Life

ერთი ფერი: ულტრაიისფერი

სავარაუდოდ, მის შესახებ მეცამეტე საუკუნემდე არავინ არაფერი იცოდა, სანამ ერთმა ინდიელმა ფილოსოფოსმა თავის ნაშრომში არ დაწერა იისფერ სხივებზე, რომელთა დანახვაც შეუიარაღებელი თვალისთვის შეუძლებელი იყო. მოგვიანებით, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, გერმანელმა ფიზიკოსმა იოჰან ვილჰელმ რიტერმა აღმოაჩინა, რომ ვერცხლის ქლორიდი სწრაფად იშლება უხილავი სინათლის ზემოქმედებით, რაც სინათლის ულტრაიისფერი კომპონენტის აღმოჩენის საფუძველი გახდა.

დღეს ულტრაიისფერ სხივზე მეტნაკლებად ყველას სმენია. უმეტეს შემთხვევაში, ის ნეგატიურ ასოციაციებს იწვევს – კანის კიბო, ნაადრევი დაბერება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინაში ჯანმრთელი ნამზეურის ცნება საერთოდ არ არსებობს, ულტრაიისფერ გამოსხივებაზე მხოლოდ ნეგატიურ ჭრილში საუბარი მაინც არასერიოზული იქნებოდა. ცნობილია, რომ ის კანში D ვიტამინის წარმოქმნას აძლიერებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძლიერი იმუნური სისტემისა და სისხლის უჯრედების ფორმირებისთვის. ამასთან, მზის სხივი ორგანიზმში ენდორფინების გამოყოფას ააქტიურებს, ბედნიერი განწყობა კი არცთუ უმნიშვნელო ბონუსად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, ამისთვის მზის სხივების კანზე მოხვედრა ხუთი-ათი წუთითაც საკმარისია – აქ მედიკოსები ულტრაიისფერი გამოსხივების სასარგებლო თვისებებზე საუბარს ამთავრებენ და უარყოფით შედეგებზე საუბარს იწყებენ.

თუმცა ამაზე საუბარი არც არის აუცილებელი, რადგან გამოსახულება სარკეში თავად ამბობს სათქმელს – ტუჩებს ფერი და მოცულობა აქვს დაკარგული და ნაოჭები გაღრმავებულია, რის შედეგადაც შუბლზე მათი დანახვა ამ უკანასკნელის შეჭმუხვნის გარეშეც იოლად შეიძლება. კანმა თითქოს სიმკვრივეც დაკარგა, გაუხეშდა. მასზე პიგმენტური ლაქები გაჩნდა, ზედაპირზე სისხლის კაპილარები ხილვადი გახდა, ამასთან, სახეზეა დისპიგმენტაციის ნიშნები... ეს ყველაფერი ზედმეტად გარუჯვის შედეგია – კანი მუქდება იმიტომ, რომ მის უჯრედებში ირთვება ბუნებრივი დაცვის მექანიზმი, რომელიც მას ყოველთვის ვერ იცავს სრულყოფილად და, საბოლოოდ, ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად, უჯრედებში თავისუფალი რადიკალები წარმოიქმნება. ეს კი დესტრუქციულ პროცესს იწყებს.

შესაბამისად, სისტემატურმა გარუჯვამ რამდენიმე წელიწადში შეიძლება კანის ნაადრევადი დანაოჭება და მის ეპიდერმისში დეგენერაციული ცვლილებები გამოიწვიოს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ფოტოდაბერებას ასაკთან კავშირი არ აქვს – ეს ის ზიანია, რომელიც კანს ულტრაიისფერმა გამოსხივებამ ნებისმიერ ასაკში შეიძლება მიაყენოს (გარკვეული ფაქტორები კი, მაგალითად სიგარეტი, ამ პროცესს საგრძნობლად აჩქარებს). ფოტოდაბერების რისკის ქვეშ ძირითადად ის ადამიანები ხვდებიან, ვისაც ღია ფერის კანი აქვს, ძნელად ირუჯება და მზეზე ადვილად იღებს დამწვრობას, თუმცა მისგან არავინ არ შეიძლება დაცული იყოს, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც მზის სხივებით ბოროტად სარგებლობენ.

საინტერესოა, რომ ულტრაიისფერი სხივების ჭარბ ზემოქმედებას არა მხოლოდ კანის დაბერების, არამედ უფრო სერიოზული უარყოფითი ზემოქმედების მოხდენაც შეუძლია – პიგმენტური ლაქების გაჩენასა და კოლაგენის დეგრადაციასთან ერთად, ის ხელს უწყობს იმუნოდეპრესიის განვითარებას და დნმ-ის მუტაციასაც კი. თუმცა, „მსუბუქ” ფორმებში ამ ზემოქმედებას მაინც მხოლოდ ფოტოდაბერებამდე მივყავართ – ულტრაიისფერი სხივი, კანში ღრმად შეღწევისას, კოლაგენსა და ელასტინს აზიანებს, ელემენტებს, რომლებიც კანის სიმკვრივესა და ახალგაზრდულ იერზე არიან პასუხისმგებელნი.

დღეს მედიცინა ფოტოდაბერების ნიშნებს წარმატებით ებრძვის, თუმცა ყველაზე ეფექტური საშუალება პროფილაქტიკური ხასიათისაა. ნაადრევი ნაოჭების და კანის დაბერების თავიდან ასაცილებლად საკმაოდ მარტივი წესების დამახსოვრებაა საჭირო. მაგალითად იმის, რომ თავი ავარიდოთ მზეზე დილის ათი საათიდან შუადღის ოთხ საათამდე მოხვედრას, როცა ულტრაიისფერი გამოსხივება ყველაზე ძლიერია. ასევე უნდა ვიხმაროთ მზისგან თავის დაცვის ხარისხიანი საშუალებები და მაღალი SPF ფაქტორის მქონე კრემები, მათ შორის ცუდ ამინდშიც, რადგან გამოსხივების 80% ჩვენამდე ღრუბლიან ამინდშიც აღწევს. პარალელურად კი ანტიოქსიდანტების მიღებაც არ დავივიწყოთ. მართალია, ვიტამინები A, E და C დამწვრობისგან კანს ვერ დაიცავენ, მაგრამ ანტიმჟანგავი თვისებების წყალობით შეუძლიათ კანის უჯრედების წინააღმდეგობის გაზრდა – მათი დახმარებით ულტრაიისფერი სხივებით დაზიანებული კანი უფრო იოლად განახლდება.

როდესაც პროფილაქტიკურ საშუალებებზე ფიქრი დაგვიანებულია, მთავარი დაზიანებული კანის აღდგენაზე ზრუნვა ხდება. ფოტოდაბერება, ქრონოდაბერებისგან განსხვავებით, შეუქცევადი არ არის და კანისთვის ახალგაზრდობის დაბრუნება სრულიად რეალურია. ფოტოდაბერების „სამკურნალოდ” კოსმეტოლოგები წარმატებით იყენებენ საშუალებებს რეტინოიდების შემცველობით, თუმცა მთავარ მეთოდად მაინც ისეთი პროცედურები ითვლება, როგორიცაა ლაზერული დერმაბრაზია და ქიმიური პილინგი.

პიგმენტური ლაქების მოსაცილებლად და კანის რეგენერაციისთვის ეს პროცედურები განსაკუთრებით ეფექტურია – ამ დროს ეპიდერმისის მოცილება ხდება, კოლაგენი და ელასტინი კი კვლავ განახლდება, რის შედეგადაც კანი ელასტიკურობას კვლავ იბრუნებს. თუ კანი ძლიერად არ არის დაზიანებული და პიგმენტური ლაქებიც არ არსებობს, კარგ ეფექტს იძლევა ულტრაბგერითი დატენიანების პროცედურა, რომელიც ასევე კოლაგენის სინთეზის აქტივიზირებაზეა მიმართული. ამასთან, ქსოვილებს მასაჟს უკეთებს და კუნთების ტონუსს ამაღლებს.

კანის გასაახალგაზრდავებლად უკვე აქტიურად გამოიყენება PRP ტექნოლოგიაც, რომელიც კანში პაციენტის სისხლისგან მიღებული, თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის შეყვანას გულისხმობს. შედეგად ფიბროპლასტების სტიმულაცია ხდება, რაც კოლაგენის სინთეზს უწყობს ხელს. ამასთან, პლაზმის იმ ნაწილში, რომელიც ფიბროპლასტებით მდიდარი არაა, ე.წ. ფილერს ამუშავებენ, რომლითაც ღრმა ნაოჭების შევსება შეიძლება. ამ ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ პრეპარატები პაციენტის პლაზმისგან მზადდება, რაც პროცედურას უსაფრთხოს ხდის, გვერდითი მოვლენები კი თითქმის არ გააჩნია.

ფოტოდაბერების პროცესის შეჩერებასა და გაახალგაზრდავებაში სხივებიც შეიძლება დაგვეხმაროს, ოღონდ არა ულტრაიისფერი, არამედ წითელი – საუბარია ე.წ. კოლაგენარიუმზე, რომელიც სოლარიუმის მსგავსი დანადგარია. კოლაგენარიუმის წითელი შუქით თერაპია განსაკუთრებით რეკომენდებულია სწორედ გარუჯვის მოყვარული ადამიანებისთვის – ტალღები ღრმად აღწევს ქსოვილებში და კანის ფოტოგაახალგაზრდავებაზე მუშაობს. თუმცა თუ ულტრაიისფერ სხივებს ერთ-ორ კვირაშიც შეუძლიათ კანისთვის სერიოზული ზიანის მიყენება, წითელ სხივებს დადებითი ზემოქმედების მოსახდენად უფრო მეტი დრო სჭირდებათ – ერთი-ორი თვე მაინც – რომ უჯრედებში კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება, ასევე იმ ფერმენტების გააქტიურება დაიწყოს, რომლებიც კანს ჟანგბადით კვლავ აქტიურად მოამარაგებენ.

 

კომენტარები