ფეხბურთი

რაც გვინახავს, კიდევ ვნახავთ

12 ოქტომბერი, 2012: ფინეთი 1:1 საქართველო

16 ოქტომბერი, 2012: ბელარუსი 2:0 საქართველო
ნაკრები ნაკრებს ემსგავსება...

საქართველო სწორი გზით მიდის...

ამ გუნდს ორივე თამაშის მოგება შეუძლია...

მორიგი ოფიციალური მატჩების წინ სწორედ ასე აფასებდნენ ეროვნულის ყოფილი ფეხბურთელები და ქართული კლუბების მწვრთნელები საქართველოს ნაკრების შანსებს და ზოგადად, მის დღევანდელ მდგომარეობას.

საბოლოოდ რა? ორი გასვლითი მატჩი და ერთადერთი ქულა: ფინეთში 1:1, ბელარუსში 0:2.

ახალი არაფერი მომხდარა. ვნახეთ ის, რაც აქამდეც არაერთხელ გვინახავს და რამაც წლებია თავი მოგვაბეზრა.

გასაკვირი მხოლოდ ისაა, თუ რას ეფუძნება ხოლმე ჩვენი საფეხბურთო „ექსპერტების” ნააზრევი.

ესპანეთის ნაკრებთან მთელი გუნდით კარში დგომას და საბოლოოდ მაინც წაგებას თუ ყველაფრის მომგებ მეტოქესთან „მხოლოდ” 0:1 მარცხს?

ამ ამბებმა წინა მსოფლიოს შესარჩევები გამახსენა.

საფრანგეთი 98-ის საკვალიფიკაციოს სტარტზე ჩვენი გუნდი იტალიის უსახურ ნაკრებთან დამარცხდა და ის 0:1 მაშინაც დადებითაც შეფასდა – აქაოდა, იტალიაა, თან სტუმრად ვითამაშეთ და თან, მხოლოდ ერთი ბურთი გავუშვითო! მომდევნო შეხვედრაში ინგლისის ნაკრებთან ყველა უეჭველ მოგებას ელოდა.

კორეა-იაპონია 2002 იყო და ლიტვაში 4:0 გამარჯვებით დავიწყეთ.

ავშენდით! გვეღირსა! გავდივართ! თუ არ გახსოვთ ამას რა მოჰყვა, შეგახსენებთ: იტალიასთან 0:2, რუმინეთთან შინ 0:2, უნგრეთთან 1:4...

გერმანია 2006? გუნდმა თურქეთში ფრედ ითამაშა, მოუგო ალბანეთს, მერე შინ არ დამარცხდა დანიასთან... მაშინაც ზუსტად იგივე სიტყვები: „ნაკრები ნაკრებს ემსგავსება...”, „საქართველო სწორი გზით მიდის...”

მტერს არ უსურვებს კაცი, რაც ამას მოჰყვა.

12 ოქტომბერი, 2012: ფინეთი 1:1 საქართველო
ახლაც ნაცნობი დასაწყისი: ბელარუსთან შინ 1:0, ესპანეთთან „მხოლოდ” 0:1 და ისევ უაზრო იმედი, რომ საქართველო ორ გასვლით მატჩში ექვსს თუ არა, ოთხ ქულას მაინც აიღებდა.

„ჩვენ გვყავს ბიჭები, რომელთაგან მალე ისეთ გუნდს ავაშენებთ, ყველა რომ გაიხარებს”, – ეს სიტყვები ეროვნულის თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ესპანეთთან თბილისური მატჩის შემდეგ თქვა.

ვერ გეტყვით, მთავარი მწვრთნელი რას გულისხმობს, მაგრამ ამ გუნდს შენებისა რომ არაფერი ეტყობა, ფინეთის და ბელარუსის ნაკრებებთან შეხვედრებში კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა. ნუ, თუ ნაკრები დიდი ანგარიშით წაგებას გადაეჩვია და ახლა მხოლოდ ერთი ან ორი გოლით აგებს და ეს „შენებაა”, სხვა საქმეა. ბოდიშის მოხდით უნდა ვთქვა, რომ გუნდის შენება სხვანაირად წარმომიდგენია.

ხოლო რაც შეეხება იმას, რომ „მალე გავიხარებთ”... აბა რა ვთქვა? საქართველოს ნაკრებს გოლი ვერ გააქვს, კარში ხეირიანად ვერ ურტყამს, მცველები მეტოქის ფორვარდებს ბურთს უსწორებენ, მწვრთნელი ჯიუტად ათამაშებს ფეხბურთელებს, რომლებიც ყველა შეხვედრაში უამრავ შეცდომას უშვებენ...

და ამის შემხედვარე „მალე გავიხარებთ”. ჩვენი გუნდის ავისმსურველი რომ ვიყო, გამიხარდებოდა, მაგრამ რომ არ ვარ?

წლები გადის, ეროვნულის მაისურით ახალი ფეხბურთელები გადიან მინდორზე, იცვლებიან მეტოქეებიც, მაგრამ არ იცვლება მთავარი – საქართველოს პირველი გუნდის თამაში.

არ იცვლება იმიტომ, რომ უმრავლესობა არ ცდილობს შეცდომის გათვალისწინებას და, რაც მთავარია, მასზე სწავლას და მის გამოსწორებას.

ხშირად მოისმენთ ან წაიკითხავთ, რომ: „გუნდმა ის მარცხი უკვე დაივიწყა. ახლა ბიჭები მხოლოდ ამ შეხვედრაზე ფიქრობენ”. ეს სიტყვები მწვრთნელების თუ მოთამაშეების ინტერვიუებში უამრავჯერ მინახავს. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამ უაზრობას კიდევ არაერთხელ შეხვდებით.

ეს სისულელე ერთგვარი თანამდევია არამარტო ეროვნული ნაკრების, ზოგადად, ჩვენი ფეხბურთისა. და ეს სიბრიყვე, გარკვეულწილად, ირიბი პასუხიცაა იმ კითხვაზე, თუ რატომ არაფერი იცვლება ქართულ ფეხბურთში.

წაგების დავიწყება ვერაფერი გამოსავალია.

მარცხი კი არ უნდა დაივიწყო, პირიქით, ძალიან კარგად უნდა დაიხსომო, რომ მეორედ იგივე არ შეგემთხვეს.

ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება.

სწავლა არასდროსაა გვიანი. სხვა საქმეა, როცა ვინმეს ეზარება ან თვლის, რომ უკვე ყველაფერი იცის.

ასეთები ყველგან და ყოველთვის წაგებულები იქნებიან.

განსაკუთრებით ფეხბურთში, სადაც მატჩიდან მატჩამდე უნდა ამტკიცო, რომ მოედანზე გასვლის ღირსი ხარ. მით უმეტეს, ქვეყნის პირველი გუნდის მაისურით.

 

* * *

...საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალური გასვლითი მატჩი ბოლოს ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო ტურნირში, 2006 წლის 16 აგვისტოს მოიგო – ტორსჰავნში ფარერის კუნძულების ნაკრები 6:0 დაამარცხა.

...საქართველოს ნაკრებმა ოფიციალურ მატჩში 2 გოლი ბოლოს 2009 წლის 14 ოქტომბერს, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოში ბულგარეთთან 2:6 წაგებულ მატჩში შეაგდო.

...ეროვნულმა ისტორიაში საიუბილეო, მე-200 გოლი ბრაზილია 2014-ის საკვალიფიკაციო ტურნირის საწყის მატჩში, ბელარუსთან გაიტანა. გურამ კაშიას მიერ ფინეთისთვის შეგდებული ბურთი ჩვენი გუნდისთვის 201-ე იყო. პირველი 100 გოლი ჩვენმა გუნდმა 76 თამაშში შეაგდო, მეორე 100 – 96-ში.

...ზურაბ ხიზანიშვილმა მინსკში, ბელარუსის წინააღმდეგ 85-ე მატჩი ჩაატარა ნაკრებში და ყველა დროის სიაში ახლა მეორე ადგილზეა. წინ მხოლოდ ლევან კობიაშვილია.

...ამ შესარჩევ ციკლში მონაწილეობით ხიზანიშვილმა ნაკრების ყოფილი კაპიტნების, ლევან კობიაშვილის და კახა კალაძის რეკორდები გაიმეორა – მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხე საკვალიფიკაციოში ითამაშა. კობიაშვილმა 1998, 2002, 2006 და 2010 წლების მუნდიალის შესარჩევში 33 მატჩში 5 გოლი გაიტანა, კახა კალაძემ კი იმავე საკვალიფიკაციოებში 28 შეხვედრა ჩაატარა. ბელარუსთან მატჩი ზურაბ ხიზანიშვილისთვის მსოფლიოს 27-ე შესარჩევი თამაში იყო.

…ევრო 2012-ის შესარჩევი თამაშების ჩათვლით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით მე-14 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. მინსკში ქეცბაიას გაწვრთნილმა საქართველომ პირველად წააგო პირველი ტაიმი.

…საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიაში (1990 წლიდან) 52 ქვეყნის ნაკრებთან უთამაშია, მათგან სამს მხოლოდ ბოლო ორ თვეში დაუპირისპირდა. ბელარუსი ჩვენი გუნდის 50-ე მეტოქე იყო, ესპანეთი 51-ე, ხოლო ფინეთი 52-ე. თუ მხოლოდ ევროპის ქვეყნებს გავითვალისწინებთ, ბელარუსი 39-ე „ევროპელი” მეტოქე იქნება, ესპანეთი მე-40, ფინეთი კი 41-ე.

* * *

.03.2013 საფრანგეთი-საქართველო

22.03.2013 ესპანეთი-ფინეთი

26.03.2013 საფრანგეთი-ესპანეთი

07.06.2013 ფინეთი-ბელარუსი

11.06.2013 ბელარუსი-ფინეთი

06.09.2013 საქართველო-საფრანგეთი

06.09.2013 ფინეთი-ესპანეთი

10.09.2013 საქართველო-ფინეთი

10.09.2013 ბელარუსი-საფრანგეთი

11.10.2013 ესპანეთი-ბელარუსი

15.10.2013 ესპანეთი-საქართველო

15.10.2013 საფრანგეთი-ფინეთი

კომენტარები