სასამართლო

კოტე კუბლაშვილი: მოსამართლეს ანგარიშს ვერავინ მოსთხოვს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ტაბულას საქართველოში სასამართლო სისტემის მდგომარეობაზე, მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობებსა და მათი ხელშეუხებლობის გარანტიებზე ესაუბრა.

დღეს უზენაესმა სასამართლომ ცხრა თვის მორიგი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. იქნებ გვითხრათ, რა ტენდენციები გამოიკვეთა ამ მონაცემების მიხედვით?

ძალიან საინტერესო ტენდენციებია ყველა მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ კრიმინოგენური სიტუაცია მართლაც მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, ეს პირდაპირ აისახა სასამართლოში შემოსულ საქმეებზე. თუ წინა წლის 9 თვეში 10 500 საქმე შემოვიდა, წელს - 7900-ზე ოდნავ მეტი. ყველა სხვა მონაცემის მიხედვითაც გაუმჯობესება შეინიშნება. უფრო ნაკლებია მძიმე დანაშაული, სასჯელები შედარებით შემსუბუქდა. ნაკლებად გამოიყენება თავისუფლების აღკვეთა. თუ გასული წლის ამ პერიოდში სულ იყო 13 ათასზე მეტი მსჯავრდებული, წელს მხოლოდ 9 ათასია. აქ იგულისხმება ყველა, ვის მიმართაც განაჩენი იქნა გამოტანილი - თავისუფლების აღკვეთა, პირობითი მსჯავრი, ჯარიმა ან სხვა. თვითონ თავისუფლების აღკვეთის შეფარდება შემცირდა თითქმის 29 პროცენტით. რაც მთავარია, გაიზარდა საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის შეფარდება. ჩვენ დიდი ხანი ვცდილობდით ამის გაკეთებას. ნორვეგიელების დახმარებით დავიწყეთ ეს პროექტი. თუმცა, მხოლოდ სასამართლო ამას ვერ გააკეთებს, რადგან ეს დამოკიდებულია იმ ორგანიზაციებზე, რომლებმაც უნდა შექმნან ადგილები საზოგადოებრივად სასარგებლო შრომისთვის. იქნება ეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მერია და ა.შ. წინა წელს სულ 60 ასეთი გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, წელს - 405.

არის კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი. მსჯავრდებულებს შორის თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 42 პროცენტს შეეფარდა. ყველა დანარჩენს - ან პირობითი მსჯავრი, ან ჯარიმა, ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა. ეს დიდი სხვაობაა, ვინაიდან ადრე თავისუფლების აღკვეთა 50 პროცენტამდე ადიოდა.

გამამართლებელი განაჩენები ძალიან აჟიტირებული თემა იყო თავის დროზე. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ არცერთ ევროპულ ქვეყანაში ეს მონაცემი არ აჭარბებს 10 პროცენტს. ეს ლოგიკურიცაა. მეტი რომ იყოს, ეს ნიშნავს, რომ პროკურატურა, პოლიცია, ორგანოები, რომლებიც დანაშაულს ებრძვიან, არაეფექტურად მუშაობენ. ნორვეგიაში გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი 5 პროცენტამდეა. ჩვენთან, არსებითად განხილულ საქმეებში ეს მაჩვენებელი 9,7 პროცენტს შეადგენს.

მაგრამ, აქ არ შედის საქმეები, რომლებიც საპროცესო გარიგებით სრულდება?

დიახ. საპროცესო გარიგების შემთხვევაში სასამართლოს ერთადერთი ვალდებულებაა დაადგინოს, ხომ არ მოხდა ძალადობა და ზეწოლა, რომ ადამიანი წასულიყო შეთანხმებაზე სამართალდამცავ ორგანოებთან. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, გამამართლებელი განაჩენი ვერ იქნება გამოტანილი, ვინაიდან ორივე მხარე თანხმდება სასჯელზე და ბრალეულობაზე. წელს საპროცესო გარიგებით საქმეების 88 პროცენტი დასრულდა.

ძალიან დიდი აქცენტები კეთდება ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე. ისინი შემცირებულია 5 ათასი საქმით. ეს დიდი რაოდენობაა და წინა წლის შესაბამისი მაჩვენებლის 28 პროცენტს შეადგენს. 2012 წლის 9 თვის მონაცემებით, არასაპატიმრო სახდელები გამოყენებულ იქნა თითქმის 80 პროცენტ შემთხვევაში და მხოლოდ 20 პროცენტ შემთხვევაში - პატიმრობა. 734 სამართალდამრღვევს საერთოდ არ დაეკისრა არც პატიმრობა, არც ჯარიმა, მათ მხოლოდ გაფრთხილება მიეცათ. აქაც ჩანს, რამდენად ობიექტურად და კვალიფიციურად უდგება სასამართლო ამ საქმეებს და სადაც სამართალდარღვევა მძიმე არაა, არ იყენებს პატიმრობას.

ძალიან საინტერესოა მონაცემები საგადასახადო საქმეებთან დაკავშირებით. ძალიან ხშირად ისმის, რომ სასამართლოში ამ მხრივ პრობლემებია. თუმცა, 9 თვის მონაცემები ისეთია, რომ უზენაეს სასამართლოში 37 საქმე მოიგეს კერძო პირებმა, 33 - ადმინისტრაციულმა ორგანოებმა. ანუ ნახევარზე მეტი კერძო პირების სასარგებლოდ დასრულდა. ასევე, მაგალითად, 3-4 წლის წინ იყო ისეთი სიტუაცია, რომ კერძო პირების სასარგებლოდ საქმეთა დაახლოებით 75 პროცენტი გადაწყდა. ტენდენცია უმჯობესდება საგადასახადო ორგანიზაციების სასარგებლოდ იმ მხრივ, რომ მათ დაინახეს, რა პრობლემები იქმნება და საქმეების პრაქტიკა შეისწავლეს. დღეს განსხვავება უფრო მცირეა, მაგრამ მაინც კერძო პირები უფრო ხშირად იგებენ.

სამოქალაქო საქმეებზე გასაჩივრდა მხოლოდ 8,7 პროცენტი. ადმინისტრაციულზე - მხოლოდ 18 პროცენტი, სისხლის სამართლის საქმეებში, საპროცესოს ჩათვლით - მხოლოდ 6 პროცენტი.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არასამთავრობო სექტორიდან ისმის მოსაზრებები, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ ქვეყანაში პრობლემა არსებობს, ხშირად მათ ეთანხმებიან საერთაშორისო ორგანიზაციებიც. თუმცა, ამის პარალელურად, ქვეყნდება კვლევების შედეგები, რომლებიც ადასტურებს, რომ საზოგადოების მხრიდან სასამართლოს მიმართ ნდობა იზრდება. როგორც ახსნით ამ ტენდენციას? როგორ თვლით, რეალურად რა მდგომარეობაშია დღეს სასამართლო, მისი დამოუკიდებლობა? 2003 წლიდან რა გამოწვევები იდგა სასამართლოს წინაშე და შეძლო თუ არა მან, ამ პერიოდში ჩამოყალიბებულიყო დამოუკიდებელ ინსტიტუტად?

მართლაც, ხშირად დგება ეს საკითხი. თუმცა, 2007-2008 წლებიდან შეინიშნება ტენდენცია, რომელიც მიუთითებს სასამართლოს მიმართ მოსახლეობის უფრო დადებით განწყობაზე. ყოველთვის ვცდილობთ ისეთი კვლევები ჩავატაროთ, რომელიც არ იქნება ორგანიზებული დაინტერესებული მხარეების მიერ. და ამიტომაც მოვიწვიეთ ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტურობის კომისია, რომელმაც შემოგვთავაზა ასეთი კვლევის ჩატარება. მათ საკუთარი მეთოდოლოგია აქვთ და ევროპის ქვეყნებს აძლევენ რეკომენდაციას, სწორედ ასეთი კვლევა ჩაატარონ. წელს მათ თავად ჩატარეს კვლევა საქართველოს 6 დიდ ქალაქში და ორი ათასი ადამიანი გამოიკითხა. ამ შეფასებას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც თავად მიდიან სასამართლოში, არიან მოსარჩელეები, მოპასუხეები და ა.შ. ორი საინტერესო შედეგი მივიღეთ - 5-ბალიანი სისტემით ჩვენმა სასამართლო სისტემამ მიიღო 4,5 ქულა. რაც შეეხება ნდობას, გამოკითხულთა 50-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მთლიანად ენდობა სასამართლოს, 35-მა - რომ ენდობა. ანუ, ჯამში, მივიღეთ ნდობა 85 პროცენტის დონეზე. ჩემი პასუხი ამ კითხვაზე სწორედ ეს იქნება - ხალხის აზრი ასეთია. ხალხის ეს რაოდენობა ეთანხმება, რომ სასამართლო ნდობას იმსახურებს,

თუმცა, დარჩენილი 15 პროცენტი, სავარაუდოდ, ასახავს პრობლემებს, რაც ჯერ კიდევ გვაქვს. 2003 წლიდან უზარმაზარი გამოწვევები იყო. მას შემდეგ, პირველი 3-4 წლის განმავლობაში, თხუთმეტამდე მოსამართლე დააკავეს ქრთამის აღების ფაქტზე. ეს ყველაფერი გადავლახეთ. ხსენებული კვლევის მიხედვით, ადამიანების 80 პროცენტი ამბობს, რომ სასამართლოში ქრთამი და კორუფცია არ არის. ეს ძალიან დიდი მიღწევაა. ამან საშუალება მოგვცა, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც ეხება როგორც მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის ახალი სისტემის შექმნას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ფარგლებში. საერთოდ, სასამართლოს ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს უწყობს საქმეების სწრაფ განხილვას და ეფექტურობას. აგრეთვე, იმ ცვლილებების შეტანას კანონმდებლობაში, რომელიც ხელს უწყობს საქმეების განხილვას სწრაფად, ასევე თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით. ამ ყველაფერმა მოგვცა შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს.

ეს არ არის ის შედეგები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ ჩვენი სასამართლო იდეალურია. ძალიან კარგად ვიცი, რა პრობლემებიც არსებობს. პირველ რიგში, ეს ეხება საქმეების დასაბუთებულობას. გარკვეული ხანი გვქონდა სასამართლოზე ზეგავლენის პრობლემა. მაგალითად გეტყვით - მე რომ დავინიშნე, 2005 წლის თებერვალში, სულ რაღაც ორ კვირაში ჩემთან შემოვიდა უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე და მითხრა, რომ მის კაბინეტში პარლამენტის წევრი მივიდა და დაიწყო ლაპარაკი იმ საქმეზე, რაც მას აინტერესებდა. იგივე გამეორდა ცოტა ხნის შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ეს აშკარად ასახავდა იმ მდგომარეობას, რაც იყო. დღეს ასე აღარ ხდება. მოსამართლესთან ვერავინ შევა, ეს აკრძალვა პრაქტიკულად სრულდება. ყველა სასამართლოში კარგად ესმით, რომ მოსამართლესთან საუბარი აკრძალულია, მასთან არავის შეუშვებენ. ჩვენ მივიღეთ ძალიან ეფექტური მექანიზმი მოსამართლეთა დასაცავად. ეს იყო კანონი მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი კომუნიკაცია მოსამართლესთან განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კანონდარღვევად ითვლება, მოსამართლეს უფლება აქვს განაცხადოს ამ დარღვევის შესახებ. შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია განიხილოს საქმე და დააჯარიმოს დამრღვევი 5 ათასამდე ლარით. როდესაც ეს კანონი მივიღეთ, გვქონდა ხუთი ამგვარი შემთხვევა. ამის შემდეგ, ბოლო დრომდე ამგვარი რამ არ განმეორებულა. ბოლო შემთხვევა კი ახლა, არჩევნების შემდეგ მოხდა. არჩევნებში გამარჯვებული პარტიის წარმომადგენელი დილით მოსამართლეს პირდაპირ სახლში მიადგა და დაუწყო საუბარი კონკრეტულ საარჩევნო დავასთან დაკავშირებით. ყველა ამ შემთხვევაში მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად. გადაწყვეტილება 19 ოქტომბერს იქნა მიღებული და ამ პირს შესაბამისი ფინანსური სანქცია დაეკისრა.

მომავალი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, თავისუფალი და სამართლიანი სასამართლოს შექმნას ჰპირდებოდნენ ამომრჩეველს. არჩევნების შემდეგ, იუსტიციის მინისტრობისა და მთავარი პროკურორობის კანდიდატები საუბრობენ იმაზე, რომ ცალკეულმა მოსამართლეებმა თავიანთი გადაწყვეტილებებით საკუთარი თავის დისკრედიტირება მოახდინეს, დასახელდა მათი სახელებიც... და რომ სისტემაში საჭიროა ცვლილებები. როგორ შეაფასებდით ამ განცხადებებს? ეთანხმებით თუ არა იმას, რომ სისტემაში ძირეული ცვლილებებია განსახორციელებელი?

ამ დღეებში ორჯერ გავაკეთე საჯარო განცხადება იმის შესახებ, რომ არ ვეთანხმები არცერთ იმ განცხადებას, რაც ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაისმა. მე ეს დავასაბუთე იმით, რომ ნებისმიერი ასეთი განცხადება კონკრეტული მოსამართლის შესახებ, წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლას და მუქარას მოსამართლის მიმართ.

რატომ მიიჩნევთ, რომ ეჭვის შეტანა ამა თუ იმ მოსამართლის მიერ კონკრეტული საქმის სამართლიანად გადაწყვეტაში ზეწოლას ნიშნავს?

ვინ აფასებს, საქმე სწორად თუ არასწორად იყო განხილული? სამართლებრივად ეს სრულიად გაუმართლებელია. ერთადერთი ორგანო, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ მოსამართლემ არასწორად განიხილა ესა თუ ის საქმე, ზემდგომი სასამართლოა. მეორე მხრივ, პოლიტიკური ფიგურების განცხადებები ამის შესახებ პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენენ. იმიტომ, რომ მოსამართლეებმა თავად ძალიან კარგად იციან, რომ მათ ვერავინ მოსთხოვს ანგარიშს კონკრეტული საქმის შესახებ. ეს ჩვენი კონსტიტუციით და საერთაშორისო ნორმებით არის გარანტირებული. ერთადერთი გზა, რომ მოსამართლის პასუხისმგებლობა დადგეს დაშვებული შეცდომებისთვის, არის სადისციპლინო სამართალწარმოება. სწორედ ამ კუთხით უნდა იყოს წარმართული და ამის საკმაო გამოცდილებაც გვაქვს. მაგრამ, გამორიცხულია, ამგვარი განცხადებებით საფუძველი დაედოს მოსამართლის გათავისუფლებას ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. სისხლის სამართლის კოდექსში იყო მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელს განზრახ უკანონო განაჩენის გამოტანისთვის. მაგრამ, 3-4 წლის წინ მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ყველა მიგვითითებდა, რომ ეს მუხლი პირდაპირ ზღუდავდა მოსამართლის დამოუკიდებლობას. ჩვენი რეფორმის ფარგლებში ეს მუხლი კოდექსიდან ამოღებულ იქნა. სადისციპლინო სამართალწარმოების შესახებ კანონში იყო მსგავსი მუხლი, რომელიც კანონის უხეში დარღვევისათვის მოსამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. თუმცა, ამაზე იყო ვენეციის კომისიის დასკვნა, რომ ეს ჩანაწერიც გარკვეულწილად მოსამართლის ხელშეუხებლობის წინააღმდეგ იყო მიმართული. გვირჩევდნენ, რომ შეგვეცვალა, თუმცა, წელს განვახორციელეთ ცვლილება და ის საერთოდ ამოვიღეთ. ბოლო ცვლილებებთან დაკავშირებით აქტიურად ვთანამშრომლობდით არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ესე იგი, სადისციპლინო სამართალწარმოება მოსამართლეთა პასუხისმგებლობის ერთადერთი მექანიზმია? რა პრეცედენტები და სტატისტიკა არსებობს ამ მხრივ ბოლო წლების განმავლობაში?

თუ მოსამართლემ, მაგალითად, ქრთამი აიღო, ან სხვა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, ის, ბუნებრივია, დაისჯება. მაგრამ, ჩვენი კანონმდებლობით კატეგორიულად დაუშვებელია მოსამართლის დასჯა არასწორი გადაწყვეტილებისთვის. სადისციპლინო სამართალწარმოება ძალიან კარგად გვაქვს აწყობილი, 2005 წლიდან შევქმენით სადისციპლინო კოლეგია, რომლის წევრები არიან თავად მოსამართლეები. ბოლო ცვლილების თანახმად, ხუთი წევრიდან სამი მოსამართლეა. ისინი მოსამართლის საქმეს იხილავენ და შეუძლიათ მისცენ მას სარეკომენდაციო ბარათი, შენიშვნა, საყვედური, ან გაათავისუფლონ. თუ მოსამართლე გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, ასაჩივრებს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში, სადაც უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე შედის. თავად კოლეგიას თვითონ მოსამართლეები, ჩემი წარდგინებით, მოსამართლეთა კონფერენციის მეშვეობით ირჩევენ. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც მოსამართლე გარკვეული დარღვევებისთვის გათავისუფლდა. იყო შემთხვევები საყვედურების მიცემის, ძირითადად ვადის გაჭიანურებისთვის.

ანუ მოსამართლისთვის ყველაზე დიდი სასჯელი გათავისუფლებაა?

დიახ. თუმცა, თუ იგი რაიმე სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს, დაისჯება. ოღონდ არა იმის გამო, რომ, ვიღაცის აზრით, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

რამდენად არის მოსამართლე დღეს დაცული ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისგან? ამისთვის რა გარანტიები არსებობს?

ნებისმიერ მუქარის შემცველ განცხადებას მოსამართლეების მისამართით სწორედ ზეწოლად აღვიქვამ. არსებობს კრიტიკა, ეს ბუნებრივია, მოსამართლეთა გადაწყვეტილებების გაკრიტიკებაც შეიძლება. მაგრამ სხვა შემთხვევაა იმის თქმა, რომ მოსამართლე დაისჯება, მისი ლანძღვა. მაგრამ ჩვენ ამას პასუხს გავცემთ ობიექტური გადაწყვეტილებებით.

კონსტიტუციით მოსამართლის ხელშეუხებლობა გარანტირებულია. მათ აქვთ იმუნიტეტი, მხოლოდ ჩემი ხელმოწერით არის შესაძლებელი მოსამართლის დაპატიმრება, მისი ბინის გაჩხრეკა და ა.შ. ესეც კიდევ ერთი გარანტიაა. მოსამართლეს ვერავინ დაიბარებს სადმე, თუნდაც საგამოძიებო კომისიაში, ვერ მოსთხოვს ანგარიშს მის მიერ განხილულ საქმესთან დაკავშირებით და ვერ დაუსვამს კითხვებს. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. გარდა ამისა, მოსამართლე აბსოლუტურად დაცულია რაიმე კონტაქტებისგან ნებისმიერ პირთან რაიმე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

სასამართლო სფეროში უმაღლესი ორგანო არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ ამ საბჭოში უმრავლესობა აქვთ მოსამართლეებს. შესაბამისი დებულება კანონში არის შეტანილი. იქ 15 წევრია, თავმჯდომარე მე ვარ. შედის 8 მოსამართლე, ექვსი არამოსამართლიდან ორ წევრს ნიშნავს პრეზიდენტი და ოთხს - პარლამენტი. ეს მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის კიდევ ერთი გარანტიაა. ყველა საკითხს, გარდა საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღებისა, წყვეტს იუსტიციის საბჭო. მასვე შეუძლია მიიღოს განცხადება მოსამართლის მიერ ჩადენილ დარღვევაზე და გადასცეს სადისციპლინო კოლეგიას.

მიიჩნევთ თუ არა, რომ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გასაზრდელად რაღაც ცვლილებები კიდევ საჭიროა?

დიახ, ასეთი ცვლილებები შესაძლებელია. გვაქვს მონახაზი იმისა, რა შეიძლება კიდევ შეიცვალოს კანონმდებლობაში, ორგანულ კანონში სასამართლოს შესახებ. ამაზე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა თავიანთი მოსაზრებები წარმოგვიდგინეს. ვითვალისწინებთ ასევე ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს, მათთან თანამშრომლობის მუდმივ რეჟიმში ვართ.   

ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე. ეს პრინციპი უკვე დევს კონსტიტუციაში, მაგრამ არ არის შეტანილი კანონმდებლობაში. მოგეხსენებათ, დღეს მოქმედი მოსამართლეები 10 წლით არიან დანიშნულნი. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ძალაში შესვლის შემდეგ, სწორედ უვადოდ დანიშვნის პრინციპი ამოქმედდება. კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომ უვადოდ მოსამართლის დანიშვნამდე, კანონით სამ წლამდე გამოსაცდელი ვადის დაწესებაა შესაძლებელი. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ ვარიანტზე, რომ მოსამართლე პირდაპირ დაინიშნოს, გამოსაცდელი ვადის გარეშე, უვადოდ, საპენსიო ასაკამდე. ეს კიდევ ერთი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მექანიზმი და გარანტია იქნება იმისათვის, რომ მოსამართლეთა დამოუკიდებლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და მათ უფრო მეტად იგრძნონ საკუთარი ხელშეუხებლობა.

იუსტიციის მომავალმა მინისტრმა გააკრიტიკა ფორმა, რომლითაც ქვეყანაში ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი ამოქმედდა. მისი აზრით, მიუღებელია, როდესაც არ ხდება გადაწყვეტილების დასაბუთება მსაჯულების მიერ. რას ფიქრობთ ამის შესახებ?

რაც ეს სისტემა შემოვიღეთ, რამდენიმე საქმე იქნა კიდეც განხილული. ჩემი აზრით, ისინი საკმაოდ კარგად წარიმართა და იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც, როგორც მსაჯულებმა, განიხილეს ეს საქმეები, კარგად გაართვეს თავი ამ ამოცანას. მათთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც, ფაქტობრივად, განაჩენი უნდა გამოეტანათ. მათ გამოჰქონდათ ვერდიქტი, დამნაშავეა თუ არა ადამიანი. ეს სისტემა აგებულია ანგლო-ამერიკული სისტემის მოდელზე, ეს სისტემა დაიბადა და შეიქმნა ინგლისში და შემდეგ გავრცელდა ამერიკაში. ამერიკაშიც ეს სისტემა ხელშეუხებელია და დემოკრატიის ერთ-ერთ ქვაკუთხედად ითვლება. კონტინენტურ ევროპაში ამ მოდელისგან ოდნავ განსხვავებული მოდელი მოქმედებს. საერთოდ, მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი სისტემაა, ვინაიდან, პირველ რიგში, გულისხმობს მოქალაქეთა ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გამოვლენას. მოქალაქეები იგრძნობენ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები თვითონ გადაწყვიტონ. მეორე მხრივ კი, დაინახავენ, როგორ მუშაობს სასამართლო, უკეთ ეცოდინებათ მისი შიდა მოწყობა. ამიტომ მიმაჩნია, ამ სისტემამ უნდა გააგრძელოს მუშაობა.

რაც შეეხება ევროპას, ევროსასამართლოს არ უთქვამს, რომ ნაფიცი მსაჯულების ანგლო-ამერიკული სისტემის არსებობა არ შეიძლება. მან გარკველ ხარვეზებზე მიუთითა ნაფიც მსაჯულთა ბელგიურ სისტემაში. ეს გადაწყვეტილება ჩვენს სისტემას საერთოდ არ ეხება. გასათვალისწინებელია, რომ ევროსასამართლოს არ უმსჯელია ინგლისურ ნაფიც მსაჯულთა სისტემაზე.

 

 

 

კომენტარები