წიგნი

სერგო ქობულაძე – ჰეროიკული ეპოსი

0 კომენტარი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საგამომცემლო საქმიანობა უდავოდ მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. სამინისტრომ ხომ არაერთი საინტერესო გამოცემა შესთავაზა ქართულ საზოგადოებას.

ქართული ხელოვნების მოყვარულებს, კულტურის სამინისტრომ ამჯერად კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა – სერგო ქობულაძის ნამუშევრების ალბომი. სასაჩუქრე წიგნი დიდი მხატვრის შემოქმედების თითქმის სრული კატალოგია. ერთადაა თავმოყრილი მისი გრაფიკა, ფერწერა, თეატრალური ესკიზები... მარიამ გაჩეჩილაძის ტექსტი და აკა მორჩილაძის პატარა ესე მხატვრის შესახებ...

აქვეა რამდენიმე ნაწყვეტი სერგო ქობულაძის თეორეტიკული ნაშრომებიდან და 1978 წელს, ედუარდ შევარდნაძისადმი გაგზავნილი წერილის ასლი, სადაც მხატვარი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანს, მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის რედაქტირებას სთხოვს. ქობულაძეს დაუშვებლად მიაჩნდა მასზე შექმნილ ნამუშევარში მისი ასეთი ქება-დიდება და უკვე ხანში შესული, მტკივნეულად აღიქვამდა შემოქმედებითი პროცესის შელამაზებას, სიყალბეს.

სერგო ქობულაძე ახალი ქართული მხატვრობის უდიდესი წარმომადგენელია. რენესანსული გაქანების მოაზროვნე, დიდი ოსტატი. ის არა მხოლოდ განსაკუთრებული მხატვარი, არამედ ქართული ჰეროიკული თუ ქართული მითოლოგიური ესთეტიკის ფუძემდებელია. მისი „ვეფხისტყაოსანი” დახვეწილი, ღრმა, სრულყოფილი ნამუშევარია. მასთან ხომ „ქართული” თითქოს სხვა ინტელექტუალურ, მხატვრულ სიღრმეს აღწევს. საოცარი ისტორიული ცოდნის მიუხედავად, რომელიც მის ნამუშევრებში იგრძნობა, ის ძალზედ ინდივიდუალურია და არასოდესაა მხოლოდ ეთნოგრაფიული. ქობულაძის მდიდარ შემოქმედებაში ნებისმიერი თემა დიდი ეპოსის მონუმენტური გააზრებაა.

სერგო ქობულაძე წიგნის ილუსტრატორი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი, ხელოვნების თეორეტიკოსი და, როგორც მისი მოწაფეები აღნიშნავენ, საოცარი პედაგოგიც გახლდათ. მან არაერთი თაობა აღზარდა სამხატვრო აკადემიაში. მისი მრავალფეროვანი შემოქმედების ერთ-ერთი მწვერვალი ოპერისა და ბალეტის თეატრისათვის შექმნილი ფარდაა. ვისაც ეს ლეგენდარული ფარდა ახსოვს, ერთხმად აღნიშნავენ, რომ მსგავსი სიდიადის ნამუშევარი, გნებავთ ტექნიკური, გნებავთ მხატვრული კუთხით, არასდროს უნახავთ. ოპერის ფარდას ტრაგიკული ბედი ხვდა წილად. ის შენობასთან ერთად დაიწვა და მხოლოდ მისი პატარა ნაწილი ინახება ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენილ მუზეუმში. ეს ფრაგმენტი, როგორც ძველი საგანძურის ძვირფასი თვალი, დღესაც წარმოუდგენლად ანათებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები