აშშ

ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარ მისცა ხმა

ბარაკ ობამა აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა წინასწარ მისცა. შეერთებული შტატების მოქმედი პირველი პირი 25 ოქტომბერს მშობლიური ქალაქის, ჩიკაგოს საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.

ობამა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რვა შტატს ეწვია. მან თავის ამომრჩევლებს მოუწოდა, არ დაელოდონ არჩევნების დღეს, 6 ნოემბერს და არჩევანი წინასწარ გააკეთონ. ასეთი შესაძლებლობა აშშ-ის 50 შტატიდან 32-ში არსებობს. შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ, ასევე, არჩევნების დღემდე, 15 ოქტომბერს მისცა ხმა.

ბარაკ ობამასა და მისი რესპუბლიკელი მეტოქის მიტ რომნის საბოლოო, მესამე ტელედებატები 22 ოქტომბერს ფლორიდაში გაიმართა. დებატებში მცირე უპირატესობით ობამამ გაიმარჯვა. თუმცა ექსპერტთა შეფასებით, წინა დებატების გათვალისწინებით, უკანასკნელი რაუნდი არ იქონიებს გავლენას არჩევნების შედეგებზე.

უკანასკნელი სოციალური გამოკითხვების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტს და რესპუბლიკელ კანდიდატს არჩევნებში გამარჯვების დაახლოებით ერთნაირი შანსი აქვთ.

 

კომენტარები