აშშ

ვიცეპრეზიდენტების დებატები: გარდამტეხი ცვლილებები წინა საარჩევნო რეიტინგებში?!

პოლ რაიანი და ჯო ბაიდენი

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდი განსაკუთრებით ცხელ ფაზაში შევიდა. ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, რეიტინგები ხან ამჟამინდელი პრეზიდენტის, დემოკრატი ბარაკ ობამას სასარგებლოდ იხრება, ხანაც რესპუბლიკელების კანდიდატს, მიტ რომნის ანიჭებს უპირატესობას. ხოლო მას შემდეგ, რაც პირველი საპრეზიდენტო დებატის შედეგად ობამას რეიტინგმა შედარებით დაიწია, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატების, დემოკრატი ჯო ბაიდენისა და რესპუბლიკელი პოლ რაიანის დებატი, რომელსაც ბევრად უფრო „დრამატული” უწოდეს საპრეზიდენტოსთან შედარებით.

კანდიდატებს საგარეო და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე მოუწიათ პასუხის გაცემა. რაიანმა ობამას ადმინისტრაცია სამხედრო ხარჯების შემცირებასა და წარმოებული საგარეო პოლიტიკის სისუსტეში დაადანაშაულა, რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ ობამას პერიოდში უფრო მეტი დაიხარჯა სამხედრო სფეროში, ვიდრე ნებისმიერი სხვა პრეზიდენტის დროს.

არსებული მონაცემებით, აშშ თავდაცვაზე უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე სოციალურ უსაფრთხოებასა თუ ჯანდაცვაზე. ფედერალურმა მთავრობამ 2013 წლისთვის 851 მილიარდი დოლარი გაითვალისწინა უსაფრთხოების საკითხებისთვის, 820 მილიარდზე მეტი – სოციალური უსაფრთხოებისთვის და 523 მილიარდი – ჯანმრთელობის დაზღვევისთვის. თუმცა კონგრესის მიერ 2011 წელს მიღებული ბიუჯეტის კონტროლის აქტის მიხედვით, შემდგომი 10 წლის მანძილზე სამხედრო დანახარჯები 487 მილიარდი დოლარით უნდა შემცირდეს. ბევრი კონგრესმენი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ სამხედრო ბიუჯეტის ასეთი შემცირება ეროვნულ უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს.

საგარეო პოლიტიკის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა ძირითადად შეეხებოდა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის, ლიბიაში მომხდარი ინციდენტების პრევენციის უუნარობისა და სირიაში მიმდინარე პროცესებში უფრო აქტიურად ჩარევის საკითხებს. რაიანმა ობამა ამერიკის მიერ მისაღები საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების გაეროსთვის გადალოცვაში დაადანაშაულა, რაც თავისთავად, რუსეთს ვეტოს გამოყენების საშუალებას აძლევდა.

ამერიკელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ შეკითხვაზე – შეძლებენ თუ არა უმუშევრობის დონის 6%-მდე შემცირებას და როდისთვის – ბაიდენმა შემდეგი პასუხი გასცა: „ჩვენ ეს შეგვიძლია, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით როდისთვის”. ამჟამინდელმა ვიცეპრეზიდენტმა რესპუბლიკელებს მოუწოდა, არ შეეწინააღმდეგონ საშუალო ფენისთვის გადასახადების შემცირების პოლიტიკას. რაიანმა კი კიდევ ერთხელ მოიყვანა რომნის 5-პუნქტიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს ენერგოდამოუკიდებლობას, გაზრდილ თავისუფალ ვაჭრობას, დაბალანსებულ ბიუჯეტს, მცირე ბიზნესისთვის გადასახადების არგაზრდას და დასძინა, რომ აღნიშნული გეგმით მათ ბიუჯეტის 4%-იანი ზრდის მიღწევა და 12 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლიათ.

დებატების ბოლოს ბაიდენმა რაიანი და რომნი საშუალო ფენისადმი მათი დამოკიდებულებისთვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. რაიანმა კი ხაზი გაუსვა იმას, რომ რესპუბლიკელებს აქვთ კონკრეტული გეგმა ეკონომიკური აღმავლობისთვის. „ობამას ჰქონდა შანსი... მაგრამ მან არ იმუშავა”, – დაასრულა რაიანმა.

ვინ გაიმარჯვა დებატებში? შეფასებები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. CBS-ის მიხედვით, აღნიშნულ დებატებში უდავო გამარჯვებულია ბაიდენი, თუმცა CNN-ი თავისი გამოკითხვებით მცირე უპირატესობას რაიანს ანიჭებს. ზოგადი ხაზი, რაც თითქმის ყველა კომენტარს გასდევს, არის ის, რომ ბაიდენი იყო უჩვეულოდ აგრესიული და დამცინავი თავისი ოპონენტის მიმართ. „თუ თქვენ მოგეწონათ აგრესიული ბაიდენი, მაშინ თქვენთვის რაიანი დამარცხებულია. ხოლო თუ არ მოგეწონათ, მაშინ – გამარჯვებული”, – წერს Washington Post-ი.

სტატისტიკის მიხედვით, 1976-2008 წლების მანძილზე ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატების 8 ჩატარებული დებატიდან არცერთს არ მოუხდენია გადამწყვეტი გავლენა არსებულ რეიტინგებსა და არჩევნების შედეგებზე. ამიტომ, აღნიშნული დებატებისადმი საზოგადოების ძალიან მაღალი ინტერესის მიუხედავად, ექსპერტები გარდამტეხ ცვლილებებს არ ვარაუდობენ.

კომენტარები