აშშ

ბენღაზის სკანდალმა შესაძლოა ობამას რეიტინგი შეიწიროს

0 კომენტარი
აშშ-ის საკონსულო თავდასხმის შემდეგ. ბენღაზი, 2012 წლის სექტემბერი

წლის 11 სექტემბერს ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე ტერორისტული აქტი განხორციელდა, რასაც ოთხი ამერიკელი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ სტივენსიც იყო.

ობამას ადმინისტრაციისთვის დანაკარგის აღიარებაზე მეტად ყველაზე რთული აღმოჩნდა ისეთი ვერსიის მოფიქრება, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად მტკივნეულად მიიღებდა წინასაარჩევნო სენსიტიურ პერიოდში. ოფიციალური ვერსიის თანახმად, ანტიისლამური ფილმის, „მუსლიმთა უმანკოების” საწინააღმდეგოდ მიმართული პროტესტი იმდენად უკონტროლო გახდა, რომ გამძვინვარებული დემონსტრანტები საკონსულოს თავს დაესხნენ. ყველაფერი იმდენად „სპონტანურად” მოხდა, რომ ვინმეს დადანაშაულება ძნელია.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ახლო აღმოსავლეთში ჯერ არცერთი პროტესტი არ მომხდარა სპონტანურად და თავდასხმები ალ-ყაიდას ან მასთან შეკრული ტერორისტული ჯგუფების მიერ ყოველთვის წინასწარ გათვლილი და დამუშავებული გეგმის მიხედვით ეწყობოდა. ობამას ადმინისტრაციამ და თავად პრეზიდენტმაც ალ-ყაიდას ხელი მომხდარ შემთხვევაში უარყვეს. ობამამ ამჯერადაც შეგვახსენა მისი პრეზიდენტობის ვადაში მიღწეული გამარჯვება: „ალ-ყაიდა დაცემის პირასაა, რადგან ჩვენ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოვახერხეთ”. თუმცა ბენღაზის მოვლენებს თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ ასე არ არის. პირიქით, ალ-ყაიდას დაინტერესება ლიბიით დღითი დღე იზრდება.

11 ოქტომბერს ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატთა დებატებისას ჯო ბაიდენს ბენღაზის სკანდალზეც მოუწია კომენტარის გაკეთება. მოდერატორმა მარტა რადეზმა აღნიშნა, რომ ბენღაზიში საკონსულოში იმ დღეს „დემონსტრანტები არ იყვნენ” და ბაიდენს სთხოვა აეხსნა, რატომ უკავშირებდა ადმინისტრაცია თავდასხმას აქციის მონაწილეებს. ბაიდენმა პირდაპირ უპასუხა: „რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ის ფაქტებია, რასაც დაზვერვა გვეუბნებოდა. ხოლო მას შემდეგ, რაც მეტი ფაქტები აღმოაჩინეს, სახელმწიფო დეპარტამენტმა დამოკიდებულება შეცვალა”.

მარტა რადეზმა 28 სექტემბერს ეროვნული უსაფრთხოების დანაყოფის სპიკერის შონ ტერნერის მიერ გაკეთებული განცხადება იგულისხმა, სადაც ტერნერმა აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმა მიაწერა ანტიმუსლიმური ფილმის პროტესტანტთა ეგზალტირებულ მასას, რომელიც თურმე უმართავი გახდა. ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქმე კარგად დაგეგმილ და გამიზნულ ტერორისტულ აქტთან გვქონდა.

Newsweek-ის მიხედვით, აშშ-ის აგენტურა ჯიჰადისტებსა და ალ-ყაიდას მუჰაჯირებს სატელიტით უსმენდა. ამერიკელებმა იცოდნენ ყველა დეტალი, აქტის მომწყობების ადგილმდებარეობაც კი. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები მუდმივ კონტაქტზე იყვნენ ბენღაზიში აშშ-ის სადაზვერვო აგენტებთან. 12 სექტემბრის New York Times-ი წერდა: „ამერიკელმა და ევროპელმა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ თავდასხმის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამაა ბუნდოვანი. თუმცა ფაქტია, რომ მათ, ვინც საკონსულოზე თავდასხმა განახორციელა, აშკარად ეტყობოდათ – მაღალ დონეზე გაწვრთნილები და უახლესი ტექნიკით შეიარაღებულნი იყვნენ. თვითონ თავდასხმა კი საფუძვლიანად დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული ტერორისტული აქტი იყო”.

დემოკრატების წარმომადგენელმა ადამ სმიტმა დაადასტურა მოსაზრება, რომ ყველაფერი ეს წინასწარ დაგეგმილი აქტი იყო და არა დემონსტრანტების მიერ სპონტანურად განხორციელებული ქმედება.

ეს განცხადებები ადრე გაკეთდა, ხოლო 16 სექტემბერს Fox news-ს ინტერვიუ გაეროს ელჩმა, სიუზენ რაისმა მისცა, სადაც ლიბიაში საკონსულოზე თავდასხმა ფილმ „მუსლიმთა უმანკოებას” დაუკავშირა. ამის შემდეგ ბარაკ ობამამ იგივე გაიმეორა დევიდ ლატერმანის შოუში: „საზოგადოებამ იხილა ვიდეო, რომელიც წინასწარმეტყველი მუჰამედის გაქილიკებას ემსახურებოდა მიზნად. ამან ისლამური სამყარო განარისხა, რასაც მოჰყვა პროტესტების ტალღა. ჩვენ ვგმობთ თავდასხმებს. ფილმი ექტრემისტებმა და ტერორისტებმა გამოიყენეს იმისთვის, რომ თავს დასხმოდნენ ჩვენს საელჩოებს ახლო აღმოსავლეთში, ბენღაზიში თავდასხმას კი ელჩის სიცოცხლე შეეწირა”.

„ობამამ დააგვიანა ფაქტზე რეაგირება. მას თავდასხმისთვის ტერორისტული აქტიც კი არ უწოდებია”, – განაცხადა რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა მიტ რომნიმ. ABC-ის კორესპონდენტის, ერიკ ნორშტონის თქმით, ორი ვარიანტი არსებობს: დაზვერვას ჰქონდა ბენღაზიში მომხდარი თავდასხმის დეტალური სურათი და თეთრი სახლის მაღალჩინოსნებს საკმარისი ინფორმაცია ვერ მიაწოდა, ან დაზვერვამ სრულად მიაწოდა ინფორმაცია თეთრ სახლს, ხოლო ობამამ, კლინტონმა, ბაიდენმა და სიუზენ რაისმა გადაწყვიტეს, მათთვის სასურველი და, ამავდროულად, ნაკლებად მტკივნეული ვერსია შეეთავაზებინათ საზოგადოებისთვის.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები