იშხანი

იშხანი რეაბილიტაციის მოლოდინში

იშხნის მონასტერს, რომელიც დიდი ხანია სავალალო მდგომარეობაშია, ახლო მომავალში რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. აღდგენით სამუშაოებს მთლიანად თურქული მხარე გაუძღვება.

ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართული ძეგლების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებები ქართულ და თურქულ მხარეებს შორის 2005 წელს დაიწყო. ის არაერთგზის შეწყდა და განახლდა და ამ დროის განმავლობაში იცვლებოდა პირობებიც. 2012 წლის დასაწყისში კულტურის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, მოლაპარაკებების შედეგად, თურქეთში იშხნისა და ოშკის რესტავრირების სანაცვლოდ, თურქული მხარე ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებას, ახალციხეში კი აჰმედიეს მეჩეთის რესტავრირებას ითხოვდა. 2012 წლის 9 თებერვალს, ამ ფაქტს საპატრიარქო ოფიციალურ ვებგვერდზე გამოეხმაურა და ბათუმში „საქართველოს ისტორიის მძიმე პერიოდის სიმბოლოს“, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას მიუღებელი უწოდა. ამას მოჰყვა საზოგადოების ნაწილის პროტესტი და ბათუმში მარტში გამართული მასშტაბური აქცია, რომელსაც სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. ხელახლა შეწყვეტილი მოლაპარაკებების შემდეგ, თურქულმა მხარემ დამოუკიდებლად გადაწყვიტა იშხნისა და ოშკის ტაძრების აღდგენა.

5-8 სექტემბერს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ხელოვნების მეორე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ტაო-კლარჯეთის კვლევებს მიეძღვნა. იშხნის კომპლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდნენ თურქი სპეციალისტები, კომპანია Anfora Mimarlik Restorasion-ის არქიტექტორები, რომლებიც ამ პროექტს უდგანან სათავეში.

კომპანიამ Anfora Mimarlik Restorasion იშხნის სარესტავრაციო პროექტი ტენდერში გამარჯვების შედეგად მოამზადა. პროექტი ტაძრისთვის იმ მდგომარეობის შენარჩუნებას ითვალისწინებს, რა სახითაც მან მეცხრამეტე საუკუნემდე მოაღწია, რაც მეჩეთისთვის ჩაშენებული დასავლეთ მკლავის გამომყოფი კედლის მოხსნასაც გულისხმობს. კომპანიამ უკვე ჩაატარა აზომვითი სამუშაოები. იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი ფირმა Osman Gülsüm გაუძღვება. ძეგლის რეაბილიტაცია, კონტრაქტის მიხედვით, შეზღუდულ დროში, 400 დღის ვადაში უნდა მოხდეს. აღდგენითი სამუშაოებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი კი 850 000 ლირას შეადგენს. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ტაძარს, წინასწარი სამოქმედო გეგმის მიხედვით, არ ჩაუტარდება გეოლოგიური და არქეოლოგიური კვლევა.

გიორგი გაგოშიძე, ხელოვნების ისტორიკოსი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი კურატორი: „გეოლოგიური დასკვნისა და არქეოლოგიის გარეშე, ხარისხიან აღდგენაზე საუბარი წარმოუდგენელია. გეოლოგების დასკვნა საჭიროა, რომ კედლების მდგრადობა გავიგოთ, ვიცოდეთ როგორი გრუნტებია. აუცილებელია კონსტრუქტორების ჩართულობა და საინჟინრო დასკვნის გამოტანა, მიწის გათხრას კი არქეოლოგები უნდა ესწრებოდნენ. მოგეხსენებათ, იშხნის ტაძარი არქეოლოგიურად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. გაწერილი სამუშაოების პარალელურად, შესაძლოა ჩატარდეს ტაძრის გეოლოგიური და არქეოლოგიური კვლევაც. ვერ გეტყვით, ეს რამდენად მოხერხდება, რადგან ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია, და ისიც არ ვიცით, ეს თანხა თვითონ ტაძრის რეაბილიტაციას თუ ეყოფა. იშხანი კომპლექსური ძეგლია და ვფიქრობ, მისი აღდგენა უფრო ძვირი უნდა ჯდებოდეს.

ტაძრის ამჟამინდელი მდგომარეობა მძიმეა, ჩამოქცეულია ზედა ნაწილი: კამარები, თაღები. კედელში არის ბზარები. მისახედია გუმბათი, რომელიც შენარჩუნებულია და დგას მხოლოდ გუმბათქვეშა კონსტრუქციებზე. გარდა გუმბათისა, რომელიც ცნობილია თავისი ფრესკული კომპოზიციით, კედლებზეც არის შემორჩენილი მხატვრობის ფრაგმენტები და წარწერები. პრობლემაა ისიც, რომ იქვე არის სოფლის წყარო, რომელიც პირდაპირ მონასტრის საძირკველში ჩადის და ეს ყველაფერი მოსაგვარებელია. იქვე დგას მეორე, მცირე ზომის, მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში აგებული ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაც, რომელიც ტაძართან ერთად საჭიროებს რეაბილიტაციას. პროექტიდან ვიცით, რომ კამარები უნდა გადავიდეს და გადაიხუროს ეკლესია. ამბობენ, რომ ტაძრის მხატვრობას არ შეეხებიან, თუმცა ეს საეჭვოა, როდესაც ამხელა სამუშაოებს ატარებ. ვცდილობთ, როგორც კონსულტანტები, ისე მაინც ჩავერთოთ“.

ქართველი სპეციალისტები პროექტში არაოფიციალურად ჩაერთვებიან, თუმცა რა სახით მიიღებენ ტაძრის რეაბილიტაციაში მონაწილეობას, ამ დრომდე უცნობია. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ტაო-კლარჯეთის ძეგლების მკვლევარმა და ექსპერტმა, ირინა გივიაშვილმა მწუხარება გამოთქვა და დასძინა, რომ „იშხნის შემთხვევაში, ქართულმა მხარემ თავისი გადაუწყვეტელობით დაიგვიანა, ქართველების მიერ აღდგენით პროცესში მონაწილეობის არმიღება კი მინიმუმ ქართული ენის ცოდნის გამოუყენებლობას და საქართველოს მხრიდან საკუთარი მემკვიდრეობის მომავალზე პასუხისმგებლობის უარყოფას ნიშნავს“.

იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს თურქი სპეციალისტები 2013 წლის აპრილში დაიწყებენ. მიუხედავად იმისა, რომ ტაძრის სტატუსი განისაზღვრება, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სოფელ იშხანში და არა მოქმედი ქრისტიანული ეკლესია, პროექტის მიხედვით, ტაძრის გუმბათზე აღმართული იქნება ჯვარი.

იშხანში თავდაპირველად ეკლესია მეშვიდე საუკუნეში ააგო ეპისკოპოსმა ნერსესმა. ის არაბების შემოსევის დროს განადგურდა და მეცხრე საუკუნეში საბა იშხნელმა განაახლა. ხოლო ტაძარი, რომელმაც დღემდე მოაღწია, მეთერთმეტე საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება და ბაგრატ IV-ის მეფობის ხანაშია აგებული.

 

კომენტარები