ქართული ოცნება

არდამტკიცებულ კაბინეტში უკვე ცვლილებებია

0 კომენტარი

ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის დარჩენილი კანდიდატები დაასახელა, სამინისტროებში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები გაგვაცნო და ჯერ არდამტკიცებულ მთავრობაში რამდენიმე გადაადგილებაც განახორციელა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილია, ფინანსთა მინისტრობის – ნოდარ ხადური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება, დევნილთა – დავით დარახველიძე, გარემოს დაცვის კი – ხათუნა გოგალაძე. კახა კალაძე, რომელიც თავიდან რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი უნდა გამხდარიყო, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრობის კანდიდატია. ის კვლავინდებურად განიხილება ვიცეპრემიერობის კანდიდატადაც.

ჯანდაცვის მინისტრობაზე უარი თქვა უკვე კანდიდატად დასახელებულმა ამირან გამყრელიძემ. დაგვიანებული უარყოფითი პასუხის მიზეზად მან ინტერესთა კონფლიქტი – შვილის სადაზღვევო სექტორში საქმიანობა მოიყვანა. მისი კანდიდატურა დავით სერგეენკომ ჩაანაცვლა. კალაძის ნაცვლად კი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს დავით ნარმანია დაიკავებს. რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, ივანიშვილი გაუქმებას სწორედ ამ უკანასკნელ სამინისტროს უპირებს. ინფრასტრუქტურის საკითხები ეკონომიკის სამინისტროს ნაწილი გახდება, რეგიონული განვითარების სტრუქტურა კი პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში იქნება.

კიდევ ერთი სასურველი ცვლილება ისაა, რომ ენერგეტიკის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი ჩამოშორდება და უწინდებურად ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარება.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი დავით სერგეენკო ბავშვთა და მოზარდთა კარდიოქირურგი და რეანიმატოლოგია. ის აქამდე საჩხერის სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობდა. განათლების მინისტრობის კანდიდატი ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი კი ზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რექტორი იყო.

ეკონომიკის მინისტრობის პოსტზე წარდგენილი გიორგი კვირიკაშვილი ბანკ ქართუს გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა, საიდანაც 1 წლის წინ წავიდა. 1999-2004 წლებში ის პარლამენტის წევრი იყო – თავდაპირველად მოქალაქეთა კავშირს წარმოადგენდა, შემდეგ კი ახალი მემარჯვენეების ფრაქციაში გაერთიანდა.

დევნილთა მინისტრობის კანდიდატი, პროფესიით იურისტი დავით დარახველიძე, ვარდების რევოლუციამდე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი იყო. ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მან, როგორც ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატმა, კენჭი იყარა ამბროლაურში და დამარცხდა.

ფინანსთა მინისტრად წარდგენილი ეკონომისტი ნოდარ ხადური ნინო ბურჯანაძის პარტიიდანაა. ის 2003-2004 წლებში ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. მანამდე კი პარლამენტის შემოსავლების კომიტეტის აპარატს ხელმძღვანელობდა სამი წლის მანძილზე.

ასევე ეკონომისტი დავით ნარმანია 2009 წლიდან კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაუქმების შემდეგ ის ნოდარ ხადურის მოადგილის პოსტს დაიკავებს.

გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი ბიოლოგი ხათუნა გოგალაძე წლების განმავლობაში ამავე სამინისტროში მუშაობდა. 2008 წლიდან კი ეუთო-ს გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი იყო.

არ დასახელებულა დასაქმების სახელმწიფო მინისტრის კანდიდატურა – კოალიცია ამ უწყების გაუქმებას გეგმავს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები