კვლევა

ყველაზე მოთხოვნადი დამსაქმებლების ტოპ ასეული

 Linkedln-მა შრომის ბაზარზე 100 ყველაზე მოთხოვნადი დამსაქმებელი გამოავლინა. როგორც შედეგები აჩვენებს, ყველაზე პოპულარული სექტორი ტექნოლოგიები და პროგრამული უზრუნველყოფაა: რეიტინგში შესული 100 ტოპ კომპანიიდან 21 სწორედ ამ სექტორს განეკუთვნება.

თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრების იმდენად განუყოფელი ნაწილი გახდა, რომ მის გარეშე ბევრ ჩვენგანს უბრალოდ ვეღარ წარმოუდგენია. ყველა – მათ შორის ისინიც კი, ვისაც ტექნოლოგიურ სიკეთეებზე სხვადასხვა მიზეზით ხელი ნაკლებად მიუწვდება, თანხმდება, რომ ტექნოლოგიების გარეშე მსოფლიო რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა. პლანეტის მცხოვრებთა უმეტესობა ისეთი დოზით იყენებს ტექნოლოგიებს (მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, WiFi, მანქანა და ა.შ.), რომ თუნდაც წინა ათწლეულთან შედარებით, ეს საგნები ფუფუნებად აღარ ითვლება და დღევანდელობის გარდაუვალ აუცილებლობად გადაიქცა.

რატომ არის ტექნოლოგია ამდენად მნიშვნელოვანი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საკმარისია თქვენ ირგვლივ მიმოიხედოთ. დროის ყოველ მომენტში ტექნოლოგიით ხართ შემოსაზღვრული. რასაც უნდა აკეთებდეთ – მუშაობდეთ თუ ისვენებდეთ, ტექნოლოგიას ყოველთვის იყენებთ. ასე ცხოვრება იოლდება. ტექნოლოგია გვჭირდება.

პერსონალური კომპიუტერის გარეშე სამუშაოს მოძებნა ძალიან რთულია. ბევრი ბიზნესი დღეს უკვე ვაკანსიებს ინტერნეტში ათავსებს და მათთვის, ვისაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვს, სამუშაოს მოძებნა გაცილებით დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ზოგიერთი სამუშაოს შესასრულებლად ოფისში ყოფნა სავალდებულო აღარ არის: ბევრი ბიზნესი საკუთარ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლებას აძლევს. ამ ტიპის სამუშაო ადამიანს შესაძლებლობას უქმნის დამატებითი შემოსავალი მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ ერთი სამსახურიდან მიღებული შემოსავალი მცირეა და არ აკმაყოფილებს. როგორც სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში დასაქმებულები, როგორც წესი, მაღალ ხელფასებს იღებენ.

100 ყველაზე მოთხოვნადი დამსაქმებლის რეიტინგის შესადგენად, Linkedln-მა ინფორმაცია თავისი 175 მილიონი მომხმარებლის ბაზის დეტალური შესწავლის საფუძველზე შეაგროვა, მომხმარებელთა გამოსაკითხად სპეციალური კითხვარები გამოიყენა. პარალელურად კი დამქირავებელთა პროფილებიც შეისწავლა: გაეცნო კომპანიების მოთხოვნებს, შეისწავლა რამდენად ღიაა თითოეული კომპანია ახალი კადრების ასაყვანად და მათი კარიერის განვითარებას რა პირობებს უქმნის. შემდეგ Linkedln-მა ეს ინფორმაცია კომპანიის ზომისა და სხვა გარე ფაქტორების შესაბამისად დაალაგა და ასე მიიღო ტოპ ასეულის ჩამონათვალი, რის შემდეგაც დამსაქმებლის მოთხოვნები თავის ბაზაში დარეგისტრირებული მომხმარებლების დასაქმებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს შეუსაბამა. საბოლოოდ, დამსაქმებლებსა და დასაქმების მსურველებს შორის 15 მილიარდ ინტერაქციაზე დაკვირვებით, გამოავლინა ტენდენცია, თუ ვის მიიჩნევენ Linkedln-ზე დარეგისტრირებული პროფესიონალები საუკეთესო დამსაქმებლად და აქედან გამომდინარე, რა ტიპის საქმიანობაა ყველაზე მოთხოვნადი.

კვლევამ აჩვენა, რომ დასაქმების კუთხით განსაკუთრებით მიმზიდველია ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს. ამ სფეროში ყველაზე მოთხოვნადი დამსაქმებელი კომპანია

Google-ი აღმოჩნდა. იქ მუშაობა განსკუთრებით უნდათ მათ, ვისაც მარკეტინგი აინტერესებს, ასევე პროგრამირება და მაღალი ტექნოლოგიების დარგში ახალი პროგრამების დანერგვა და განვითარება იზიდავს. Google-ში მუშაობით დაინტერესებულია სტუდენტების ყველაზე დიდი რაოდენობა. Apple-ი და Microsoft-ი რეიტინგში მეორე და მესამე ადგილზე მოხვდნენ, ხოლო Facebook-ი მეოთხეს დასჯერდა. Twitter-ი ოცეულში შევიდა.

რეიტინგში მაღალი ტექნოლოგიების კომპანიების წარმატება გასაგებია: Linkedln-ი სოციალური ქსელია. ამასთან, რეიტინგს ის თავის მომხმარებელთა ბაზაზე დაყრდნობით აგებს. ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ქსელს იყენებს, სავარაუდოდ, ტექნოლოგიებთან მიმართებაში თავს კომფორტულად გრძნობს, შესაბამისად, იმ კომპანიებით არის დაინტერესებული, ვისაც ამ სექტორის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს.

მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგანან დღეს ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიები, საკმარისი რაოდენობის გამოცდილი და ნიჭიერი მუშახელის პოვნაა. ამდენად, კონკურენტულ გარემოში კომპანიის უნარს, მოიძიოს და მოიზიდოს ასეთი კადრი, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ამ მიმართულებით კვლევა ორ საინტერესო ტენდენციას ავლენს. პირველი, ძლიერი სამომხმარებლო ბრენდი მნიშვნელოვანი აქტივია, თუმცა არც ისეთი, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს: რეიტინგში მაღალი ადგილები დაიკავეს კომპანიებმა, რომელთა ბრენდი ძალიან ძვირი ღირს, მაგალითად, PepsiCo, Coca-Cola, Nike, Disney. თუმცა მათ არ ჩამორჩება ისეთი პროფესიონალური სერვისის კომპანიაც, როგორიც არის, მაგალითად, Deloitte. და მეორე, დიდი არ ნიშნავს უკეთესს: დიდი გლობალური ბრენდები რეიტინგში საკმაო რაოდენობით არიან წარმოდგენილნი, თუმცა ტოპ 100 კომპანიის თითქმის ნახევარი შედარებით მცირე ზომის ფირმაა, სადაც 7 ათასამდე თანამშრომელი მუშაობს.

 

კომენტარები