სამთავრობო პროგრამა

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა სამთავრობო გეგმაში

25 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთავრობასა და მის პროგრამას ნდობა გამოუცხადა. სამთავრობო პროგრამა, სხვა საკითხებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმას მოიცავს. მასში მნიშვნელოვანი ყურადღება სტრუქტურულ ცვლილებებს ეთმობა.

სამთავრობო პროგრამის მიხედვით, „აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაქმნა საშინაო საქმეთა სამინისტროდ და მისი სამოქალაქო სამსახურად ჩამოყალიბება“.  ასევე აუცილებლად ცხადდება პოლიციის საქმიანობის საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის უზრუნველყოფა. მთავრობა აგრეთვე აცხადებს, რომ პოლიციელები „გათავისუფლდებიან პოლიტიკური წნეხისაგან“.

ამ საკითხზე უფრო ვრცლად საუბარი იყო ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამაში. მის მიხედვით, პოლიციის დეპოლიტიზების მიზნით, ერთმნიშვნელოვნად უნდა განისაზღვროს პოლიციისა და საშინაო საქმეთა სამინისტროს ურთიერთდამოკიდებულება. „სამინისტრო, როგორც სამოქალაქო სტრუქტურა, მხოლოდ მმართველობის სტრატეგიულ დონეზე უნდა მოქმედებდეს და მას არ უნდა ჰქონდეს ოპერატიულ დონეზე უშუალო პოლიციური ფუნქციების შესრულების უფლებამოსილება. პოლიცია უნდა იყოს საშინაო საქმეთა სამინისტროს სისტემაში დეპარტამენტის სახით არსებული სამართალდაცვის ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას“, - ვკითხულობთ პროგრამაში.

რაც შეეხება რეორგანიზებას, მთავრობა გეგმავს, ჩამოაყალიბოს პოლიციის ფუნქციის მქონე ორი დეპარტამენტი: პოლიციის დეპარტამენტი, რომელშიც შევა შემდეგი ქვესტრუქტურები – საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, და საზღვრის დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.

ასევე, პროგრამის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან გამოიყოფა სახელმწიფო უშიშროების სამსახურები. „უნდა შეიქმნას ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალი შინაარსით,  სტრუქტურითა და ფორმით,  ოპტიმალური რაოდენობის მაღალი კვალიფიკაციის საკადრო შემადგენლობით, რომელიც გარკვეულ სამოქალაქო კონტროლს დაექვემდებარება“, - წერია მთავრობის გეგმაში.  

ამ სამსახურის საქმიანობის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, პროგრამის მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, პრეზიდენტის წარდგენით, საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის სფეროდ საიდუმლო ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, სისტემატიზაცია და მისი რეალიზაცია განისაზღვრება.  სისხლისსამართლებრივი დევნა კი მისი უფლებამოსილება არ უნდა იყოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამომავლო გეგმებზე საუბრობს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. ის გამოსვლებში ხაზს უსვამს, რომ კრიმინალთან შეურიგებლები იქნებიან და საუბრობს სტრუქტურულ ცვლილებებზეც, მათ შორის, კუდ-ისა და სოდ-ის რეორგანიზაციაზეც. რუსთავი 2-ის ეთერში, ჯერ კიდევ მინისტრობის კანდიდატმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ცალკე დეპარტამენტი - სახელმწიფო უსაფრთხოების - შეიერთებს კუდ-ის მნიშვნელოვან ფუნქციებს. ასევე შეიქმნება „ძალიან მძლავრი“ ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც კუდ-ის დანარჩენ ფუნქციებსაც შეითავსებს; სოდ-ის ფუნქციები კი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცემა.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების გაყოფას, ამ საკითხზე, რუსთავი 2-ის ეთერში საუბრისას, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არც წინააღმდეგია ამის და არც მომხრე და უფრო სწორად მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ეს სტრუქტურები ერთი სისტემის ქვეშ დარჩეს. ის აცხადებს, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ამის გაკეთების აუცილებლობა არ არის. ღარიბაშვილი მთავარ ამოცანად სისტემის გაჯანსაღებას ასახელებს.

კომენტარები