სამთავრობო პროგრამა

განათლების სფერო სამთავრობო და საარჩევნო პროგრამებში

25 ოქტომბერს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ახალ მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას, რომლის განხილვა პარლამენტმა შეკრებიდან მეორე დღესვე დაიწყო. პროგრამაში, სახელწოდებით „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“, საუბარია იმ „ფართომასშტაბიან რეფორმებზე“, რომლებიც „ყველა სტრატეგიული მიმართულებით“ უნდა გატარდეს. მათ შორის მოიაზრება განათლების მიმართულებაც. დანარჩენი სფეროების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, მთავრობის გეგმები პროგრამაში დებულებების სახითაა გადმოცემული.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, სერგო რატიანის აზრით, განათლების ნაწილში მმართველი გუნდის სამთავრობო პროგრამა განსხვავდება საარჩევნოსგან და მასში წინასაარჩევნო დაპირებები აღარ არის - ამის მაგიერ, ზოგადადაა საუბარი დაფინანსების ზრდის შესახებ. გაურკვეველი რჩება, მაინც რამდენი პროცენტით გაიზრდება განათლების სფეროს დაფინანსება, რა ვადებში მოხდება ეს და კონკრეტულად რა მიმართულებებზე წავა მეტი თანხები.  

თავის მხრივ, უმცირესობასთან გამართულ შეხვედრაზე, ივანიშვილმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო დაპირებების ჩამონათვალს ადასტურებს და მთავრობა მათ განხორციელებას აპირებს. მისივე თქმით, საარჩევნო დაპირებების ნაწილი, მათ შორის, განათლება, სტრატეგიულ სფეროთა შორისაა - სტრატეგიულ დაპირებებზე კი კონკრეტული ვადები არ სახელდებოდა. „უნდა შევეცადოთ, რომ ყველა ის დაპირება, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გვქონდა, მაქსიმალურად მოკლე დროში განვახორციელოთ“. - დააზუსტა ივანიშვილმა.

საინტერესოა, რამდენად შეესაბამება სამთავრობო პროგრამა ქართული ოცნებისვე საარჩევნო პროგრამას, ან საარჩევნო პროგრამაზე დაყრდნობით, კონკრეტულად რას შეიძლება ველოდოთ სამთავრობო პროგრამაში წარმოდგენილი დებულებებისგან.

სამთავრობო პროგრამაში ერთ-ერთი მიმართულება განათლების სფეროს დეცენტრალიზაციაა. დანარჩენების მსგავსად, ეს პროცესიც ზოგადი ფრაზებითაა აღწერილი. პროგრამაში ვკითხულობთ: „გარანტირებული იქნება უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური,  ადმინისტრაციული და ფინანსური ავტონომიის მაღალი დონე. გაიზრდება და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებისაგან მკაფიოდ გაიმიჯნება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები განათლების სფეროში“.  

გაუგებარია, კონკრეტულად როგორ უნდა მოხდეს ავტონომიის ზრდა. თუმცა, თუ საარჩევნო პროგრამით ვიხელმძღვანელებთ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ  შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას: უნდა გადაისინჯოს სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის, განათლების სამინისტროს უფლებები და მოვალეობები განათლების სფეროში; ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენციების ზრდას უნდა ველოდოთ - მაგალითად, მათ კომპეტენციაში მოიაზრება სკოლების დაარსება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად, ასევე სკოლების დაფინანსება და კონტროლი. დაპირების მიხედვით, უნდა გაუქმდეს რეგენტთა საბჭო და სკოლების ბრენდირების წესი. სასკოლო გეგმის შექმნაში მშობლების მონაწილეობა უნდა გაიზარდოს მშობელთა საბჭოს მეშვეობით. ასევე, საუბარი იყო განათლების სისტემის „მიუკერძოებელი“ ყოველწლიური მონიტორინგისა და  შეფასების შესახებ.

ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ, რომ აწ უკვე ყოფილი ხელისუფლებისთვის განათლება ნაკლებად პრიორიტეტული სფეროა და მისი საბიუჯეტო დაფინანსება მცირეა. დაბალია ამ სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასებიც. მთავარი კითხვა, რომელსაც დღეს მთავრობას საპარლამენტო ოპოზიცია უსვამს, სწორედ  განათლების დაფინანსების ზრდას და მის კონკრეტულ მოცულობას ეხება. 2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან განათლების სფეროსთვის 10.6% იყო განსაზღვრული. ახალ სამთავრობო პროგრამაში წერია, რომ სახელმწიფო ხარჯები განათლებაზე გაიზრდება, თუმცა, ჯერჯერობით ეს მხოლოდ ზოგადი დებულებაა.

განათლების დაფინანსების შესახებ რიცხვებს ვერც ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში შევხვდებით. თუმცა, კონკრეტული დაპირებები აქ მეტია. მაგალითად, საარჩევნო პროგრამის მიხედვით, მნიშვნელოვნად უნდა მოიმატოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა ხელფასებმა. ასევე, უნდა გადაიხედოს დაფინანსების ვაუჩერული წესი (როგორც დაფინანსების ძირითადი წყარო) და დაფინანსების სხვა კომპონენტებით შეივსოს. დაფინანსება უნდა გაეზარდოს საბავშვო ბაღებს, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას. გარდა ამისა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქართული ოცნება აპირებდა კერძო და საჯარო დაწესებულებების დოქტორანტებისთვის „მხარდასაჭერი პროგრამების“ განხორციელებას, რაც, სავარაუდოდ, ამ მიმართულებით დაფინანსების ზრდას გულისხმობს.

საარჩევნო პროგრამის თანახმად, დაფინანსება მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს მეცნიერების მიმართულებითაც, სახელმწიფომ მეცნიერების სფეროში საგრანტო დაფინანსების სისტემა უნდა შექნას და, ასევე, მოახერხოს სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება.

სამთავრობო პროგრამაში ცოტა რამაა ნათქვამი განათლების ხელმისაწვდომობაზეც - თუ არ ჩავთვლით ზოგად ფრაზას, რომ ის გაიზრდება. წინასაარჩევნო დაპირების თანახმად, სოფლებისა და ქალაქებისათვის უნდა დაწესდეს სკოლის ტერიტორიული ხელმისაწვდომობის სტანდარტები, ხოლო მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსწავლეებს ტრანსპორტით სარგებლობისას შეღავათები უნდა ჰქონდეთ; ასევე, სახელმწიფომ „განსაკუთრებულად“ უნდა იზრუნოს მაღალმთიანი რეგიონების მცირეკონტინგენტიანი სკოლების ფუნქციონირებაზე.

სხვა წინაასაარჩევნო დაპირებების თანახმად, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის „მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები“ ქართულ ენაზე უნდა ითარგმნოს. ამასთან, სტუდენტები გარკვეულ შეღავათებს უნდა ელოდნენ - მათ შორის, სტიპენდიების გაცემის წესის გადახედვას, საერთო საცხოვრებლებით უზრუნველყოფასა და ეფექტურ დასაქმების პროგრამებს.

კომენტარები