მოდის ინდუსტრია

H&M-ს მიზერული ხელფასის გადახდაში ადანაშაულებენ

შვედურ კომპანიას H&M კამბოჯელი მუშებისთვის მიზერული ხელფასების გადახდაში ადანაშაულებენ. ამასთან დაკავშირებით სერიოზული სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში, გადაცემაში Kalla Fakta (ცივი ფაქტები) დოკუმენტური ფილმი აჩვენეს.

ფილმში ამტკიცებენ, რომ ტანსაცმლის კომპანია კამბოჯელ პერსონალს თითქმის გროშებს უხდის. მძიმე შრომის სანაცვლოდ, ისინი თვეში 61 დოლარს გამოიმუშავებენ, რაც ამ ქვეყნის სტანდარტებით, საარსებო მინიმუმზე 25%-ით ნაკლებია. ამასთან, სამუშაო საათების ხანგრძლივობა 70-ს აღწევს. აქედან გამომდინარე, მუშებს არ აქვთ საშუალება, სრულყოფილად იკვებონ, რის გამოც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება. ცნობილია ფაქტები, როდესაც უჭმელობის გამო კამბოჯელი მოსამსახურეების ნაწილს მუშაობის პროცესში გონება დაუკარგავს.

H&M კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებებს. კომპანიის ხელმძღვანელის, კარლ იოჰან პერსონის განცხადებით, ისინი ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ პერსონალს ხელფასები გაუზარდონ არა მხოლოდ კამბოჯაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ამას გარდა, ის აღნიშნავს, რომ H&M-ის ფაბრიკების არსებობა ამ ღარიბ ქვეყნებში შესამჩნევად აუმჯობესებს ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობას და სიტუაცია გაცილებით უარესი იქნებოდა, კომპანია ამდენ სამუშაო ადგილს რომ არ ქმნიდეს.

კომპანია H&M (Hennes&Mauritz) 1947 წელს დაარსდა. ის ცნობილია არაძვირადღირებული მოდური სამოსის წარმოებით. დღევანდელი მდგომარეობით, კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 2600-ზე მეტ მაღაზიას ფლობს და საშუალოდ 94 000-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ბოლო წლებში, ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობის შედეგად, კომპანიის პროდუქციის პოპულარობა გაიზარდა. H&M-ის ბოლო მნიშვნელოვანი კოლაბორაცია Maison Martin Margiela-სთან შედგა. კოლექციამ უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნულმა სკანდალმა გაყიდვებზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს. 

კომენტარები