ჩოგბურთი

ფრაზები: როჯერ ფედერერი

0 კომენტარი

ბევრი თვლის, რომ როჯერი ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელია.

ამ მოსაზრებას ზოგი არ ეთანხმება – სხვა ფავორიტები ჰყავთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ვერ უარყოფენ, რომ:

დიდი მუზარადის ყველაზე მეტი ტურნირი შვეიცარიელმა მაესტრომ მოიგო;

პროტურში ყველაზე დიდი საპრიზო თანხა მან გამოიმუშავა;

სხვა არავინ ყოფილა რეიტინგის პირველი ნომერი 300 კვირის განმავლობაში;

მის გარდა არავის მოუგია წლის შემაჯამებელი ტურნირი ექვსჯერ...

ყველაზე მეტი... ყველაზე დიდხანს... ყველაზე ბევრჯერ... ყველაზე ლამაზად...

როჯერ ფედერერი მწერალია. ის საჩოგბურთო ისტორიებს წერს.

...ბავშვობაში მინდოდა, რომ კარგი ჩოგბურთელი გავმხდარიყავი. როცა პროტურში ჩავერთე, მხოლოდ პირველობა მსურდა... სანამ კორტზე ვარ, ერთადერთი მიზანი მექნება – ვიყო ნომერი პირველი! ძალიან მინდა, რომ როცა კარიერას დავასრულებ, ვთქვა – „რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე” და ამ სიტყვების სიმართლეში ბოლომდე დარწმუნებული ვიყო.

...ოპტიმისტი ვარ – ცხოვრებას იმედის თვალით ვუყურებ. ვთვლი, რომ ყველა ცვლილებას, რაც ჩემს თავს ხდება, მხოლოდ უკეთესობა მოაქვს. რაც შეეხება კარიერას, მიმაჩნია, რომ ვარ ადამიანი, ვისაც „უყვარს მოგება” და არა მოთამაშე, ვინც „წაგებას ვერ იტანს”. მარცხი სპორტის თანამდევია და ვიცი, რომ ერთი, თუნდაც მნიშვნელოვანი ფინალის წაგება ხელს ვერ შემიშლის.

...ძალიან ძნელია წლიდან წლამდე ფორმაში ყოფნა, რეჟიმის დაცვა, კორტზე გამარჯვებისთვის გასვლა, მხოლოდ პირველობისთვის ბრძოლა, არნახული ზეწოლის გაძლება, მაგრამ... იცით, რომ არა ჩოგბურთი, ვერ ვნახავდი უამრავ ქვეყანას, არ მექნებოდა იმდენის საშუალება, რაც ჩოგბურთმა მომცა, ასე რომ, წუწუნის დრო არაა. თანაც, ჩემი საქმე მეუღლეს დიდ სიამოვნებას ანიჭებს, მშობლები და მეგობრები ბედნიერები არიან და თანაც, ხომ ყველამ ვიცით, რომ ასე 70 წლამდე არ ვიცხოვრებ?!

...სანამ სიდნეიში შევხვდებოდი, მირკას სხვადასხვა ტურნირებიდან ვიცნობდი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ახლოს ვიყავით. ჩვენ იქ, ოლიმპიურ სოფელში დავახლოვდით და ბოლო დღეს, როცა დავემშვიდობე და ვაკოცე, ვიგრძენი, რომ ჩვენი ურთიერთობა ასე არ უნდა დასრულებულიყო. მიხარია, რომ ის გაგრძელდა და დღეს ჩვენ ერთად ვართ.

...მე და მირკას ბევრი რამ გვაერთიანებს, საერთო ინტერესები გვაქვს და ვგრძნობთ, რომ ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ. მასთან ყველა თემაზე შემიძლია ძალიან დიდხანს საუბარი და ეს სიამოვნებას მანიჭებს – კარგად ვისვენებ. ჩემთვის ის მხოლოდ მეუღლე არ არის, მირკა ისეთი მეგობარია, როგორიც ყველას უნდა ჰყავდეს.

...ყოველ დილით ძალიან კარგ ხასიათზე ვიღვიძებ და რომ ვფიქრობ რატომ, პასუხი ერთია – მიხარია ცხოვრება! კორტს მიღმა ყოველთვის მხიარული ვარ და სიმართლე გითხრათ, ჩვენი ურთიერთობის პირველ წლებში მირკას ეს ძალიან უკვირდა.

...როცა კორტზე ვარ, ვცდილობ მარცხმა წყობიდან არ გამომიყვანოს. კარიერის დასაწყისში ერთი-ორჯერ ჩოგანი მოვისროლე, ბურთს ფეხი დავარტყი, მაგრამ კარგა ხანია ასეთი რამ აღარ დამმართნია. დღეს ვარჯიშისას უფრო ვღიზიანდები, ვიდრე კორტზე... არ მოგატყუებთ – არ მიყვარს, როცა მოთამაშე კორტზეა და ცუდი დარტყმის და აცილებული ბურთის გამო ღიზიანდება.

...ადრე ვცდილობდი რთული დარტყმები შემესრულებინა, მაგრამ ახლა ასეთ რამეს ძალიან იშვიათად ვაკეთებ – მარტივად თამაშს არაფერი სჯობს. რაც მთავარია, შედეგიანია. ისე, განვლილ წლებს რომ ვიხსენებ, ვხვდები, რომ როგორც მოთამაშე ძალიან შევიცვალე. ალბათ, ამას ბევრი ვერც ხვდება.

...ყველაზე ძალიან პირველ წრეში თამაშისას ვნერვიულობ – სტარტზევე მარცხი ჩემთვის ტრაგედიაა. ფინალისკენ ყველაფერი იცვლება – ბოლო მატჩებში ვცდილობ საუკეთესოდ ვითამაშო და უმეტეს შემთხვევაში ეს გამომდის.

...ბევრს ჰგონია, რომ ძალიან იოლია ამდენი ტურნირის მოგება. იოლად არაფერი მოდის. უიმბლდონის პირველად მოგებამდე წლების მანძილზე დღეში თითქმის 8-10 საათს ვვარჯიშობდი. არ დაიჯეროთ, თუ ვინმე იტყვის, რომ იოლად გაიმარჯვა. ეს ძალიან დიდი სიცრუეა!

...პიტერ კარტერის დაღუპვამ (შვეიცარიის ნაკრების კაპიტანი, როჯერის მწვრთნელი და მეგობარი) თითქოს გამომაფხიზლა: მივხვდი, რომ ყველაფერი ძალიან მალე შეიძლება დასრულდეს და თუ რამის გაკეთება მსურს, სამომავლოდ არ უნდა გადავდო. „ხვალ” შეიძლება აღარ დადგეს.

...უიმბლდონსა და ამერიკის ღია პირველობაზე თავიდანვე ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ როლან გაროზე ყოველთვის მიჭირდა. ისე, პირველი უაილდქარდი სწორედ საფრანგეთში მივიღე და პირველ წრეში პატრიკ რაფტერთან დავმარცხდი. ის მატჩი, წაგების მიუხედავად, მაინც კარგად მაგონდება.

...პოპულარობა? შვეიცარიაში ვცხოვრობ და ეს არ მაწუხებს. ჩვენთან პაპარაცები თითქმის არ არიან და ეს მხოლოდ მიხარია. ისე, ისინი არც სხვა ქვეყნებში მაწუხებენ. როგორც ჩანს, არ ვარ ნიუსმეიქერი ტიპი – ღამის კლუბებში არ დავდივარ და თუ რომელიმე საღამოზე მეპატიჟებიან, მხოლოდ მეუღლესთან ერთად. ასეთი ცხოვრება მსიამოვნებს, პაპარაცებს კი, ალბათ, არა.

...როცა ჟურნალ-გაზეთებს ვკითხულობდი და მაკრიტიკებდნენ, ძალიან ვღიზიანდებოდი, ქება კი პირიქით, მსიამოვნებდა. მერე მივხვდი, რომ პრესა უარყოფითად მოქმედებდა ჩემზე და საერთოდ შევეშვი კითხვას. ჩოგბურთზე უამრავი ჟურნალისტი წერს, მაგრამ კარგად – რამდენიმე.

...რა თქმა უნდა, ძალიან მსიამოვნებს კარგი საბანკო ანგარიში რომ მაქვს, მაგრამ კარიერის დასაწყისში ამაზე არც მიფიქრია – მხოლოდ ტიტულები მსურდა. ისე, პროტურში პირველივე მატჩის წაგების მიუხედავად რამდენიმე ათასი დოლარი რომ ჩამირიცხეს, ჩემთვის ეს საოცრება იყო!

...ბევრს გაუკვირდა ნადალთან მარცხის შემდეგ რომ ვიტირე, მაგრამ ყოველთვის ასეა, როცა ვაგებ. 5 წლის ვიყავი, წაგების გამო პირველად რომ ვიტირე.

...ვერ ვიტყვი, რომ არ მინდა ჩემი გოგონები ჩოგბურთელები გახდნენ, მაგრამ არაფერს დავაძალებ. ვნახოთ, სჯობს თავად გადაწყვიტონ ყველაფერი.

...ხშირად მეკითხებოდნენ, როდის ვაპირებდი ჩოგბურთიდან წასვლას. ადრე ვპასუხობდი, რომ ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ, მაგრამ ასე არ მოხდა. ლონდონში ვთქვი, რომ ძალიან მინდა რიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა და ვნახოთ, შეიძლება 2016 წელს მართლა წავიდე დიდი ჩოგბურთიდან.

...რა იქნება ჩოგბურთის შემდეგ? არ ვიცი, ამაზე ჯერ არ მიფიქრია. შესაძლოა სამპრასივით საჩვენებელი მატჩები გავმართო ან მწვრთნელი გავხდე, მაგრამ დღეს მხოლოდ კარიერა მაღელვებს.

...ძალიან მინდა, რომ გულშემატკივრებს ოცდაათი წლის შემდეგაც ვახსოვდე. მინდა, რომ მათ როჯერ ფედერერი არამარტო კარგ ჩოგბურთელად, ქველმოქმედადაც მოიგონონ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები