ეკლესიების დაფინანსება

ეკლესიის დაფინანსების ბედი

0 კომენტარი

რა ბედი ეწევა ახალი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სახელმწიფოსა და ეკლესიის ფინანსურ ურთიერთობებს, ჯერაც ბუნდოვანია. წლების მანძილზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მილიონობით ლარს იღებდა. წელს მას სახელმწიფომ 22.8 მილიონი ლარი გადაურიცხა. ყველაზე ბევრი კი, ქართულმა მრავალკონფესიურმა საზოგადოებამ ეკლესიის დაფინანსებისთვის ორი წლის წინ გაიღო, როცა სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსებისთვის გამოყოფილმა თანხამ 25 მილიონი ლარი შეადგინა. ბიუჯეტში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც გადასახადების გადამხდელებს განუმარტავდა, რისთვის ერიცხება ფინანსურად ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ინსტიტუტს მილიონობით ლარი.

„სახელმწიფო ამ ფორმით ვალს უხდის საპატრიარქოს. როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი ადამიანი იღებს კომპენსაციას სახელმწიფოსგან, ასე ინსტიტუტიც - ეკლესია. სამომავლოდ, ეს უნდა გავრცელდეს სხვა კონფესიებზეც, კათოლიკურ და გრიგორიანულ ეკლესიებზე“, - განუცხადა კოალიცია ქართული ოცნების წევრმა, დავით ბერძენიშვილმა ნეტგაზეთს. ბერძენიშვილი ამბობს, რომ ეკლესია აღარ უნდა იყოს საბიუჯეტო დაფინანსებაზე, მას შემდეგ რაც სახელმწიფო მას ზიანს აუნაზღაურებს.

პარალელურად, პრემიერი ივანიშვილი განსხვავებულ განცხადებას აკეთებს. ის არა კომპენსაციაზე, არამედ სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დახმარებაზე საუბრობს: „თუ საჭიროა, ეკლესიას ხელისუფლება ეხმარება და ეს ნორმალური პროცესია, მაგრამ ხდება გადარიცხვა და თვითონ სინოდი გადაწყვეტს, როგორ მოიხმარონ, სად განკარგონ და ა.შ. დამოკიდებულება არ უნდა იყოს, სახელმწიფოსგან უნდა იყოს გამიჯნული ეკლესია და ჩვენ ამ პროცესს აუცილებლად დავიცავთ. სხვა ფორმებით, გადაირიცხება თუ არა თანხა, ამაზე დაზუსტებით ვერ გეტყვით, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არღვევს იმ ძირითადს, რომ ეკლესია უნდა იყოს დამოუკიდებელი, თუ ფორმა არის სწორი დახმარების ხელისუფლების მხრიდან“.

თავად საპატრიარქოს წარმომადგენლები მრავალი წლის მანძილზე ამტკიცებდნენ, რომ ეს თანხა არა დახმარებისთვის, არამედ კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისთვის იყო გამოყოფილი. კონსტიტუციური შეთანხმების მეთერთმეტე მუხლში მართლაც ვკითხულობთ, რომ „სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტიური მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №183; 12.04.90)“.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ეკლესიისთვის მიყენებული ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე, ჯერაც არ არის დათვლილი, რამდენს შეადგენს აღნიშნული ზიანი - შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით, რამდენს შეადგენს ის თანხა, რომლითაც აღნიშნული ვალის გასტუმრება იქნება შესაძლებელი. ამას გარდა, სახელმწიფოს, როგორც ჩანაწერი ცხადყოფს, ზიანის სრულ კომპენსაციაზე ვალდებულება არ აუღია - მხოლოდ ნაწილზე, რომლის ფაქტობრივი მფლობელი თავად არის. ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ ზიანი ჯერ დათვლილი არ არის, წლების მანძილზე კი სახელმწიფო ეკლესიას არა მხოლოდ უხდიდა მილიონობით ლარს, არამედ უწესებდა საგადასახადო შეღავათებს, უბრუნებდა და ჩუქნიდა მიწებს, ჩვენ დანამდვილებით არც ის ვიცით, გავისტუმრეთ ვალი თუ არა.

ამასთან, გაურკვეველია, რატომ იღებდა საბჭოთა დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მხოლოდ ერთი რელიგიური ინსტიტუტი, ხოლო სხვა რელიგიური გაერთიანებები, რომლებიც ასევე დაექვემდებარნენ რეპრესიებს - არა. მისასალმებელია, რომ კოალიციის წარმომადგენლები რელიგიურ უმცირესობებზეც ალაპარაკდნენ, თუმცა პრემიერი ივანიშვილი ჯერჯერობით ამაზე დუმს. საქართველოს საპატრიარქოსთვის საკულტო ნაგებობების გადაცემის პროცესი უკვე დასრულდა. მეტიც, ის დასრულდა „გეგმაგადაჭარბებით“. საპატრიარქოს რელიგიური უმცირესობების კუთვნილი საკულტო ნაგებობების ნაწილიც მიაკუთვნეს, რაზეც ტაბულა უკვე წერდა.

კოალიცია ქართული ოცნება საარჩევნო პროგრამაში ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ ის „ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა მრავალფეროვანი ერთობის - საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, რისთვისაც დაიცავს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს და ხელს შეუწყობს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მათ ინტეგრირებას“.

უკვე დღეს, პრემიერობის კანდიდატის განცხადებები, რომელიც ეკლესიისთვის მხოლოდ დახმარების ფორმების შეცვლაზე საუბრობს, არაფერს ეუბნება გადასახადების გადამხდელებს, რომლებიც, როგორც ცნობილია, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები არიან. ახალმა პოლიტიკურმა გუნდმა უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და ფინანსურად საკმაოდ უზრუნველყოფილ რელიგიურ ინსტიტუტს საერთო ბიუჯეტიდან არ მისცეს დაფინანსება იმაში, რაშიც მხოლოდ მართლმადიდებელთა ნაწილია დაინტერესებული. სამწუხაროდ, მიამიტობაა იმაზე საუბარი, რომ საპატრიარქო ამ ფულს ქველმოქმედებასა და სოციალურ მსახურებაში დახარჯავს, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ყველა მოქალაქეს წაადგება. საპატრიარქოს სოციალური მსახურება თითქმის არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ამ ინსტიტუტის მასშტაბებიდან გამომდინარე, ბევრად ჩამორჩება რელიგიური უმცირესობების სოციალურ მსახურებას

გარდა ამისა, სახელმწიფომ არ აუნაზღაურა ზიანი ორმოციან წლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან გადასახლებულ მოსახლეობას, მათ მხოლოდ მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა მიეცათ.  

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელი

კომენტარები