აშშ

მიტ რომნი vs. ბარაკ ობამა

მეორე რაუნდი

აშშ-ში საპრეზიდენტო კანდიდატების რიგით მეორე დებატები შედგა

აშშ-ში საპრეზიდენტო კანდიდატების რიგით მეორე დებატები შედგა
ნიუ იორკის შტატში მდებარე ჰოფსტრას უნივერსიტეტში საპრეზიდენტო კანდიდატების რიგით მეორე დებატი გაიმართა. საპრეზიდენტო კანდიდატები ამჯერად ამომრჩეველთა შეკითხვებს პასუხობდნენ.

ბარაკ ობამა, წინა დებატისგან განსხვავებით, უფრო თავდაჯერებული გახლდათ და აგრესიული სტილით გამოირჩეოდა. ამჯერად მას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა, რომ რომნისთვის შეეტია. მიტ რომნი მშვიდად იგერიებდა ოპონენტს და ფოკუსირებული იყო თავის გეგმებსა და ხედვაზე. CNN-ის გამოკითხვის შედეგად, ობამამ 46-ით 39 მოიგო. თუმცა რომნი მასზე ბევრად წინ იყო ეკონომიკაში – 58-40 და დეფიციტის გადაჭრის თავისი გზით 59-36.

ობამამ მხოლოდ პერფორმანსი მოიგო. სამწუხაროა, რომ ამერიკელები ჯერ კიდევ მსახიობურ ნიჭს და შოუს აფასებენ, – განაცხადა ფრენკ ლანცმა CNN-დან. კითხვაზე – „ვის შეუძლია ამერიკისთვის უკეთესი მომავლის შეთავაზება?” – ხალხი ფიქრობს, რომ ეს სწორედ მიტ რომნია (18-16 რომნის სასარგებლოდ). მას უკვე უწოდეს თავდაჯერებული, რეალისტური მომავალი პრეზიდენტი.

„თუ მე ამირჩევენ პრეზიდენტად, ავამუშავებ ამერიკას. მე შევძლებ აღვადგინო დაბალანსებული ბიუჯეტი. შევძლებ იმას, რაც პრეზიდენტმა ობამამ ვერ შეძლო. მე უზრუნველვყოფ ჯანდაცვისა და სოციალური უსაფრთხოების რეფორმების გატარებას, რათა შევუნარჩუნოთ ისინი მომავალ თაობებს. პრეზიდენტი ამასაც დაგპირდათ, მაგრამ არ გააკეთა. მე შევძლებ გავზარდო შემოსავლები. მე შევძელი ეს, როგორც გუბერნატორმა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ შევძლებ როგორც პრეზიდენტი”, – განაცხადა რომნიმ.

კითხვაზე, რა განასხვავებს მას პრეზიდენტ ბუშისგან, რომნიმ აღნიშნა, რომ ის არ არის პრეზიდენტი ბუში და მათ შორის ბევრი განსხვავებაა, მაგალითად, ბიუჯეტის დაგეგმარებასა და გადასახადების განაწილებაში. ობამამ რომნის მისი სკანდალური ფრაზა გაუხსენა, რომ ამომრჩეველთა 47%-ს არასოდეს უმუშავიათ და “დემოკრატებს” აძლევენ ხმას. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რომნი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მხოლოდ მდიდართა ინტერესებს დაიცავს. ამის საპასუხოდ, რომნიმ ობამას ქვეყნის უზარმაზარ საგარეო ვალზე და უმუშევრობის დრამატულად მზარდ ტემპებზე მიუთითა.

ენერგეტიკის, ეკონომიკის, დასაქმებისა და ქალებისათვის თანასწორი ანაზღაურების უზრუნველყოფის საკითხებზე დასმული შეკითხვების შემდეგ, რომნის იმიგრაციის შესახებ ჰკითხეს. მისი თქმით, იგი არ ემხრობა არალეგალი იმიგრანტების ამნისტიას. ლეგალური საიმიგრაციო სისტემა უნდა იყოს ეფექტური და სწორხაზოვანი, რათა პოტენციურ იმიგრანტს ემიგრაციაში წასასვლელად

ადვოკატი არ დასჭირდეს. მან ასევე აღნიშნა კვალიფიციური კადრებისათვის მეტი „მწვანე ბარათების” საჭიროების შესახებაც და პრეზიდენტი ობამა საიმიგრაციო რეფორმის განხორციელების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ამასთან დაკავშირებით, ობამამ აღნიშნა, რომ მან ყველაფერი გააკეთა საიმიგრაციო სისტემის დასახვეწად იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლას კანონიერი გზით ცდილობენ.

დებატები შეეხო ლიბიაში შეერთებული შტატების საკონსულოზე თავდასხმისა და უსაფრთხოების საკითხებსაც. აშშ-ის ელჩის სტივენსის მკვლელობა ერთ-ერთი მწვავე საკითხი იყო. რომნის ჰქონდა შანსი თავს დასხმოდა მეტოქეს, თუმცა პასიური პოზიცია ამჯობინა. ეს გამოიყენა ობამამ, რომელმაც კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციაში მისი წვლილი უზომოა.

ამერიკელები ახალ პრეზიდენტს 6 ნოემბერს აირჩევენ, თუმცა მანამდე კიდევ ერთი დებატი 23 ოქტომბერს, ამჯერად ფლორიდაში უნდა გაიმართოს.

კომენტარები