Life

Guide 22 - 28 ოქტომბერი

1)თუ ყოველთვის გინდოდათ, გყოლოდათ BMW, მაგრამ ნაკლებად მეგობრობთ მანქანებთან, ან გამოუსწორებელი „მწვანე” ხართ და არ გინდათ გარემოს დაბინძურება გამონაბოლქვით, ეს არ ნიშნავს, რომ BMW – თქვენთვის არ არის. ახალი ველოსიპედი BMW Cruise Bike გარედან ალუმინითაა დაფარული და დახვეწილი, მაგრამ უბრალო დიზაინით გვამახსოვრებს თავს. ის ხუთ სხვადასხვა ფერში გამოვიდა. ბრიტანული Esquire ხუმრობით მის კედელზე დაკიდებას გვთავაზობს, მაგრამ დიზაინის გარდა, BMW-ს ახალ ქმნილებას სხვა ტექნიკური ღირსებებიც აქვს და ვფიქრობთ, სასეირნოდაც კარგი არჩევანი იქნება.

Sure Thing-ის შემდეგ, R&B-ის ალბათ ყველა მსმენელმა იცის, ვინ არის Miguel. ოცდაექვსი წლის ამერიკელმა შემსრულებელმა 2010 წელს უკვე მოასწრო სადებიუტო ალბომის გამოშვება, ამჯერად კი უკვე მეორეს გვთავაზობს – Kaleidoscope Dream-ს, რომელიც პირველზე წარმატებული აღმოჩნდა. Now Magazine-მა მას R&B-ის წლის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი უწოდა. ეს სტატუსი ალბომს Pitchfork-მაც მიანიჭა.

3)ფორთოხლის ყვავილის და ბერგამოტის ნოტები Givenchy-ის სუნამოს Play For Her ისედაც მხიარულ ხასიათს აძლევდა, მაგრამ მოდის სახლმა თაყვანისმცემლების კიდევ უფრო გახალისება გადაწყვიტა და ახლახან გამოუშვა პარფიუმის ლიმიტირებული ვერსია Arty Color Edition, რომელსაც თან სახალისო მისამაგრებლები მოჰყვება და თქვენ თავად შეგიძლიათ ბოთლის გაფორმება. დიზაინი ეკუთვნის პარიზელ მხატვარს ანდრეს (იგივე Monsieur A.), რომელიც გრაფიტის მიმართ სიყვარულითაა ცნობილი.

4)არც ისე იოლია წარმოიდგინო ქალი, რომელიც თავისი ჩაცმულობის სტილით Lady Gaga-ს მიბაძავდა. ამისთვის არა მხოლოდ სითამამეა საჭირო, არამედ კომფორტულობის იდეაზე უარის თქმაც. მიუხედავად ამისა, Brian Atwood-მა Lady Gaga-ს არომატის, Fame პატივსაცემად ახალი ფეხსაცმელი შექმნა. ფეხსაცმელი ზუსტად იმეორებს ბოთლის დიზაინს – მეტალიზებული ქუსლი აქვს და მუქი შავი ფერისაა. მომღერალს ნამუშევარი მოეწონა და ამ ფეხსაცმლით უკვე გამოჩნდა სხვადასხვა ღონისძიებებზე, თუმცა როგორ

ახერხებს ასეთ უზარმაზარ პლატფორმაზე და 23-სანტიმეტრიანი სიმაღლის ფეხსაცმლით სიარულს, ეს ალბათ თავად დიზაინერისთვისაც ამოუხსნელ საიდუმლოდ დარჩება.

5)გაინტერესებთ, გასული საუკუნის დასაწყისის, უფრო ზუსტად კი 1938 წლის პორტუგალიაში მოხვედრა? იქ, სადაც აგვისტოში ძალიან, ძალიან ცხელა, სალაზარის რეჟიმით დათრგუნული ადამიანები კი თავს ინუგეშებენ, რომ „პოლიტიკა არ აინტერესებთ”? ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა აქვეყნებს ანტონიო ტაბუკის „მიაჩნია პერეირას”, რომელიც ამ მოგზაურობის იდეას რეალობად აქცევს.

6)მოგზაურობის მოყვარულებზე Louis Vuitton-მაც იზრუნა. გზამკვლევებში, რომელსაც მოდის სახლი გამოსცემს, მსოფლიოს ორმოც ქალაქზე გვიყვებიან ისინი, ვისთვისაც მოგზაურობა უფრო მეტია, ვიდრე ჰობი. პარიზი, ნიუ იორკი, სან ფრანცისკო, ლუგანო, ტოკიო... ამ ადგილებზე საინტერესო ინფორმაციის არა მხოლოდ წაკითხვა, არამედ მოკლე ფილმების ნახვაც შესაძლებელი იქნება. მათ ონლაინსერიას Youtube-ზე Louis Vuitton-ის არხი უახლოესი თვეების განმავლობაში წარმოგვიდგენს.

კომენტარები