არქივი

ევროპელობის შესახებ

ჩვენ, ქართველებს, რომლებმაც ერთი ევროპული ხანა – ფეოდალური, უკვე გავიარეთ, ევროპა ვერას დაგვაკლებს. ის ჩვენი მტერი არ არის, პირიქით, ის არის სისხლი სისხლთაგანი ჩვენი და ხორცი-ხორცთაგანი ჩვენი. ჩვენ ჩვენითვე ვევროპიელდებით და მაშასადამე, მის გვერდით, მასთან შეკავშირებით უნდა ვიცხოვროთ. ქართველობამ თვითონვე უნდა განავითაროს ძალა, აღიძრას ენერგია, გაანაყოფიეროს შრომა. თვითმოქმედება, თვითმოძრაობა, თვითაზროვნება – აი, რა უნდა ეწეროს მის დროშაზე. ყველა ის, რაც ამ გზაზე გვაბრკოლებს, ძიძაობას გვიწევს, ასპარეზს გვივიწროებს, გვაძინებს, გვაზარმაცებს – აი ეს, ჩვენი პირდაპირი მტერია, მომავლის ორმოს ამომთხრელია. ვერც ერთი ხალხი ვერ ევროპიელდება გონებით, პოლიტიკურათ, თუ ის ვერ ევროპიელდება ცხოვრებით, ეკონომიურათ. გაევროპელება წარმოებს ქართულ ნიადაგზე, ქართულ კულტურაზე. სამშობლო და უცხოეთი, საქართველო და ევროპა, ქართველობა და ევროპიელობა – აი, რა წერია ახალ დროშაზე.

ქართველი ხალხი მარტო პოლიტიკით ვერ დაკმაყოფილდება... ამასთანავე საჭიროა სხვა რამეც, უმთავრესად კულტურა. ქართველობა აღიზარდა სპარსულ-ოსმალურ-რუსული კულტურის გავლენის ქვეშ, თუმცა ამასთანავე თავის ორიგინალურ ტრადიციებსაც მამაცურად იცავდა, მაგრამ მას არ ჰქონდა წარმოდგენა ევროპის კულტურაზე, საითკენაც გვინდოდა მისი მიდენა.

ევროპის გზა მსოფლიო გზაა, ახლა ისტორიას სხვა გზა არ გამოუგონია და თავისთავად მისახვედრია ჩვენი მასზე შედგომა. ეს დაგვიანება ჩვენთვის შეიძლება დიდად სასარგებლო გამოდგეს, თუ მას სწორი შეხედულებით მიუდგებით და მის მაგალითს გამოვიყენებთ.

რაკი ჩავდექით ევროპის ფერხულში, ვიცით რას ვაკეთებთ, საითკენ მივემართებით, მაგალითი გადაშლილია. ჩვენი მოვალეობაა, წმინდა მოვალეობაა მხოლოდ ერთი: ვიყოთ თვალხილული, გავარჩიოთ ავი და კარგი, მივიღოთ მისაღები და უარვყოთ უარსაყოფი.

უეჭველად მისაღებია ევროპის შრომის საშუალებანი, მისი ტექნიკა, მისი მეცნიერება, მისი ნივთიერი და სულიერი კულტურა.

მახსენდება დავით სარაჯიშვილი – ის იყო პირველი ქართველი მრეწველი ევროპული ტიპისა. ერთხელ მან მითხრა: „ძნელია ჩვენში ეკონომიურად წინ წაწევა, როგორც კი ერთი ცოტაოდენ ქონებას შეიძენს, ასი მშიერი უკან დასდევს და სანამ არ გახრავენ, თავს არ დაანებებენო. ასეთ პირობებში მართლაც დიდი პრაქტიკული ნიჭია საჭირო, რომ შემოსეულ ხროვას გაუძლო და შეძლება გონიერად მოიხმარო”. დავითი რომ წმინდა ქართველი მრეწველი ყოფილიყო, კაი ხანია ქართველურად დაამთავრებდა – მისი შეძლებისგან არაფერი დარჩებოდა. მხოლოდ ევროპელ კაცს შეეძლო ყველა მადლიერი ჰყოლოდა და თანაც შეძლება არ გაეფლანგა. შეაერთეთ ქართული გულკეთილობა და პურ-მარილი ევროპულ საქმიანობასთან და მიიღებთ დავით სარაჯიშვილს. ამ პიროვნებაში სამაგალითოდ შეზავდა საქები ქართველობა და საქები ევროპიელობა. და მე მგონია ქართველის გაევროპელება სწორედ ამ გზით უნდა მოხდეს, როცა თითოეული ჩვენგანი ისწავლის ევროპიულ მუშაობას, ევროპიულ საქმიანობას და თან ნაციონალურ ხასიათს არ დავკარგავთ – ჩვენი გაევროპელება ფაქტი იქნება. დავით სარაჯიშვილი ქართველი ევროპიელი იყო.

ნოე ჟორდანია 

კომენტარები