რელიგია

უწმინდესი, უწმინდესი და უნეტარესი, ყოვლადუწმინდესი

ცოტა ხნის წინ, სტამბოლში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველს შეხვდა და აფხაზეთის ეპარქიის საკითხი განიხილა. როგორც პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, ამ ტერიტორიაზე „დღესდღეობით ცალკე რაიმე ერთეულის შექმნა გამორიცხულია, თუმცა იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის სხვა ალტერნატიული გზები უნდა დაისახოს, მრევლს დაპურება სჭირდება”. ამრიგად, არ არის გამორიცხული, წმინდა სინოდის მომავალ სხდომაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ეპარქია დროებით მმართველობაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაეცეს.

აფხაზეთში დარჩენილი მრევლი, რომელიც ამ ეპარქიას ეკუთვნის და სულიერი დაპურება სჭირდება, სინამდვილეში ათწლეულებია უარს ამბობს საკუთარი ეპისკოპოსის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის იურისდიქციის ცნობაზე, ხოლო მეორე ნაწილის წარმომადგენლები, ვინც ეპარქიიდან გამოაძევეს, იქ სხვა ეკლესიის მმართველობის დაწესების წინააღმდეგნი არიან. აფხაზეთიდან დევნილმა პირებმა წერილით მიმართეს მსოფლიო პატრიარქს: „ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილი მართლმადიდებელი აფხაზები, ქართველები, რუსები, ბერძნები, ასევე სხვა ეროვნების წარმომადგენლები, ვსვამთ კითხვას – რატომ უგულებელყოფენ ჩვენს არსებობას, რატომ არ ითვალისწინებენ ჩვენს აზრს და სურვილს, ვიყოთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წიაღში... ვიმეორებთ, ეს ადამიანები წარმოადგენენ აფხაზეთის მოსახლეობის მცირერიცხოვან ჯგუფს, ხოლო მათი ინტერესები ვიწრო ნაციონალისტურია. ისინი ამართლებენ აფხაზეთიდან მართლმადიდებელი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის განდევნას და ხელს უშლიან მშობლიურ კერაზე მათ დაბრუნებას, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა არასწორ ქმედებებზე”.

იმის დასანახად, თუ რა საფრთხეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან კონსტანტინოპოლისთვის ეპარქიის მმართველობაში გადაცემა მრევლის სულიერი დაპურების მოტივით, საჭიროა გავიხსენოთ, რა ხდებოდა წლების განმავლობაში ამ ეპარქიაში.

სოხუმის დაცემის შემდეგ, აღნიშნული ტერიტორიიდან გამოაძევეს ასიათასობით ადამიანი, მათ შორის ეთნიკურად ქართველი სასულიერო პირები და მმართველი ეპისკოპოსი. ადგილზე დარჩა მხოლოდ ოთხი არაქართული წარმომავლობის მღვდელი და არცერთი ეპისკოპოსი, ურომლისოდაც ეპარქიის მმართველობა კანონიკური სამართლის მიხედვით შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, რამდენიმე სასულიერო პირმა 1998 წელს შექმნა ეპარქიის იმიტაცია და „ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის” საბჭოს მმართველად აირჩია დაქორწინებული მღვდელი, ბესარიონ აფლიაა.

უკვე აგვისტოს ომის შემდეგ, მას მერე, რაც რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო, მათ ავტოკეფალიის მოსაპოვებლად ბრძოლა დაიწყეს. 2009 წლის 15 სექტემბერს სოხუმში შეკრებილმა აფხაზეთის სამღვდელოებამ საზეიმოდ ამცნო მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიებს, რომ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია – ბიჭვინთის საკათალიკოსო, აღდგა. „განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ გავდივართ არცერთი მართლმადიდებლური იურისდიქციიდან და არ შევდივართ არცერთ სხვა იურისდიქციაში. ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს სამშობლოში და ვითხოვთ დახმარებას აფხაზეთში ჩვენი ეკლესიის კანონიკური წყობილების აღსადგენად”, – აღნიშნულია 15 სექტემბრის სხდომის ოქმში.    

რასაკვირველია, ეპისკოპოსის გარეშე ისინი საკუთარი თავის მინიმალურ ლეგიტიმაციასაც ვერ ახერხებდნენ. სწორედ ამიტომ, წირვა-ლოცვისას, იქ, სადაც ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორის სახელი უნდა მოეხსენიებინათ, რუსეთის პატრიარქისა და მეზობელი რუსული ეპარქიის – ადიღეისა და მაიკოპის ეპისკოპოსის სახელს მოიხსენიებდნენ.

რუსული ეკლესია მთელი ამ დროის განმავლობაში ორმაგ თამაშს თამაშობდა, საქართველოს ეკლესიის კანონიკური ერთიანობის აღიარების პარალელურად, თავის სასულიერო სასწავლებლებში მიჰყავდა აფხაზი ახალგაზრდები, შემდეგ ხელს ასხამდა და მსახურებისთვის ტაძარს აღარ აძლევდა. ბუნებრივია, ისინი სამშობლოში ბრუნდებოდნენ და იმ სქიზმატური ჯგუფის რიგებს ავსებდნენ, რომელიც საკუთარ თავს ავტოკეფალიად მოიხსენიებს. ხოლო რუსეთს საქართველოს საპატრიარქოსთან თავის

მღვდელი ბესარიონ აფლიაა
გასამართლებელი საბუთი აქვს: ის ოფიციალურად არ გზავნის ამ მღვდლებს აფხაზეთში. კიევის საპატრიარქოს ფაქტორის გამო, რომელიც რუსეთისთვის მტკივნეულ საკითხს წარმოადგენს, მოსკოველი პატრიარქი ერიდება პირდაპირ მიიღოს საკუთარ შემადგენლობაში აფხაზები. თუმცა მას ეს ხელს არ უშლის, ალტერნატიული გზებით მიიერთოს ისინი.

სიტუაცია სქიზმატურ ჯგუფს შიგნით მას შემდეგ აირია, რაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ახალი ათონის მონასტრის წინამძღვრად იღუმენი ეფრემ ვინოგრადოვი გაგზავნა. ახალი ათონის წინამძღვრად, მანამდე, მღვდელმონაზონი ანდრია ამპარი ითვლებოდა. აფხაზ სასულიეროთა ნაწილმა ეს ქმედება მათ შინაურ საქმეებში ჩარევად მიიღო. 

15 მაისს, ახალი ათონის მონასტერში, ნაციონალისტური დროშების თანხლებით საეროთა და სამღვდელოთა ყრილობა შეიკრიბა. მას არქიმანდრიტი დოროთე დბარი, მღვდელმონაზონი ანდრეი ამფარი და იეროდიაკონი დავით სარსანია მეთაურობდნენ. ახალგაზრდა სასულიერო პირთა ამ კრებულმა, თვითგამოცხადებული ეკლესიის შიგნით, ახალი – ანაკოფიის მიტროპოლია ჩამოაყალიბა. ეპარქიის დროებით მმართველად არქიმანდრიტი დოროთე დაინიშნა. სასულიერო პირთა მეორე, შედარებით ასაკოვანი ნაწილი, აფხაზეთის თვითგამოცხადებული ეკლესიის მეორე ბანაკს – სოხუმისა და ბიჭვინთის ეპარქიის მმართველს, ბესარიონ აფლიაას უჭერს მხარს. შესაბამისად, მათ მიტროპოლიის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღიათ. 

როგორც დბარი ღიად ამბობდა, „არაფერია საშინელი ორი თემის ჩამოყალიბებაში: ის, ვისაც ადრე ეყოლება ეპისკოპოსი, იქცევა აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიად”.

თავის მხრივ, სოხუმში მოღვაწე მამა ბესარიონ აფლიაა ყველანაირად ცდილობს აღნიშნული ჯგუფის დისკრედიტაციას და დბარს სექტანტად მოიხსენიებს. ახლახან, აფხაზეთში მისი მხარდამჭერი სასულიერო ხელმძღვანელობის ინტერესების დასაცავად, რუსეთის საპატრიარქოს ადიღეისა და მაიკოპის მიტროპოლიტმა, რომელმაც წარსულში დბარს სასულიერო ხარისხი მისცა, მას სამი წლით შეუჩერა მღვდელმოქმედება.

მღვდელმოქმედების შეჩერების შემდეგ მამა დოროთემ საკუთარ Facebook-ის პროფილზე დაწერა: „უკანასკნელი ძაფი რუსეთის ეკლესიასთან გაწყვეტილია. დღეს მამა ბესარიონ აფლიაას დავალებით ჩემთან, ახალი ათონის მონასტერში მოვიდნენ მამა სერგი ჯოპუა, მამა მათე ტუჟბა და მამა დალმატ გოლია. მათ მაიკოპისა და ადიღეის მიტროპოლიტის, ტიხონის „ბრძანებანი” გადმომცეს – ჩემთვის და მამა ანდრეისთვის სამი წლის ვადით მღვდელმოქმედების აკრძალვის შესახებ. მე არც კი ჩავთვალე საჭიროდ ბრძანების წაკითხვა, უბრალოდ დავხიე და მათ დავუბრუნე. ისინი წავიდნენ”.

არქიმანდრიტი დოროთე აცხადებს, რომ ადიღეისა და მაიკოპის რუსულ ეპარქიასთან არანაირი კავშირი აღარ აქვს, ხოლო ქართულ ეკლესიასთან არც არასდროს ჰქონია. ამიტომ, ყველა ძველ თუ ახალ ბრძანებას, რომელიც რუსეთის ეკლესიიდან მოდის, ძალა არ გააჩნია.

„ჩვენ ვაგრძელებთ მღვდელმსახურებას ბევრ მართლმადიდებელ საეკლესიო იერარქთან თანხმობაში და მთელ მართლმადიდებელ ეკლესიაში. დღეიდან აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის გადაწყვეტამდე და აფხაზეთის ტერიტორიაზე კანონიკური ეპისკოპოსის გამოჩენამდე, წირვა-ლოცვისას მოვიხსენებთ ყოვლადუწმინდეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველს, როგორც მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქს”, – აცხადებს დბარი.

საქმე ის არის, რომ ბართლომეოსიც, რუსეთის პატრიარქის მსგავსად, რომელიც დიდი ხანია აფხაზურ საეკლესიო ექსპანსიას ახორციელებს, ამ ტერიტორიაზე ოფიციალურად ილია მეორეს აღიარებს კანონიკურ იერარქად, თუმცა მისმა ბოლოდროინდელმა ქმედებებმა გვანახა, რომ სურვილი, აფხაზეთის ეპარქიაში საკუთარი ინტერესები გაატაროს, მასაც აქვს. მსოფლიო პატრიარქმა რამდენიმე თვის წინ დბარი საკუთარ რეზიდენციაში მიიღო და დიდი იმედებით გაუშვა აფხაზეთში. შემდეგ კი, როცა მცხეთა-თბილისის საპატრიარქომ ახსნა-განმარტება მოსთხოვა, აქცენტი „ყოველი ქრისტიანის მოსმენის” ვალდებულებაზე დასვა და იურისდიქციაში ჩარევა უარყო.

ახლა, როცა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეიძლება მართვის ფუნქციები კონსტანტინოპოლს გადააბაროს, ყოველივე ზემოთქმულის ფონზე ჩნდება კითხვა, ხომ არ არის აფხაზური, პროკონსტანტინოპოლური ჯგუფი შექმნილი სწორედ იმისთვის, რომ აფხაზეთში საეკლესიო ჯგუფმა რაიმენაირი კანონიკური ნახტომის გაკეთება მოახერხოს?

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოს I
მოსკოვის საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიას არაერთხელ შესთავაზა მის მმართველობაში გადასულიყო აფხაზური ეკლესია, საქართველოს ეკლესიის დე იურე სტატუსის შენარჩუნების პარალელურად. საქართველოს ეკლესია ამ შეთავაზებას არ თანხმდებოდა, რადგან რუსეთისთვის ეპარქიის სამართავად მიცემა დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევდა მრევლში. თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკლესიას, მის ეპარქიაში მოღვაწე სქიზმატური ჯგუფი ოფიციალურად არასდროს გამოუცხადებია სქიზმატურად. მას არც იმ სასულიერო პირებისთვის აუკრძალავს მღვდელმოქმედება, რომელთაც ხარისხი მანვე მისცა და მასვე შეეძლო წართმევა.

სწორედ ეს უხსნიდა ხელ-ფეხს რუსეთს აფხაზეთის სულიერი ექსპანსიისთვის. რუსეთის ეკლესიის რუპორი, დიაკონი და მისიონერი ანდრეი კურაევი, რომელიც აფხაზეთის ეკლესიაში მოსკოვის პოლიტიკის გასატარებლად ცხოვრობდა, ამას აღიარებს.

მისი განცხადებით, აფხაზური ჯგუფის ოფიციალურად სქიზმად გამოცხადების შემთხვევაში, მოსკოვის საპატრიარქოს ვერანაირი კავშირი ვერ ექნებოდა აფხაზ სამღვდელოებასთან. ის საქართველოს პატრიარქს აქებს იმისთვის, რომ რუსებს ეს საშუალება დაუტოვა. „ეს იგივე იქნებოდა, რომ აფხაზეთისთვის გვესროლა ატომური ბომბი. ამ მოქმედების შემდეგ, სულიერი თვალსაზრისით, აფხაზეთში თერმობირთვული სიცარიელე დაისადგურებდა. ახლა კი გვაქვს საშუალება, აფხაზი სტუდენტები მივიღოთ და მართლმადიდებლობის რამე გავაგებინოთ”, – ამბობს კურაევი. უცნაურია, მაგრამ ახლა ის არც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მმართველობის ქვეშ დბარის ჯგუფის გადასვლის წინააღმდეგია.

არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ თუ აფხაზეთის რომელიმე საეკლესიო ჯგუფი კანონიკურ აღიარებას მიიღებს ან დროებით მმართველობაში გადავა კონსტანტინოპოლის ეკლესიაში, ეს რუსეთს ამ ეპარქიაში მოღვაწეობას კიდევ უფრო გაუადვილებს. მსოფლიო საპატრიარქოს მიმართ არაკეთილგანწყობილი აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი, ბუნებრივია, მას საშუალებას არ მისცემს აფხაზური ეპარქია მართოს. იქ კი, უკვე კანონიკური სტატუსის მატარებელ ეკლესიას, რუსეთი დაუფარავად მოახვევს თავს საკუთარ ინტერესებს.

საქართველოს საპატრიარქოს მზრუნველი დამოკიდებულება, რომელიც ეძებს საშუალებას აფხაზი მრევლი სულიერი გამოკვების გარეშე არ დატოვოს, კანონიკურად გაუგებარია. თუ რომელიმე სასულიერო პირი ან კონკრეტულ ტერიტორიაზე მცხოვრები მრევლი თავად ამბობს უარს კანონიკური ეპისკოპოსის მმართველობაზე, მაშასადამე მათი სქიზმატად გამოცხადება საქართველოს ეკლესიისგან ნასროლი „სულიერი ატომური ბომბი” კი არ იქნება, არამედ ამ ქრისტიანების მიერ ქრისტეს ეკლესიის ნებაყოფლობითი დატოვება. და მათ ეს უკვე გააკეთეს კანონიკური სამართლის უხეში დარღვევით. შესაბამისად, ვისაც სურს, იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი, უარის თქმა მოუწევს ამ ეკლესიისთვის სრულიად მიუღებელი ნაციონალისტური განწყობებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინ ფლობს პრივილეგიას, არ აღიარებდეს თავს მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილად და მათ მაინც ჯიუტად ერეკებოდნენ ამ საკრებულოში. მით უმეტეს მაშინ, თუ ეს მოსკოვის საპატრიარქოს ვნებებისა და ოკუპირებული რეჟიმის სასარგებლოდ იმოქმედებს.

კომენტარები