კინო

ფილმი სახელად – კლიშე

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ფილმი გაქვთ ნანახი – ათი, ასი თუ ათასი. კინოკლიშე აუცილებლად გექნებათ შემჩნეული; ის მომენტები და ეპიზოდები, რომელიც თითქმის ყველა ფილმში მეორდება. ახლა სწორედ ასეთ კლიშეებს წარმოგიდგენთ.

წარსულის გმირები

წარსულის გმირი – ეს ისეთი პერსონაჟია, რომელიც ყველას ყოველთვის მკვდარი ან გალოთებული ჰგონია. თუმცა ის, წარსულში თავისი საქმის უბადლო ოსტატი იყო. დგება მომენტი, როცა ამ გმირის გარეშე არაფერი გამოვა, მთავარი პერსონაჟები პოულობენ „მხსნელს”, რომელიც ჭოჭმანის შემდეგ მაინც თანხმდება დახმარებას. უპრობლემოდ ამარცხებს ალკოჰოლიზმს, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას, ძველ ფიზიკურ თუ სულიერ ტრავმებს და ძალიან მალე ძველებური წარმატებით უბრუნდება საქმეს. ბოლო ასეთი მაგალითი კრისტოფერ ნოლანის ფილმში „ბნელი რაინდის აღზევება” იყო.

მანქანა და პრობლემები

ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რომ მხატვრულ ფილმში მძღოლმა სიჩქარეთა კოლოფის გადამრთველს ხელი დაადოს და მანქანის სიჩქარე შეცვალოს. არადა ხშირად, ეპიზოდიდან გამომდინარე, ეს არალოგიკურიცაა. ცნობილი კლიშეა, რომ ახალგაზრდები თუ დასასვენებლად სადმე მიდიან, ისინი აუცილებლად ფოლკსვაგენის მარკის მიკროავტობუსით გადაადგილდებიან. 2012 წლის ფილმი „ქოხი ტყეში” ამის თვალსაჩინო მაგალითია. ეს ჰორორ-კომედია სწორედ ასეთ კლიშეებს დასცინის.

ბევრი საშინელებათა ფილმის აუცილებელი ეპიზოდია ბენზინგასამართი სადგურის სცენა, როდესაც უკბილო ან ბინძური, ან ორივე ერთად, მოხუცი კაცი ახალგაზრდებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს, თუმცა მათ არასდროს არავინ უსმენს. ასეთ ადგილებში ხშირად ეთნიკური უმცირესობის (ინდიელი, ბოშა) წარმომადგენელი შეიძლება ნახოთ, ვინც აუცილებლად ზებუნებრივი ნიჭითაა დაჯილდოებული და თუ მომავალს არა, ამინდის პროგნოზს მაინც ზუსტად იწინასწარმეტყველებს.

საშინელებათა ფილმებში ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში რატომღაც არ იქოქება სრულიად ახალი, გამართული მანქანა და პატრონის საფრთხის მოახლოებასთან ერთად წყვეტს ფუნქციონირებას.

სტერეოტიპული გუნდი

მნიშვნელობა არ აქვს, რა ჟანრისაა, ამერიკული ფილმების უმეტესობა ერთი სახის ადამიანთა ჯგუფის გარშემო ვითარდება. ესენი არიან: ქერა ლამაზმანი, რომლის ინტელექტის კოეფიციენტი აუცილებლად ფორესტ გამპის IQ-ზე დაბალია; მეორე მთავარი გოგონა, რომელიც ფილმის მთავარი პერსონაჟის შეყვარებულია; აზიელი ბიჭი – საბრძოლო ხელოვნებების უბადლო მცოდნე; კომპიუტერული გენიოსი, რომლისთვისაც ნებისმიერი საიტის გატეხვა უპრობლემოა; შავკანიანი პერსონაჟი, რომელიც საშინელებათა ფილმის შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი მოკვდება; მთავარი გმირი, კუნთმაგარი, ტყვიაგაუმტარი, სიმპათიური მამაკაცი და მისი მეგობარი, რომელიც აუცილებლად მექალთანეა. მსგავსი პერსონაჟების ნაკრები უამრავ ფილმში მეორდება დაწყებული „თორიდან”, რომელიც სკანდინავიელი ღმერთების ისტორიაა, დამთავრებული ნებისმიერი ამერიკული საშინელებათა ფილმით.

საბრძოლო ხელოვნება

ხელჩართული ბრძოლის გარეშე ექშენ ფილმი წარმოუდგენელია. ასევე წარმოუდგენელია ამ ჟანრის ფილმი ბარში ჩხუბის სცენის გარეშე. ბრძოლისას მთავარი გმირები უმცირესობაში იქნებიან, თუმცა 10-15 მამაკაცს, მათი გაბარიტების მიუხედავად, უპრობლემოდ

გაუსწორდებიან. ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩხუბისას მათ თავზე არაერთ სკამს, ბოთლს და სხვა ნივთს გადაამტვრევენ. მთავარ პერსონაჟებს სხეულის დაზიანება მხოლოდ უახლოესი 5 წუთი შეაწუხებთ, შემდეგ კი საოცარი რეგენერაციის უნარის წყალობით ძველებურად აგრძელებენ ცხოვრებას.

საერთოდ, ფილმში მთავარი გმირის სერიოზული დაზიანება თითქმის წარმოუდგენელია, ეს გმირი, კომიქსის სუპერგმირი იქნება თუ უბრალო ახალგაზრდა, ტყვიას მაინც საოცარი ალღოთი იცდენს, მუშტები ვერაფერს აკლებს და არც ჭრილობებზე რეაგირებს ნორმალური დედამიწელივით. ჩხუბისას კეთილ გმირს მტერი თითო-თითოდ ესხმის თავს, რატომღაც არავის ესმის მარტივი ლოგიკა, რომ ერთდროულად თუ შეუტევენ, გამარჯვების უფრო დიდი შანსი ექნებათ. ასეთ ეპიზოდებში არავის ახსენდება იარაღის არსებობა, არავინ იყენებს შანსს, უბრალოდ, ერთი გასროლით მოკლას მტერი. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი „მატრიცა 3”-ის ფინალური სცენაა, რომელიც ამ კლიშეების დიდი ნაკრებია.

კომპიუტერული ომი

ალბათ ხშირად გინახავთ ეპიზოდი, როდესაც გმირები გამოუვალ სიტუაციაში არიან. მათთვის საჭირო ინფორმაცია მსოფლიოს ყველაზე დაცულ კომპიუტერებში ინახება, თუმცა ყველა ფილმში მოიძებნება ადამიანი, რომლისთვისაც მსგავსი კომპიუტერის „დამარცხება” პრობლემა არ არის. ასეთი პერსონაჟები მუდამ სათვალეს ატარებენ და უმარტივესი კომბინაციით ცენტრალური დაზვერვის, NASA-ს, უცხოპლანეტელების კომპიუტერებს ჰაკავენ. ისინი უბრალოდ ერთ ფრაზას წერენ – „კომპიუტერის დაჰაკვა ან დავირუსებას” – და მორჩა, მთელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია.

კეთილი გმირი VS ბოროტი გმირი

ყველა ფილმის ფინალი კეთილის და ბოროტის, მათი წარმომადგენლების ბრძოლაა. სცენარი ყოველთვის დაახლოებით ერთნაირია. ანტაგონისტი მთავარ პერსონაჟს სასტიკად უსწორდება (ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად) და სანამ საბოლოო დარტყმას მიაყენებს, დაუსრულებელ საუბარს იწყებს მის ბოროტ გეგმებზე, წარსულ წარმატებებსა და მომავალ გამოწვევებზე. ის კეთილ პერსონაჟს რატომღაც უხსნის, რა მეთოდებით აპირებს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, ან ეუბნება ბომბის ადგილმდებარეობას, რომლითაც

ტერაქტის მოწყობას აპირებს და ამით უკანდასახევ გზას იჭრის.

ეს საუბარი ძალიან იწელება, იმდენ ხანს, რომ პროტაგონისტი ძალების მოკრებას, ხანდახან იარაღის მოძებნას ახერხებს და სასიკვდილო გასროლას ორივე გმირი ერთდროულად ასწრებს. ბოროტი პერსონაჟი წამიერად კვდება, კეთილი გმირი კი იქამდე არ იღუპება, სანამ არ იპოვიან მეგობრები, რომლებიც მომაკვდავის პათოსით სავსე სიტყვით გამოსვლას უსმენენ – ის თავისი ცხოვრების ისტორიას იხსენებს, ცოდვებს ინანიებს, გმირების ინსპირაციის წყარო ხდება და მხოლოდ ამის შემდეგ კვდება. თუ ფილმში ბომბი გასანეიტრალებელია, მაშინ მთავარი გმირი მხოლოდ მას შემდეგ კვდება, რაც მას გააუვნებელყოფს. ეს ძალიან მარტივი საქმეა და კინოს ისტორიაში იშვიათად, ვინმეს არ გამოსვლოდა.

გაგრძელება

ეს კლიშეები წარმატების ფორმულაა, რომელიც თითქმის ყოველთვის ნამუშევრის სიქველით გრძელდება. ფილმის მეორე ნაწილში მთავარ გმირს აუცილებლად ერთზე მეტი მთავარი მტერი ჰყავს, მას პრობლემები აქვს საკუთარ იდენტობასთან და მეგობრებთან, დიდი შანსია, რაღაც ეპიზოდში თავისი ძალა ან რწმენა დაკარგოს. ეს ყველაზე ხშირად კომიქსების ეკრანიზაციაში ხდება, რაც კარგად ჩანს ფილმებში ადამიან ობობასა და ბეთმენზე.

კომენტარები