჩაესმოდა ყურში. ბოლოს, მნიშვნელოვანი მომენტიც მოახლოვდა და ყველას სუნთქვა შეეკრა... ბაუმგარტნერმა კაფსულის კარი გააღო, დედამიწას თვალი გაუსწორა და გადახტა. მან თავისუფალი ვარდნის პირობებში 4 წუთი 22 წამი იფრინა, 1342 კმ/სთ სიჩქარე განავითარა და პირველმა კაცობრიობის ისტორიაში, საკუთარი ძალებითა და გრავიტაციის დახმარებით ზებგერითი ნიშნული გადალახა.

ფელიქს ბაუმგარტნერის ნახტომს განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა მედიაში, სოციალურ ქსელებსა და ტექნოლოგიურ ბლოგებზე. ზოგი ბაუმგარტნერს უწოდებს გმირს, რომელმაც მეცნიერების რწმენა დაუბრუნა ხალხს, ზოგი ამ ნახტომში ცირკის ელემენტებს ხედავს, ზოგი Red Bull-ის მონაწილეობას აპროტესტებს და სამეცნიერო მიღწევებს ეჭვქვეშ აყენებს. თუმცა, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ერთი რამ უდავოა: უზუსტესმა გამოთვლებმა და სანდო ტექნოლოგიებმა სიცოცხლე არამხოლოდ ავსტრიელ პარაშუტისტს შეუნარჩუნა – სწორად ეს გამოთვლები და ტექნოლოგიებია იმის გარანტი, რომ მომავალში მრავალი ასტრონავტი დაბრუნდება შინ უვნებელი. ეს კი უფრო მეტია, ვიდრე „ერთი უბრალო ნახტომი”. ეს დიდი სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევაა, რომლითაც შეგვიძლია ვიამაყოთ!

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები