პარაზიტიზაცია

„სახელმწიფო ფიქციაა, რომლის საშუალებითაც ყველა სხვის ხარჯზე ცდილობს, იცხოვროს”

ბასტია

ევროპაში ბოლო ხანებში შექმნილი პრობლემები დიდი გაკვეთილია თანამედროვე ცივილიზაციისთვის. ბოლო დეკადებში დაშვებულმა შეცდომებმა „ბებერი კონტინენტი” ჩიხში შეიყვანა, საიდანაც გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად ფინეთი და ბრიტანეთი, ამ მახიდან გამოსავალს აქტიურად ეძებენ; სხვები პირიქით, დანებდნენ (სლოვაკეთი). რა იცი, როგორ გაუჭირდეთ და უთანხმოებას და დისტანცირებას ისევ ჩაყოლა არჩიეს; არიან ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ ინიციატივები გამოიჩინონ – ჩეხეთი და უნგრეთი. ამ უკანასკნელის მთავრობას სერიოზული პრობლემები აქვს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, თუმცა მაინც ცდილობს საკუთარი პოზიციები დაიცვას; დანარჩენები უკვე უძლური არიან, რაიმე პოზიცია შეიმუშაონ – ზოგს ძალიან ცუდად აქვს საქმე და ზოგიც იძულებულია ეცადოს, რომ დანარჩენები არა მარტო დაიყოლიოს, არამედ დაეხმაროს კიდეც.

საინტერესოა, რამ მიიყვანა ეს განათლებული, გამოცდილი და კონკურენტუნარიანი ქვეყნები ამ პრობლემამდე. მომავალში ალბათ ბევრი რამ გამოიკვლევა და დაიწერება ამ თემაზე, დღეს კი, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთეულები ბედავენ პოლიტიკურ დონეზე სიმართლისთვის თვალის გასწორებას. შეცდომების აღიარება და მით უმეტეს ლიდერობა კი ჯერ არავის უნდა – პასუხისმგებლობა დიდია.

დაბნეულობა შეინიშნება სპეციალისტებს შორისაც; სამეცნიერო წრეებში პრობლემის გადაწყვეტის გადავადების მომხრეებმა იმარჯვეს, რადგანაც სხვები, ვინც კარგად ერკვევიან ამ პრობლემის ნამდვილ არსში, თავს არიდებენ პოლიტიკაში მონაწილეობას და რაიმე რეკომენდაციების, პროგნოზების გაკეთებას.

პრობლემის ნაწილი ტექნიკურია, ადამიანები დღეს მეტს ცხოვრობენ და, შესაბამისად, რთულდება მათთვის ისეთი სისტემის შეთავაზება, რომელიც მათივე პირადი პასუხისმგებლობის გარეშე იმუშავებდა. ადამიანები, როგორც წესი, გაურბიან ზედმეტ პასუხისმგებლობას და დანახარჯებს, და თუ ვინმე შესთავაზებს მათ გადანაწილებას, ან სრულად გადატანას საკუთარ თავზე, უმრავლესობა ამას სიხარულით ხვდება.

ეს პრობლემა შესაძლებელია ადვილად მოსავლელი გეგონოს, თუ არ გაითვალისწინებ პოლიტიკური სისტემის ორ გადაულახავ სირთულეს: 1) დემოკრატიული სისტემა პოლიტიკოსებს აიძულებს მოკლევადიანი ორიენტირები ჰქონდეთ. 2) პასუხისმგებლობის და დანახარჯების გადანაწილება ვალდებულებას ქმნის, რისი გაუქმება შეუძლებელია პოლიტიკური მხარდაჭერის შემცირების გარეშე. შესაბამისად, ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც მხოლოდ გრძელვადიან პერიოდში აჩენს მავნე შედეგებს, წარმოადგენს მახეს, რომელიც უკან გამოსვლის შესაძლებლობას არ იძლევა.

ბოლო ხანებში ამ თემაზე დისკუსიების დროს ბევრჯერ მომიწია ასეთი მკვეთრი შედარების გამოყენება: უკვე მიღებული არასწორი გადაწყვეტილების გაუქმების ერთადერთი შესაძლებლობა პინოშეს (ჩვენში პინოჩეტად წოდებული) მსგავსი ხუნტის შექმნაა, რომელიც უბრალოდ უარს იტყვის წინამორბედთა მიერ უხვად დარიგებულ დაპირებებსა და ვალდებულებებზე – პენსია? დაივიწყე. არ გინდა დაივიწყო? ჩვენ დაგავიწყებთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსები მომავალში მაინც იყვნენ შეზღუდული ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს. მაგალითად, საკონსტიტუციო წესით განისაზღვროს, რა არის მთავრობის ფუნქცია. ფუნქცია, რომელიც არ ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, ჰქონდეს არჩევანი და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებით.

საზოგადოებრივი არჩევანის თეორიის მიმდევრები კარგად ხსნიან, თუ რატომ აქვთ პოლიტიკოსებს მიდრეკილება, გამოიგონონ მთავრობის მეტი ფუნქციები და დახარჯონ მეტი ფული, აიღონ ვალები, დაბეჭდონ მეტი ფული, მოსახლეობაზე ზრუნვის ეგიდით გაზარდონ საკუთარი ძალაუფლება, დააშინონ ადამიანები ბაზრის ულმობელობით და შესთავაზონ მათ ამისგან დაცვა. ეს ყველაფერი უნივერსალურია, პოლიტიკოსები არა მარტო ერთსა და იმავე რიტორიკას იყენებენ, არამედ ზუსტად ერთნაირად იღებენ გადაწყვეტილებებსაც. ამ წესიდან გამონაკლისი იშვიათად გამოვლენილა და, როგორც წესი, ასეთი ხალხი მუდმივ უმცირესობაშია.

რატომაა ახლა ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი? წინა მთავრობის ყველა დაუდევრობისა თუ შეცდომის მიუხედავად, მისი ეკონომიკური პოლიტიკის კურსი სწორი იყო. ასეთ მიმართულებას მან საკუთარი პრაგმატულობით მიაღწია, იმის გათავისებით, რომ: 1) ინვესტიციების მოზიდვა ადვილი არაა და მას შრომა და ინვესტორებისათვის მისაღები პირობები სჭირდება. ასეთი პირობების გარეშე, საქართველო ვერ შექმნიდა უპირატესობას, რომელიც ინვესტორებს აქეთ გამოახედებდა. 2) ნებისმიერი დაპირება უნდა ეყრდნობოდეს რეალურ შესაძლებლობას; დაპირებამ და მისმა შესრულებამ არ უნდა შეგიყვანოს ისეთ ჩიხში, საიდან უკან გამოსვლა შეუძლებელია. 3) რაც უფრო მეტ დახმარებას ჰპირდები, მით უფრო მეტი უნდათ და სხვებიც დგებიან მხარდასაჭერთა რიგებში.

ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს საბჭოთა წარსულს ასეთი კუთხითაც შევხედოთ: გარემომ და გარემოებებმა საქართველო აიძულა ეცხოვრა რუსეთის სუბსიდიაზე და ესარგებლა მისი ბუნებრივი რესურსების ხარჯზე შექმნილი დოვლათით. მოსკოვში ეს არ დარჩენიათ ყურადღების გარეშე, თუმცა პოლიტიკური კავშირის შენარჩუნების მიზნით დათმეს – ურალსა და ციმბირში ხალხის შიმშილის პირობებში, საქართველო, მისი ხელმძღვანელების გამჭრიახობით, გაცილებით უკეთ ცხოვრობდა. ცენტრში ეს სისუსტე ორივე მხარეს ძვირი უჯდებოდა, საქართველო მეტს მოიხმარდა, ვიდრე ქმნიდა (ფასების დამახინჯებულ სისტემაში ასე ჩანდა) და ნაწილობრივ სხვების ხარჯზე ცხოვრობდა, რასაც იმდენად მიეჩვია, რომ სრულად გაირყვნა და გაპარაზიტდა. ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა საბჭოთა კავშირის რღვევის დროს, როცა ადამიანები ამ რღვევაში ხედავდნენ საკუთარ ბედს, ხოლო ბევრი იმათგანი, ვინც ახერხებდა მოსკოვის ამ სისუსტის გამოყენებით ცხოვრებას, სსრკ-ს კიდევ დიდხანს მისტიროდა.

დაახლოებით იგივე ხდება საერთაშორისო ფინანსური დახმარების გაწევისას – ბევრი მთავრობა ადვილად ეგუება დახმარების ხარჯზე ცხოვრებას, მისი მთელი ყურადღება, კარგი პოლიტიკის შემუშავების ნაცვლად, დონორების სიამოვნებისკენაა მიმართული.

ინდივიდუალურ დონეზე ასეთი გაპარაზიტება უფრო ადვილად დასანახია. ადამიანისთვის ძალიან ძნელია უარი თქვას ნაჩუქარზე, ეს ბუნებას ეწინააღმდეგება – ეცადო მინიმალური ძალისხმევით მიიღო სასურველი. თუმცა ასეთი დახმარების სისტემურად გადაქცევის შემთხვევაში, მის მიღებას უკვე ისეთებიც მოითხოვენ, ვისაც ადრე ამაზე არც უფიქრიათ.

პოლიტიკოსები, როგორც წესი, ასეთ მოვლენას იოლად უყურებენ – მათთვის უფრო მნიშვნელოვანია არჩევნების მოგება, ხოლო მათ მიერ დაპირებული თუ უკვე განხორციელებული პროექტების გრძელვადიან შედეგებზე ფიქრს მომავალ მთავრობებს უთმობენ – სხვის ხარჯზე ცხოვრების მსურველი ადამიანების საარჩევნოდ გაღიზიანებას ყველა მოერიდება.

ზემოთ, მოკლედ აღწერილი პრობლემა უნივერსალურია, ნებისმიერი დღის საერთაშორისო ახალი ამბები იტყობინება მთავრობების გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგების შესახებ. საქართველოს მთავრობამ, ამ მხრივ, ბოლო წლებში ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადადგა. წმინდა პრაგმატული მოსაზრებებით, შეეცადა, თავი აერიდებინა სუბსიდირების, დახმარების და გადარჩენის მავნე პრაქტიკისთვის, რამაც საკმაოდ კარგი ეკონომიკური შედეგები განაპირობა.

ასევე დაიბადა ახალი ქართული ტენდენცია – სხვის ნაცვლად საკუთარი თავის იმედზე ყოფნა. ახალი მთავრობის მიერ ასეთი ტენდენციის შესუსტება მსოფლიო ბიუროკრატიის და სხვადასხვა მთავრობების დახმარების იმედად, ისევ უკან დაგვაბრუნებს და დიდი ხნით შეგვიყვანს ისეთ მახეში, საიდანაც უკან გამოსული არავის უნახავს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით რაც გვესმის – საყოველთაო ჯანდაცვა, განათლების ხელმისაწვდომობა, უმუშევართა დახმარება და სხვა, უკვე სერიოზულ ფიქრებს იწვევს.

და ბოლოს, Tea Party-ს დალასის მსოფლიო კონგრესის (მეც ვმონაწილეობდი) ერთ-ერთი მთავარი იდეა ასეთი იყო: რაში გვჭირდება მთავრობის დახმარების პროგრამები, რა, ადამიანობა სრულიად დავკარგეთ, რომ პირადად ავიღოთ პასუხისმგებლობა და ჩვენს მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს ან უბრალოდ სხვა ადამიანებს დავეხმაროთ?

კომენტარები