კალათბურთი

ფრაზები: კობი ბრაიანტი

ორჯერ დაასახელეს NBA-ს ფინალის საუკეთესო მოთამაშედ.

ოთხჯერ აღიარეს ყველა ვარსკვლავის მატჩის რჩეულად.

ხუთჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი.

ათჯერ შეიყვანეს NBA-ს პირველ გუნდში.

თოთხმეტჯერ ითამაშა ყველა ვარსკვლავის მატჩში.

მას შავ მამბას უწოდებენ და ის NBA-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელია.

ის კობი ბრაიანტია, კალათბურთის ლეგენდა.
 

...უშიშარი ბავშვი ვიყავი: ბნელი ოთახები, ავი ძაღლები, თანატოლებთან ჩხუბი – არაფერს ვერიდებოდი. ცელქი ვიყავი და ვერავინ მაჩერებდა! ერთადერთი, ვისიც მეშინოდა, ბებიაჩემი იყო – თუ გავაბრაზებდი, თავის ხელჯოხით მცემდა.

...ბებია ერთადერთხელ მოვიდა ჩემს თამაშზე, ტორონტო რეპტორსთან და მეც 81 ქულა ჩავაგდე! მერე ბევრჯერ ვთხოვე კიდევ მოსულიყო, მაგრამ დარბაზში ვეღარ შემოვიტყუე.

...13-14 წლის რომ ვიყავი, ჩვენს თამაშებს 200, მაქსიმუმ 300 კაცი ესწრებოდა. ვთვლიდი, რომ ეს საკმარისი არ იყო, მინდოდა დარბაზი სავსე ყოფილიყო! ხშირად მთელ უბანს მოვივლიდი და ყველა ნაცნობს ჩვენს თამაშზე ვეპატიჟებოდი.

...ლოს ანჯელეს ლეიკერსთან კონტრაქტს დედამ და მამამ მოაწერეს ხელი. მე მხოლოდ პრეზენტაციაზე მივედი და სულელივით ვიკრიჭებოდი.

...მხოლოდ ორი ადამიანი მედგა ყოველთვის გვერდში და მამხნევებდა: დედა და მამა. ისინი ჩემით ამაყობდნენ, როცა თამაშში 40 და მეტ ქულას ვაგროვებდი და მაშინაც, როცა ყველაფერს ვაფლავებდი.

...18 წლის რომ ვიყავი, მაიკლ ჯექსონმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. თითქმის ერთ საათს ვისაუბრეთ. მითხრა, ძალიან კარგად თამაშობ და იცოდე, როცა პოპულარული გახდები, პირველი, რაც უნდა გააკეთო, პირადი ცხოვრების ყველასგან დაფარვააო. პრინციპში, ის მართალი იყო.

...გამიმართლა: იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს და თან, ამაში დიდ ფულს მიხდიან. სეზონში 82 მატჩი ჩემთვის არაფერია. თუ გსურთ, 182 იყოს. კარიერის დასაწყისში ვცდილობდი ცოტა ხანს მეძინა და დიდხანს მევარჯიშა, მაგრამ ექიმებმა მითხრეს, სისულელეა, კარგ ვარჯიშს კარგი დასვენება უნდა შეუთავსოო და მეც მათ დავემორჩილე. თუმცა მომქანცველი ვარჯიში დღესაც ჰაერივით მჭირდება.

...მამა მთხოვდა, ყოველი თამაშის წინ კარგად გავხურებულიყავი, სხეული დატვირთვებისთვის მომემზადებინა. ეს ძალიან სწორი მიდგომაა – თუ არ გახურდი და პირდაპირ თამაში დაიწყე, დიდი შანსია მძიმე ტრავმა მიიღო. საბედნიეროდ, ჯერ ასეთი რამ არ მომსვლია.

...ბავშვობაში, როცა ჯერ კიდევ იტალიაში ვცხოვრობდით, ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი. ერთ დღეს ვან ბასტენობა მინდოდა, მერე რობერტო ბაჯოს ვბაძავდი... სერია ა-ს თამაშებს ხშირად ვესწრებოდი, მაგრამ ახლა ინგლისის და ესპანეთის ჩემპიონატები უფრო მომწონს.

...პირველი შვებულება იტალიაში, სარდინიაზე გავატარე – ძალიან მაგარი იყო! იტალიას ყველას გირჩევთ: ისიამოვნებთ და ბრწყინვალედ დაისვენებთ. პრინციპში, მილანშიც კარგად გავერთე. მერე იქ ბევრჯერ ვიყავი და ყველა შემთხვევაში ძალიან კარგი დრო გავატარე.

...დღეს გრძელი შორტებია მოდაში, მაგრამ მე არ მსიამოვნებს. მოკლე შორტებში უფრო თავისუფალი ვარ.

...რეკორდების დამყარება კარგია, მაგრამ ამაზე არასდროს ვფიქრობ. ჩემი ერთადერთი მიზანი კონკურენტის დაჯაბნაა. თუ სეზონის ბოლოს ვინმეს მიღწევას გავაუმჯობესებ, ეს, რა თქმა უნდა, მიხარია.

... ჩემთვის კალათბურთი თავშესაფარივითაა. როცა ვთამაშობ, ძალიან ბედნიერი ვარ!

...მოედანზე ყოფნისას ხშირად მიფიქრია, რომ ფლეისთეიშენს ვთამაშობ, მეტოქეებს კი ჯოისტიკებზე მხოლოდ ორი ღილაკი უმუშავებთ.

...ლეგენდებთან პაექრობის სურვილი არასდროს გამჩენია. ვის ავირჩევდი მოწინააღმდეგედ? ალბათ მეჯიქ ჯონსონს. პრინციპში, ბილ რასელის წინააღმდეგ თამაშიც საინტერესო იქნებოდა – ამბობენ, რომ ორ ქულასაც ვერ ჩავუგდებდი.

...მილიონობით ადამიანი მხოლოდ მოედანზე მხედავს და ფიქრობს, რომ სწორედ ასეთი ვარ – კაცი, რომელიც წაგებას ვერ იტანს. ასე არაა, ეს კობი ბრაიანტის მხოლოდ ერთი მხარეა. მას მეორე, დაფარული მხარეც აქვს. მეორე კობის ერთეულები იცნობენ და ეს მხოლოდ მახარებს.

... ყველაზე ძალიან ფილადელფიელებს არ ვუყვარვარ. არადა, იქ დავიბადე.

...მედისონ სკვერ გარდენში თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ის კოლიზეუმს მაგონებს, მე კი თავი გლადიატორი მგონია... ნუ, სპაიკ ლისთან საუბარიც საინტერესოა – ის ნიუ იორკში ლეიკერსის თამაშებს თითქმის არ აცდენს.

...ჩემი საყვარელი მოთამაშე? პო გასოლი! ის თეთრ გედს მაგონებს: უყურებ, ტკბები და ხვდები, რომ მისი ცქერისას ისვენებ. ძალიან კარგი ბიჭია – ჯერ კიდევ მაშინ დავმეგობრდით, როცა მემფისში თამაშობდა.

...ერთხელ პრეზიდენტმა თეთრ სახლში გვიმასპინძლა. ის ჩიკაგო ბულზის ფანია და ჩვენი მწვრთნელი ფილ ჯეკსონიც მთელი საღამო ათას ისტორიას უყვებოდა. გაუთავებლად იცინოდნენ! იმ წელს ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს და ობამას წუთითაც ვერ დაველაპარაკე. ფილისთვის ეს დღემდე ვერ მიპატიებია!

...ერთხელ რეკლამაში მიღებდნენ, როცა ვიღაც მოვიდა და მითხრა, ბრიუსს შენთან შეხვედრა უნდაო. ვინ ბრიუსს-მეთქი? უილისსო. რა ჯანდაბა უნდა-მეთქი, ვიყვირე. არადა, იქვე იდგა მეგობართან და მის შვილთან ერთად და მხოლოდ ფოტოს გადაღება სურდა.

...უდიდესი შეცდომა მაშინ დავუშვი, როცა პრესაში შაკილ ო’ნილის ყველა სისულელის უარყოფა დავიწყე. უნდა გავჩუმებულიყავი და შაკისთვის სრული თავისუფლება მიმეცა – ის მარტო გაართობდა ჟურნალისტებს. რატომღაც, პრესა თვლიდა, რომ შაკი ჩემი „დიდი ძმა” იყო, მაგრამ ჩვენ მეგობრები არასდროს ვყოფილვართ.

...რამდენიმე წლის წინ ლეიკერსიდან წასვლა მინდოდა. როცა ამის შესახებ განვაცხადე, იფიქრეს, რომ ვხუმრობდი, მაგრამ თუ ვხედავ, რომ გუნდს ჩემპიონობის შანსი არ აქვს, იქ გაჩერება აღარ მსურს. იმ დროს ლეიკერსი მართლა ძალიან ცუდ დღეში იყო.

...ოლიმპიური ოქრო უფრო ფასეულია, ვიდრე NBA-ს ჩემპიონობა. როცა პეკინში ოლიმპიადა მოვიგეთ, მედალი ჩიკაგომდე მკერდზე მეკიდა, არადა, 13 საათი ვიფრინეთ!

...ლებრონ ჯეიმსი მრავალმხრივი კალათბურთელია, მეჯიქ ჯონსონივით თამაშობს, მაგრამ ჩემთან პირისპირ ის უშანსოდაა!

...ერთხელ მაიკლ ჯორდანმა თქვა, რომ მე საუკეთესო ათეულში ვარ. ის აბსოლუტურად მართალია! არ აქვს მნიშვნელობა, ათეულში პირველი ვარ თუ მეოთხე. ჯორდანი ჩემზე ფიქრობს, ესე იგი, მართლა კარგად ვთამაშობ.

...მწვრთნელობა? გამორიცხულია!

 

კომენტარები