არქივი

საქართველოს მოამბეზედ

0 კომენტარი

ყოველი კაცი, რომელსაც კი თვალებზედ ჩამოფარებული არა აქვს რა, ხედავს, რომ ცხოვრება რაც გუშინ იყო, ის დღეს აღარ არის, რომ იგი იცვლება, მიდის წინ და მოაქვს განახლება ყოველისფერისა. წესი, ჩვეულობა, აზრი, გრძნობა, ენა, რომელიც მაგათი გამომეტყველია, ყოველივეფერი იცვლება მის ძლიერ გავლენისგან. რაც გუშინ კაცს ჰგონებია დაურღვეველ ჭეშმარიტებად, რისთვისაც უცია პატივი, როგორც მიუცილებელ საჭიროებისათვის, ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ის დღეს გაუთლელ შეცდომად მიგვაჩნია, ასე რომ კიდეც გვიკვირს, ადრინდელს კაცს როგორა ჰსწამდა ამისთანა ცხადი სისულელე დაურღვეველ ჭეშმარიტებად, როგორ არა ჰქონია იმოდენა გონიერება და მხედველობა, რომ გაერჩივა თეთრი და შავი. შავისთვის შავი დაერქმია, თეთრისთვის – თეთრი. ეს ასე მოხდება ხოლმე განა იმისაგან, რომ ჩვენ ადრინდელებზედ ჭკვიანები ვართ, „სხვა სხვის ომში ბრძენია”, ამბობს რუსთაველი. ჩვენ რომ ამ თავმოწონებულის გონიერებითაც ვყოფილიყავით და ადრინდელის კაცის ვითარება და გარემოება გარს შემოგვრტყმოდა, არა მგონია, ავსცდენოდით საზოგადო ცდომილებას, რომელსაც დღეს ეგრე თავმოწონებით დავჰსცინით. დიდი გენიოსი უნდოდა და იმისი მახვილის ჭკვის თამამი გამჭვრეტელობა, რომ მსჯელობით დროებაზედ მაღლა ავმართულვიყავით, საზოგადო ცხოვრების წრის გარედ გამდგარვიყავით და გარემოების თვალთდამაბნელებელ ხაოსშია შეუმცდარად, წმინდა აზრით დაგვენახა საგანი ისე, როგორიც არის და უნდა იყოს. რუსთაველმა ძალიან ადრე ჰსთქვა, რომ მარტო ბრძენი საწუთროს ეურჩებაო, სხვანი კი იმისი მონები არიან. იმ დროების გარემოების მოწყობილობა, აზრი, გამსჯელობა, – ერთობ ცხოვრების მდინარეობა ჩვენისთანა ჩვეულებრივ კაცსა ჩააყენებდა საზოგადო რუსხმულში და წაიღებდა თან, რაც უნდა ძლიერ ცდილიყო თავის შემაგრებასა. ცხოვრების ტალღა მეტად ძლიერია და ჩვეულებრივი კაცი მეტად სუსტი, რომ თან არ წაიყოლიოს იმ ტალღამ. მარტო გენიოსის მკერდი თუ გააპობს და შემუსრავს მას, თორემ სხვისთვის ძნელია. შორსმხედველობა, დროებაზედ უფლობა მარტო გენიოსის საქმეა. ის თავისს თამამს სვლაში შემოიბღერტავს ხოლმე დროების მტვერსა, რომელიც ჩვენისთანა კაცსა უფარავს საგნის მნიშვნელობასა, გულუშიშრად მიდის წინ, როგორც ბელადი წინ მიუძღვის ხალხსა და უნათებს თავის ჭკუის სხივებით გზასა. ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ჩვენ ამითი ვამბობდეთ, ვითომ გენიოსი ციდამ იყოს ჩამოსული. ისიც ისეთივე ნაყოფია თავის დროებისა, როგორც სხვანი, მხოლოდ ეგ ნაყოფი სრულია, დამწიფებულია. ის თავის ძლიერ მხრებით ამოიტანს, ამოზიდავს ხოლმე მას, რაც თითონ ცხოვრებაშია, ე.ი ცხოვრების შიგმდებარებასა; მასში არის მთელი აწმყო თავისი დროებისა და თესლიც მომავლისა. არც ერთი გენიოსი ჩვენ ახალს არას გვეტყვის, ის მხოლოდ გვიხსნის მას, რაც თავის დაუდგრომელ დუღილშია მოუგდია ზედაპირზედა, – ამიტომაც ხანდისხან ამას უფრო იქნება დაეტყოს თავისი დროების ნიშანი ყველაფრისა: ცუდისა თუ კარგისა, ვიდრე მას, ვინც დაიბადება ხოლმე მარტო იმისათვის, რომ უხეიროდ მოკვდეს.

ილია ჭავჭავაძე  

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები