მუსიკა

ნიუ იორკელის თვალით დანახული საქართველო

ინტერვიუ პიტერ გოლდთან

პროფესიით – ეთნომუსიკოლოგია. უფრო სწორად, ეთნომუსიკოლოგი, ანთროპოლოგი, არქეოლოგი, მკვლევარი, მწერალი, ფოტოგრაფი, მუსიკოსი... უჭირს იმის თქმა, რომელი საქმიანობა უკეთ გამოხატავს მის პიროვნებას. ერთი რამ ცხადია, პიტერ გოლდის კიდევ ერთ არაოფიციალურ პროფესიას – მოგზაურობას – ბევრი რამის ახსნა შეუძლია.

გოლდის მთავარი მამოძრავებელი ძალა უცხო კულტურებით დაინტერესება, კვლევა, მათ შორის საერთო უხილავი კავშირების აღმოჩენის სურვილია... და მუსიკის სიყვარული. „ეს ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ დავიბადე და გავიზარდე ნიუ იორკში, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი მულტიკულტურული ქალაქია მსოფლიოში”, – ამბობს ამერიკელი მეცნიერი. „ჩემი წინაპრები იქ რუმინეთიდან და პოლონეთიდან ჩავიდნენ. ნიუ იორკში ბავშვობიდან ყველანაირი კულტურის მუსიკა მესმოდა. როცა თექვსმეტი წლის ვიყავი, ამერიკაში ტრადიციული მუსიკის აღორძინების ხანა დაიწყო. აქტუალური გახდა აპალაჩების მთების მუსიკა, ბანჯო, აფროამერიკული ძველებური ბლუზი”.

გოლდი ქართულ ხალხურ მუსიკასაც იმ პერიოდში გაეცნო. ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ 1968 წელს საქართველოში ჩამოვიდა. მაშინ ის პროფესორ გრიგოლ ჩხიკვაძესთან იმყოფებოდა სტუმრად, იმავე წელს კი თურქეთში მცხოვრებ შავშელებთან მოაწყო ექსპედიცია და მათი მუსიკა კომპაქტდისკზე გამოსცა.

ორმოციოდე წლის შემდეგ ამერიკელი ეთნომუსიკოლოგი მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმზე დასასწრებად კვლავ ჩამოვიდა საქართველოში. „სიმპოზიუმი ძალიან სასარგებლო იყო – მან თავი მოუყარა მრავალხმიანი ვოკალის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან. რამდენიმე ქვეყნის მრავალხმიანობა ჩემთვის ახალი და უცნობი აღმოჩნდა. აქ იყო წარმოდგენილი ჩინური და იაპონური კულტურების მრავალხმიანი მუსიკა, რომელზეც არასოდეს მსმენოდა. მეორე საინტერესო მიმართულება იყო ის, რომ ჩვენ ვიკვლევდით იდეებს პოლიფონიის წარმოშობის შესახებ – როდის გაჩნდა, როგორ გადარჩა ის ათასწლეულების განმავლობაში, – ჰყვება გოლდი, – იაპონიიდან ჩამოსული იყო პატარა ჯგუფი Ainu, მათ მოგვასმენინეს ძალიან მარტივი მრავალხმიანობა, როცა ერთი ადამიანი იწყებს სიმღერას და შემდეგ სხვები უერთდებიან. ქართული პოლიფონია ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული, თქვენ გაქვთ დამოუკიდებელი სამი ხმა. ისინი ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს, მაგრამ დამოუკიდებლობის მომენტი მაინც რჩება. ვფიქრობ, ქართული მრავალხმიანობა ყველაზე რთული და ყველაზე საინტერესოა მსოფლიოში არსებულ ხალხურ პოლიფონიებს შორის”.

გოლდისთვის საინტერესო აღმოჩნდა დროში მომხდარ ცვლილებებზე დაკვირვება. „ორმოცი წლის წინ ბევრი ქართული გუნდი მღეროდა ევროპულ ქრომატულ სტილში, რაც ხელოვნური მგონია ქართული მრავალხმიანობისთვის. სოფლებში უფრო ბუნებრივ სიხშირეებს ანიჭებდნენ უპირატესობას. დღეს აშკარაა, რომ უფრო დიდია დაინტერესება ტრადიციული სტილით. ჟღერადობა უფრო ავთენტური გახდა. დღეს გყავთ ბევრი ახალგაზრდა გუნდი, მაგალითად „ბასიანი”, „ანჩისხატი”, „შავნაბადა”, რომლებიც ძველებურ სტილში სიმღერას სწავლობენ.

ეს ქართული მრავალხმიანობის ერთგვარი რენესანსია, რაც იმის დამსახურება უნდა იყოს, რომ აღარ არსებობს პოლიტიკური კონტროლი და კოლონიური ზეწოლა საბჭოთა კავშირის სახით. საბჭოთა ფილოსოფია ზედმეტად მკაცრი იყო, რაც არ ეთავსება ქართულ ხასიათს. ახლა, როდესაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, თქვენ შეგიძლიათ ეს ხასიათი აღიდგინოთ.

ორმოცი წლის განმავლობაში თქვენთან კიდევ ერთი რამ შეცვლილა – მუსიკა მესმის ყველგან, სადაც არ უნდა წავიდე. მაშინ ექსპრესიის დონე ასეთი მაღალი არ იყო. მე ამ დღეებში ვუსმენდი ქართულ რადიოს. თქვენ ახლა გაქვთ ყველაფერი – ტრადიციული ხალხური მუსიკა, ჯაზი, ქართული პოპსიმღერები, დასავლური ბლუზი და ასეთი რაღაცები. დღეს არა მხოლოდ მუსიკალურად, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც გაქვთ გამოხატვის თავისუფლება. მიმაჩნია, რომ ეს არის ფუნდამენტური განსხვავება 60-იანების და დღევანდელ საქართველოს შორის. თავისუფლება ნამდვილადაა ქართულ ხასიათში”.

პიტერ გოლდის ბიოგრაფია საინტერესოა. მას შესწავლილი აქვს ინდიელების, ტიბეტელების, ესკიმოსების, მექსიკის აბორიგენი მოსახლეობის, კავკასიელებისა და სხვა ხალხების კულტურა. საინტერესოა, რომ გოლდი ამერიკის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმში მარგარეტ მიდის კვლევით ასისტენტად მუშაობდა. მოგვიანებით მეცნიერმა დააარსა „უძველესი გზების პროექტი”, რომელიც ვორქშოპებს და ექსპერიმენტულ სემინარებს აერთიანებს და კაცობრიობის ერთიანობის იდეის შესწავლისკენაა მიმართული, ძველი კულტურების ფილოსოფიისა და სიბრძნის ანალიზის მეშვეობით.

გოლდს სჯერა, რომ არსებობს ძირითადი პრინციპები, რომლებიც მსოფლიოს უძველესი კულტურების საფუძველი გახდა. ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდა, რაც ძირეულად შეისწავლა ნავახოს ინდიელების და ტიბეტელების ფილოსოფია. „ისინი სამყაროს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ, მაგრამ ფესვები თითქოს ერთი აქვთ. მათი იდეები საკუთარ თავში ბალანსის პოვნასა და შენარჩუნებაზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე, იდენტურია”.

მისი აზრით, ადამიანები მაშინ ეომებიან ერთმანეთს, როდესაც ომი აქვთ საკუთარ თავთან. ჰარმონიის პოვნა და საკუთარ თავში განსხვავებული საწყისების დაბალანსება – ეს ისაა, რაც კონფლიქტებს ბოლოს მოუღებს. მეცნიერს ასევე მიაჩნია, რომ სულიერი ჰარმონიის მისაღწევად ტრადიციული რიტუალების მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში სათანადოდ არაა შეფასებული.

„მესმის, რომ დღეს თქვენ გაქვთ სურვილი, გახდეთ უფრო დიდი სამყაროს ნაწილი, მაგრამ ამასთან ისმის კითხვა, როგორ უნდა შეინარჩუნოთ იდენტობა გლობალიზაციის პირობებში. თქვენ გაქვთ ისეთი კარგი ტრადიციები, როგორიცაა ქართული სუფრა. ახალგაზრდებს სუფრა არ გიყვართ, ხო? ძველმოდურია... იქნებ ზედმეტად ფორმალურადაც გეჩვენებათ. მაგრამ ხალხის თავშეყრა, სიმღერა (სავალდებულო არაა, რომ ის ხალხური იყოს) მნიშვნელოვანი მგონია. ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ გაქვთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი მუსიკალური ტრადიციები.

იმედი მაქვს, თქვენი თაობა ამას სადღაც შორს არ მოისვრის. თუ თქვენი ცხოვრების ტემპი იმდენად სწრაფია, რომ ასეთი რიტუალებისთვის დრო არ გრჩებათ, უნდა გაჩერდეთ და ჰკითხოთ თავს, ეს კარგია თქვენთვის? მე იქიდან ვარ, სადაც ცხოვრების ტემპი ძალიან სწრაფია და ვფიქრობ, არაფერია იმაში სასიამოვნო, როდესაც ცხოვრება ზედმეტად სწრაფად გადის, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილების მიღების თვალსაზრისით ეს შეიძლება უფრო საინტერესო იყოს. ერთხელ არტურ შნაბელს ჰკითხეს, როგორ უნდა გავხდეთ თქვენსავით დიდი პიანისტიო. მან უპასუხა, მე ზუსტად იმ ნოტებს ვუკრავ ინსტრუმენტზე, რომლებსაც ნებისმიერი სხვა პიანისტი, მაგრამ პაუზები, რომლებსაც ვიღებ, სიჩუმე ნოტებს შორის – აი, რა არის მთავარი”...

დროდადრო გოლდი თავადაც წერს მუსიკას. ფიუჟენის საკუთარი ხედვა აქვს: „ვცდილობ გამოვიყენო ტრადიციული მუსიკა ან პოეზია, როგორც საფუძველი. ამასთან, ვწერ ახალ მელოდიებს ან ვიყენებ დასავლურ კლასიკურ მუსიკას. მაგალითისთვის, ის, რაც ბოლოს ავაწყვე (არ ვამბობ, რომ შევქმენი), ასეთია – ბახის G String-ს ვუკრავ გიტარაზე და ვადებ უილიამ უორდსვორტის პოეზიას. ისინი თითქმის ერთ დროს ცხოვრობდნენ და ამიტომ ძალიან კარგად ეწყობიან”.

თბილისში კი ღამდება. მიუხედავად დაღლილობისა (ეს-ესაა კონსერვატორიაში ხანგრძლივი ლექცია წაიკითხა ამერიკის აბორიგენი მოსახლეობის მუსიკალურ კულტურაზე), პიტერი მაინც გატაცებით საუბრობს სამომავლო გეგმებზე. უნდა, რომ ქართული მრავალხმიანობის სტრუქტურა ზედმიწევნით შეისწავლოს და ტრადიციული მუსიკისა და „ვეფხისტყაოსნის” სტროფების სინთეზი გააკეთოს. რთულია გაიხსენო რესპონდენტი, რომელიც ასეთი ენთუზიაზმით ისაუბრებდა პოლიფონიისა და რუსთაველის პოეზიის სტრუქტურის არსის შესწავლაზე, თანაც ასე მკვეთრად გამოხატული ნიუ იორკული აქცენტით.

კომენტარები