სამთავრობო პროგრამა

საგარეო პოლიტიკა სამთავრობო პროგრამაში

25 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის მთავრობას და მის სამოქმედო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. საპარლამენტო უმცირესობის წევრების ნაწილის განცხადებით, ქართული ოცნების სამთავრობო პროგრამა უფრო ბუნდოვანია და მასში ნაკლები კონკრეტიკაა, ვიდრე წინასაარჩევნო პროგრამაში. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი თარიღებია - თითქმის არცერთი პროგრამის შემთხვევაში არ არის ცნობილი, თუ რა ვადებში შესრულდება ის.

ქართულმა ოცნებამ საარჩევნო პროგრამაში ჩამოაყალიბა ზოგადი დებულებები, რომელთა მიხედვითაც საგარეო პოლიტიკის წარმართვას აპირებდა. დებულებათა დიდი ნაწილი სამთავრობო პროგრამაშიც შენარჩუნებულია.

მთავარ მიმართულებად ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია და გეოპოლიტიკური მდებარეობის ეფექტიანი გამოყენება დასახელდა. ამასთან ერთად, საარჩევნო დოკუმენტში ქართული ოცნება ავღანეთსა და სხვა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას ეროვნული ინტერესების ნაწილად თვლის. ეს დებულებები ივანიშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში შენარჩუნებულია.

საარჩევნო პროგრამაში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად აშშ სახელდება და მასთან ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პირობების მიხედვით წარიმართება. აშშ სამთავრობო პროგრამაშიც მთავარ პარტნიორადაა მოხსენიებული. პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პირველ უცხოურ ვიზიტს თავდაპირველად სწორედ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით გეგმა შეცვალა და, ვაშინგტონის ნაცვლად, პირველად ბრიუსელს ეწვევა.

წინასარჩევნოდ კოალიცია ასევე ყურადღებას ამახილებდა აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობაში საქართველოს ფაქტორის მნიშვნელობაზე - ქართული ოცნების აზრით, აღნიშნული ფაქტორი ამ ურთიერთობაში საერთოდ უნდა გამქრალიყო. სამთავრობო პროგრამაში რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში საქართველოს როლზე საუბარი საერთოდ არ არის.

ამასთანავე, ქართული ოცნების მთავარი მიზანი საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება იყო. სამთავრობო პროგრამაში ეს დებულება შენარჩუნებულია. ამასთან ერთად, არჩევნების შემდეგ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა რუსეთთან ურთიერთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. თუ აქამდე ქართული ოცნება ამ საკითხზე კონკრეტიკას ერიდებოდა, არჩევნების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან ვერ აღდგება, თუ ეს ქვეყანა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საელჩოებს შეინარჩუნებს. მისი თქმით, რუსეთს საქართველოში მხოლოდ ერთი საელჩო შეიძლება ჰქონდეს და ის თბილისში შეიძლება იყოს. თუმცა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხი ქართულ ოცნებაში ეკლექტურია - მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებდა. ოკუპანტ ქვეყანაში ჩატარებულ ოლიმპიადაში მონაწილეობა საერთაშორისო ასპარეზზე ყოვლად წარმოუდგენელია - 1980 წელს, დასავლეთმა მოსკოვის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა. ოლიმპიადა მშვიდობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მშვიდობიანი თანაცხოვრების სიმბოლოა და ის ოკუპანტ ქვეყანაში არ შეიძლება ჩატარდეს. ხელისუფლება, რომელიც სააკაშვილს რუსეთთან უაზრო კომპრომისებისთვის აკრიტიკებს, ახლა ერთგვარად ირონიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა - რადგან, თუ რუსეთთან უვიზო რეჟიმის დაწესებით რაღაც კონკრეტული შედეგები იყო ტურიზმის მხრივ, სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებულმა კომპრომისმა რა შედეგი უნდა მოიტანოს, გაუგებარია.

რუსეთის მხრიდან ურთიერთობის აღდგენის ერთ-ერთ ნაწილად ემბარგოს გაუქმება ითვლება. რუსეთმა ცალმხრივი ემბარგო ქართულ პროდუქციაზე 2006 წელს დააწესა. ბიძინა ივანიშვილმა ემბარგო ქართულ მხარეს დააბრალა, თუმცა მისი გადაჭრის გზები არც წინასაარჩევნო და არც სამთავრობო პროგრამაში არ წარმოუდგენია.

საარჩევნო პროგრამაში აგრეთვე საუბარი იყო ჩრდილოკავკასიელებთან ურთიერთობაზე, რაც სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა. ქართული ოცნების თქმით, ეს ურთიერთობა არ უნდა იყოს რუსეთთან დაპირისპირების მიზეზი ან მისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორი. ეს საკითხი სამთავრობო პროგრამაში არ არის გამოხატული.

ასევე პრიორიტეტულად სახელდებოდა კასპიის რეგიონთან ურთიერთობების გააქტიურება. ეს ნაწილი სამთავრობო პროგრამაშიც შენარჩუნებულია.


კომენტარები