შსს

ირაკლი ღარიბაშვილმა მოადგილეები წარადგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე მოადგილეები წარადგინა. ღარიბაშვილის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი იქნება, ხოლო დანარჩენი ოთხი მოადგილის პოსტზე შს მინისტრმა ლევან იზორია, გელა ხვედელიძე, ალეკო ტაბატაძე და ალექსი ბატიაშვილი წარადგინა.

„ბატონი ლაშა 1990 წლიდან 1999 წლამდე მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე, 1999 წლიდან 2001 წლამდე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, 2001-2003 წლამდე უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო, გახლდათ ორგზის პარლამენტის წევრი. ის არის მაღალი პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დამეხმარება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი მოადგილის წარდგენისას.

შს მინისტრის თქმით, ლევან იზორიას სახელს უკავშირდება საპატრულო პოლიციის წარმატებული პროექტი. გელა ხვედელიძე, ისევე როგორც ალექსი ბატიაშვილი, სხვადასხვა დროს უშიშროების სტრუქტურებში მუშაობდა, ხვედელიძე ასევე მსახურობდა შსს-სა და სასჯელაღსრულების სისტემაში. რაც შეეხება ალეკო ტაბატაძეს, ის 1991-დან 2008 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

„ჩვენ ვართ ძალიან კარგი და შეკრული გუნდი და მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება, ვიმუშაო ასეთ პროფესიონალებთან. უახლოეს მომავალში ჩვენ დაგიმტკიცებთ ქმედებით, როგორი ეფექტური მუშაობა შეგვიძლია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

საპატრულო პოლიციის ახალ ხელმძღვანელს ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ წარადგენს.

კომენტარები