ლიბანი

დესტაბილიზაციის მოლოდინში

0 კომენტარი

წელს ლიბანში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. გასულ ორშაბათს, ლიბანში გაეროს სპეციალურმა კოორდინატორმა დერეკ პლუმბლიმ, ქვეყნის პრემიერთან, ნაჯიბ მიკატთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი არჩევნების დროულად ჩატარების აუცილებლობას და ადგილობრივ პოლიტიკოსებს სირიაში მიმდინარე მოვლენებისგან დისტანცირებისკენ მოუწოდა.

ჯერ კიდევ ივნისში, ლიბანის ძირითადი პოლიტიკური ძალების ლიდერები მიმდინარე მოვლენებისგან დისტანცირებაზე შეთანხმდნენ. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან 18 თვის შემდეგ პირველად გაიმართა ე.წ. ეროვნული დიალოგი, რომლის მთავარი მიზანიც ბოლო დროს სირიის საზღვარზე გახშირებულ შეტაკებებზე რეაგირება გახლდათ. ლიბანის ხელისუფლება სამხედრო ხარჯების გაზრდის აუცილებლობაზეც ალაპარაკდა. სექტემბერში მინისტრთა კაბინეტმა შეიმუშავა ახალი გეგმა, რომელიც არმიისთვის ერთ მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი თანხის გამოყოფას გულისხმობს.

თავად ლიბანის პოლიტიკურ ელიტაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა სირიაში მიმდინარე კონფლიქტის მიმართ. ლიბანი კონფესიონალიზმის ფარგლებში არსებული საპარლამენტო რესპუბლიკაა, რაც გულისხმობს იმას, რომ მაღალი თანამდებობები სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებზეა გადანაწილებული.

თანამედროვე ლიბანის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა 1992 წლის არჩევნები, რომლის შემდეგაც პარლამენტში გაუქმდა ქრისტიანთა უმრავლესობა და ადგილები თანაბრად გადანაწილდა მუსლიმთა და ქრისტიანთა შორის. ლიბანის პარლამენტში წარმოდგენილნი არიან ათზე მეტი – როგორც ისლამური, ასევე ქრისტიანული – კონფესიის წევრები. ისინი იმ ძირითად პოლიტიკურ პარტიებში არიან გადანაწილებულნი, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ ქვეყნის პოლიტიკაზე. მათგან აღსანიშნავია კოალიცია 14 მარტი, რომელიც ექვს პარტიას აერთიანებს. ის 2005 წელს პრემიერ ჰარირის მკვლელობიდან მალევე შეიქმნა და ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ მოკავშირედ მოიაზრება. 14 მარტის ალიანსს სათავეში მოკლული პრემიერის ვაჟი, საად ჰარირი უდგას.

რაც შეეხება მმართველ ძალას, მას წარმოადგენს 8 მარტის ალიანსი, რომელიც ასევე 2005 წელს შეიქმნა და 2011 წლიდან მთავრობაშია. ის ხუთ პოლიტიკურ ძალას აერთიანებს. კოალიციის მთავარი მოთხოვნა გაეროს 1559-ე რეზოლუციის გაუქმებაა, რაც ლიბანის ტერიტორიაზე ყველა შეიარაღებული ჯგუფის, მათ შორის ჰეზბოლას, განიარაღებას გულისხმობს. 8 მარტის ალიანსი ირანისა და პრეზიდენტ ასადის რეჟიმის მთავარ დასაყრდენად მოიაზრება ლიბანში.

სირიაში დაწყებულმა კონფლიქტმა საგრძნობლად დააზარალა ლიბანის ეკონომიკაც. სირიის ბაზრის ჩაკეტვამ პირდაპირი გავლენა იქონია ექსპორტის 80 პროცენტზე, რომელიც სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ლიბანის მოსახლეობის 15% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, ხოლო საზღვრის ჩაკეტვის შედეგად ფერმერები ვეღარ ახერხებენ სირიის გავლით საკუთარი პროდუქციის იორდანიასა თუ ეგვიპტეში გატანას.

ასე რომ, ასადის რეჟიმის დაცემასთან ერთად მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყება ლიბანშიც. სავარაუდოდ, გააქტიურდებიან ძალები, რომლებიც ჰეზბოლას გავლენის შემცირებისთვის იბრძოლებენ, ეს კი ჰეზბოლას მთავარი დასაყრდენის, პრეზიდენტ ასადის არყოფნაში, ლიბანს დესტაბილიზაციის ხანგრძლივ პერიოდს უქადის.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები