იტალია

წინასაარჩევნო ციებ-ცხელება იტალიაში

0 კომენტარი

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონი
ივნისში გავრცელებულმა ინფორმაციამ იტალიის ყოფილი პრემიერისა და პარტია თავისუფლების ხალხის (PdL) დამაარსებლის, სილვიო ბერლუსკონის შესაძლო დაბრუნების შესახებ, საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თუმცა 9 ოქტომბერს, მის მფლობელობაში მყოფ ტელეარხ Canale 5-თან ინტერვიუში ბერლუსკონიმ აღნიშნა, რომ არ აპირებს გაზაფხულზე დაგეგმილ არჩევნებში პარტიის კანდიდატობას და მზად არის მხარი დაუჭიროს მარიო მონტის მეორე ვადით პრემიერობას. ამ დღეებში გავრცელებულ კიდევ ერთ ინტერვიუში ბერლუსკონიმ ყველა არამემარცხენე ძალას გაერთიანებისაკენ მოუწოდა, ხოლო კოალიციის ლიდერად მონტი მოიაზრა, როგორც „მუდმივად ლიბერალური ბანაკის წევრი”.

ამ მოწოდებას მალევე გამოეხმაურა ცენტრისტ დემოკრატთა გაერთიანების ლიდერი პიერ ფერდინანდო კასინი, რომელმაც ბერლუსკონის პრემიერობის კანდიდატობის შემთხვევაში მის პარტიასთან რაიმე ტიპის ალიანსი გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ მონტის მიმართ სიმპათიით არის განწყობილი. ამჟამინდელი პრემიერის გარშემო კოალიციის ფორმირებას მიესალმება ფერარის თავმჯდომარე მონტეზემელო, რომელსაც პოლიტიკური პარტიის ფორმირება აქვს განზრახული. გარდა ზემოხსენებული პოლიტიკური ძალებისა, მემარჯვენეთა ბანაკს მიეკუთვნებიან ე.წ. ჩრდილოეთის ლიგა, რომელიც წინა არჩევნებზე ბერლუსკონის მოკავშირედ მოიაზრებოდა, ლიბერალური კონსერვატიზმის ღირებულებების მქონე პარტია – მომავალი და თავისუფლება და ცენტრისტული პარტია – ღირებულებების იტალია.

ბერლუსკონის აზრით, ეს ალიანსი მნიშვნელოვანია გაზაფხულზე დაგეგმილ არჩევნებში მემარცხენეთა დასამარცხებლად, რომლებიც იტალიის პოლიტიკურ სპექტრში ოთხი ძირითადი პარტიით არიან წარმოდგენილნი. ყველაზე პოპულარული დემოკრატიული პარტიაა, ასევე მემარცხენეა კომუნიზმის ხელახალი დაფუძნების პარტია, მემარცხენე ეკოლოგიური თავისუფლება და იტალიელ კომუნისტთა პარტია.

პოლიტიკურ მიმომხილველთა აზრით, გასულმა ოთხმა თვემ ბევრი რამ შეცვალა და საბოლოოდ ბერლუსკონი ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. მილიარდერი პოლიტიკოსი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გადადგა სკანდალებისა და ფინანსური პრობლემების შემდეგ, თუმცა მისმა წასვლამ პარტიის რეიტინგს ვერაფერი უშველა – პოლიტიკური ელიტა სულ უფრო ღრმად აღმოჩნდა ჩაფლული კორუფციასა და სხვადასხვა სახის სკანდალებში. ეს, ბუნებრივია, ნეგატიურად აისახება სილვიო ბერლუსკონის რეიტინგზე, 76 წლის ექსპრემიერის ქარიზმა კი სიტუაციის გამოსასწორებლად საკმარისი აღარაა.

10 ოქტომბერს, პარტიის ერთ-ერთი წევრის კალაბრიული მაფიისგან ხმების მოსყიდვის ბრალდებით დაკავება კიდევ ერთი სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა ბერლუსკონის რეიტინგისთვის. იტალიის სახელმწიფო მაუწყებლის (RAI) მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ პრაიმერის ჩატარების შემთხვევაში ყოფილი პრემიერი დამარცხდებოდა ანჯელინო ალფანოსთან, რომელსაც ბერლუსკონის მთავრობაში იუსტიციის მინისტრის პორტფელი ებარა და, ამავდროულად, პარტია თავისუფლების ხალხის მდივანია. იმავე გამოკითხვების მიხედვით, მთავრობის მეთაურობის კანდიდატობაზე ყველაზე მეტი ხმა სწორედ ამჟამინდელმა პრემიერმა, მონტიმ დაიმსახურა, რომელსაც ბერლუსკონი და მემარცხენე დემოკრატიული პარტიის ლიდერი პიერ ლუიჯი ბერსანი მოსდევენ. არადა, თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, მონტის მსგავსი პოპულარობაც გასაკვირია. გასულ კვირას კიდევ უფრო შეიკვეცა ისედაც შემცირებული ფინანსები ჯანდაცვაზე, რამაც იტალიის ბიუჯეტს დამატებით 11 მილიარდ ევროზე მეტი მოუტანა.

იტალიის მოქმედი პრემიერმინისტრი მარიო მონტი
თუმცა რამდენად იყრის კენჭს მონტი მთავრობის მეთაურობაზე მეორე ვადით, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. იტალიის პრემიერმა არაერთხელ გაიმეორა, რომ არ აპირებს მეორე ვადით აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნას, 27 სექტემბერს კი მონტიმ იმედი გამოთქვა, რომ გაზაფხულზე ჩატარებულ არჩევნებში ერთ-ერთი მხარე დამაჯერებლად გაიმარჯვებს. და იქვე დასძინა – თუ მთავრობის ფორმირებისას კრიზისი შეიქმნა, „მე იქ ვიქნები”-ო. პოლიტიკურ მიმომხილველთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მონტიმ შეიძლება პრეტენზია განაცხადოს პრეზიდენტობაზე, რომლის ვინაობაც ასევე 2013 წელს გაირკვევა.

გასულ პარასკევს, SWG-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვებით, მემარცხენე-ცენტრისტული პარტიების მხარდამჭერთა რაოდენობა 41%-ზე მეტია მაშინ, როდესაც ცენტრისტ-მემარჯვენეებს ერთად მხოლოდ 36% აქვთ. გამოკითხვებმა ასევე აჩვენა, რომ გამოკითხულთა 52%-ს მონტის მეორე ვადით პრემიერად ხილვა არ სურს და მის მიმართ ნდობა 40 პროცენტზე მეტია.

ასე რომ, იტალიაში საარჩევნო ციებ-ცხელება თანდათან აქტიურ ფაზაში შედის. ნოემბრის თვეში დემოკრატიულ პარტიას დაგეგმილი აქვს პრაიმერი, რომლითაც გაირკვევა, თუ ვინ ჩაუდგება პარტიას სათავეში – ბერსანი თუ ფლორენციის მერი, ყოფილი კომუნისტი მატეო რენზი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები