სამთავრობო პროგრამა

კულტურის სფერო სამთავრობო და საარჩევნო პროგრამებში

რადიო თავისუფლება

საარჩევნო ბლოკ ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილ წინასაარჩევნო პროგრამაში, კულტურის ნაწილი სხვა საკითხების პროგრამისაგან დიდად არ განსხვავდებოდა. აქაც ტექსტის უმეტესი ნაწილი საქართველოს თანამედროვე სამყაროს ღირსეულ წევრად გახდომასა და შემოქმედებით პროცესში ხელისუფლების ჩაურევლობის უზრუნველყოფას ეძღვნება. ისევე როგორც სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე საუბრისას, კულტურის თემების განხილვისას, ქართული ოცნების წარმომადგენლების რიტორიკა უცვლელი იყო და დაახლოებით ასე გამოიყურებოდა - უნდა გამოირიცხოს ხელისუფალთა მხრიდან კულტურის სფეროში ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება.

არანაირი განსხვავება არ არის ქართული ოცნების წინასაარჩევნო და სამთავრობო პროგრამებში. კულტურის სფეროში გასატარებელი ღონისძიებების შედეგად, საქართველო თანამედროვე სამყაროს ღირსეული წევრი გახდება. ამ მიზნით, კულტურის განვითარების სტრატეგიული გეგმა შემუშავდება. მასში გათვალისწინებული იქნება ისეთი პრინციპები, როგორებიცაა კულტურის სფეროში საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი საქმიანობა და შემოქმედებით პროცესში ხელისუფლების ჩაურევლობის უზრუნველყოფა. გამორიცხული იქნება ხელისუფალთა მხრიდან ერთპიროვნული გადაწყვეტილებები. ხელი შეეწყობა ქართული კულტურული სივრცის ინტეგრაციას მსოფლიოს კულტურულ სივრცეში. კულტურული მემკვიდრეობა დაცული იქნება მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისად. რეაბილიტაციის პროცესი წარიმართება საერთაშორისო სტანდარტების, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით. საგანგებო ღონისძიებები გატარდება ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, დასაცავად. სახელმწიფო ენაზე იზრუნებს სახელმწიფო, რათა გარანტირებული იყოს ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვა. შემუშავდება და ამოქმედდება კანონი სახელმწიფო ენის შესახებ - ასე გამოიყურება კულტურის სფეროში სამთავრობო პროგრამა, სადაც ისევე, როგორც სხვა სფეროებში, გეგმის შესრულების კონკრეტული ვადები არ არსებობს.

ქართული ოცნების წინასაარჩევნო გეგმაში წერია, რომ ქართული ენის სწავლების დონე საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში შესამჩნევად დაწეულია, თუმცა რას ემყარება ეს დასკვნები - უცნობია. ბუნდოვანია, ქართული ენის ცოდნის დღევანდელი დონე რომელი ეპოქისა თუ წლის შედეგებს შეადარეს. წინასაარჩევნო გეგმაში ასევე გაკრიტიკებულია ქართული მედიის ენა და აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა სარეკლამო და ქალაქის გაფორმების სფეროშია. აქაც უცნობია, რას ეფუძნება ეს დასკვნები. თუმცა ქართული ოცნება ამ „პრობლემის“ გამოსწორებას გვპირდება.

25 ოქტომბერს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ახალ მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას, შესაბამისად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატობიდან, გურამ ოდიშარია მინისტრი ოფიციალურად გახდა. 12 ოქტომბერს, სწორედ გურამ ოდიშარიასა და მისი გუნდის გარშემო ატყდა ხმაური, როდესაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, თამარ ჩარკვიანთან შეხვედრებს პროტესტი მოჰყვა. სამინისტროს თანამშრომლები იმ სამუშაო ჯგუფის შეცვლას მოითხოვენ, რომელმაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატ გურამ ოდიშარიას სახელით მიმდინარე პროექტები უნდა გადაიბაროს. თამარ ჩარკვიანის განცხადებით, ადამიანი, ვისაც მომღერლები თვითმკვლელობამდე მიჰყავს, კულტურის სამინისტროში არ უნდა მუშაობდეს - ეს სიტყვები მან ჯეოსტარის ჟიურის წევრისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლის, მარინა ბერიძის, მისამართით თქვა. ჩარკვიანის განმარტებით, სამინისტროს თანამშრომელთა ერთმა ნაწილმა მას პროვოკაცია მოუწყო. „თუ მივალ, მივალ ცვლილებისთვის, რომ შემოქმედი ხალხისთვის გახსნილი იყოს კულტურის სამინისტროს კარები, იქ ფეოდალური იერარქიები არ იყოს და პოლიტიკური ანგაჟირებით არ ირჩეოდეს ხელოვანი ხალხი“, - განაცხადა კულტურის მინისტრის მოადგილეობის კანდიდატმა, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, გურამ ოდიშარიას საერთოდ არ წარმოედგინა თავის მარჯვენა ხელად. სამინისტროში არეულობა გურამ ოდიშარიამ საკუთარ შეცდომად მიიჩნია, რადგან, მისი განცხადებით, სათანადოდ მომზადებული და კომპეტენტური ჯგუფი არ გაუშვა სამინისტროს გადაბარების საკითხზე სალაპარაკოდ. „გაუგებარია, ქალბატონმა თაკომ ან შეხვედრაზე, ან შემდეგ, რატომ აიღო ინიციატივა, ვინ უთხრა ან შეაგულიანა, რომ მინისტრის მოადგილე იქნებოდა?“ - აღნიშნა ოდიშარიამ. იგი აცხადებს, რომ მოადგილეებთან დაკავშირებით ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია. თამარ ჩარკვიანის კანდიდატურას ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების ნაწილი ლობირებს. ჭაბუა ამირეჯიბი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია, ჯემალ სეფიაშვილი, თამარ ჭოხონელიძე, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდი - ათობით ადამიანთან ერთად, გურამ ოდიშარიას თამარ ჩარკვიანის მინისტრის მოადგილედ დანიშვნას სთხოვს.

გურამ ოდიშარია კულტურის სფეროს წარმომადგენლების სხვადასხვა ჯგუფებს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, თუმცა კონკრეტული პასუხებისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ იქნება და სამომავლო გეგმებს გუნდი გადაწყვეტს. გურამ ოდიშარიას ჩამოყალიბებული პოზიცია არც აზიზიეს მეჩეთის აშენების სანაცვლოდ ოშკის მონასტრის აღდგენის საკითხზე გამოუთქვამს. „ამ საკითხთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი სუბიექტური აზრი, რომელიც არაფერს არ წყვეტს. მაგრამ მაქვს ისეთივე ინტერესი, როგორიც თქვენ გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს სათუთი საკითხია“, - განაცხადა ხელოვანებთან შეხვედრისას, მაშინ ჯერ კიდევ მინისტრობის კანდიდატმა.

გურამ ოდიშარია უფრო კონკრეტული იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრისას, სადაც ახალი მუზეუმის მშენებლობის ინიციატივაზე ისაუბრეს. ოდიშარიას თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მომავალი თაობისთვის გადაცემა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. „ამასწინათ მქონდა დიდი პატივი, პატრიარქთან მესაუბრა. ითქვა კონკრეტული ადგილი, რომ იქ გაკეთდეს მუზეუმი. რაც სარდაფებსა და საცავებში გვაქვს, იქნებ ეს ყველაფერი გამოვფინოთო. პატრიარქის ეს იდეა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კულტურის მინისტრმა. გურამ ოდიშარიას სურვილია, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დღემდე არსებული ფესტივალების დაფინანსება გაგრძელდეს და სიას ახალი ფესტივალები შეემატოს.

კომენტარები