თანამედროვე ხელოვნება

ხელოვნების აკადემია დემოკრატიული უნდა იყოს

0 კომენტარი
ფოტო: ალექსი სოსელია

ინტერვიუ მარიონ ფონ ოსტენთან

თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, 19 ოქტომბრიდან თბილისის პირველი ტრიენალე Offside Effect იმართება, რომელიც ხელოვნების აკადემიის სტატუსს და, ზოგადად, სახელოვნებო განათლებას ეძღვნება. ღონისძიება საკმაოდ მასშტაბურად დაიგეგმა - ექსპოზიციებს რამდენიმე ათეული არტისტი მთელი მსოფლიოდან რამდენიმე საგამოფენო სივრცეში წარმოადგენს. ტრიენალეს სტუმრობენ ვიზუალური ხელოვნების დამოუკიდებელი საგანმანათლებლო პლატფორმები, ისეთები, როგორიცაა F+F (ხელოვნებისა და მედიადიზაინის ხელოვნების სკოლა, შვეიცარია), MaHKU (ვიზუალური ხელოვნების უმაღლესი სკოლა, ჰოლანდია), Maumaus (ვიზუალური ხელოვნების სკოლა, პორტუგალია) და ა.შ.

საერთაშორისო სიმპოზიუმის გარდა, რომელიც ტრიენალეს ფარგლებში ჩატარდა, საექსპოზიციო პროგრამაც ცოდნის წარმოშობაზე საინტერესო ხედვას გვთავაზობს. მაგალითად, ლიტერატურის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ერთგვარ ექსპერიმენტს გვაჩვენებენ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სხეულს დავავიწყოთ ველოსიპედის ტარება. აქვეა თურქი არტისტების ნამუშევრები წიგნებისა და ბიბლიოთეკის თემაზე და მარიონ ფონ ოსტენის ორგანიგრამები. „ციურიხში კოლეგებს ვთხოვე ეჩვენებინათ ნახატები, რომლებსაც ისინი აკეთებდნენ საქმიანი შეხვედრების, სემინარების დროს. საინტერესოა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი თითქმის არ ხატავდნენ - ფურცელზე მხოლოდ ორგანიგრამებს აკეთებდნენ. ძირითადად, ასეთ ჩანახატებს ქვეცნობიერად ქმნი - გარშემო შეიძლება ყველა ლაპარაკობდეს კვლევის მეთოდებზე, შენ კი ცდილობ, დახატო რაიმე, რასაც მიზნად კვლევა სრულიად არ აქვს და ხატავ ცხენს“, - ამბობს არტისტი.

მარიონ ფონ ოსტენი ხელოვანი, კურატორი და კულტურის მკვლევარია. პოსტკოლონიურ საზოგადოებაში ხელოვნების პროდუქციის თემა წლების განმავლობაში მისი კვლევის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. პროფესიულ წრეებში ფონ ოსტენს, როგორც  Labor k300-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს იცნობენ. დიდი ხნის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ვენის ხელოვნების აკადემიაში, ასევე მუშაობდა ციურიხის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის ინსტიტუტის კათედრაზე. ტაბულა მას სახელოვნებო განათლების პრობლემებზე ესაუბრა:

„რთულიცაა და იოლიც, ისაუბრო სახელოვნებო განათლების სისტემაზე. ვასწავლიდი ევროკავშირის ქვეყნებში და უნდა ვაღიარო, რომ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, არსებობა და თავის გატანა ძალიან რთული იყო. ამიტომ, მე ძალიან სერიოზულად განვიხილავ უთანასწორობის პრობლემას. როდესაც სტუდენტმა უნდა იწვალოს შენგენის ვიზის მისაღებად, გადაიხადოს დიდი თანხა სწავლისთვის, იმ სკოლებშიც კი, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქისთვის სწავლა უფასოა, ისღა დაგვრჩენია, ვაღიაროთ, რომ საგანმანათლებლო სისტემა საკმაოდ არადემოკრატიულია.

ახლახან ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანიც იყო გამოევლინათ, თუ ძირითადად როგორი ოჯახებიდან მიდიან ხელოვნების აკადემიებში სასწავლებლად. მე ველოდი, რომ დიდი ნაწილი საშუალო კლასის წარმომადგენელი იქნებოდა, მაგრამ შედეგმა ძალიან გამაკვირვა. აღმოჩნდა, რომ იმ სტუდენტების 90 პროცენტი, ვინც ხელოვნებას სწავლობს, მაღალი სოციალური ფენიდანაა. გამოდის, რომ დღეს თუ ადამიანს არ აქვს სახსრები, ის ვერ გახდება ხელოვანი. თუ აღნიშნულ სფეროში ამ კუთხით რაიმე არ შეიცვალა, ცუდ შედეგებს მივიღებთ, რადგან უმთავრესი, რაც საგანმანათლებლო სისტემის ეფექტიანობას განსაზღვრავს, მისი დემოკრატიულობაა. თუ ხელოვნების აკადემიები არ შეცვლიან ელიტურ პოზიციას და არ ჩამოყალიბდებიან დემოკრატიულ ინსტიტუტებად, მათ არ ექნებათ მომავალი. ისინი, უბრალოდ, დარჩებიან ბურჟუაზიულ დაწესებულებებად ბურჟუებისთვის“.

ამ დღეებში თანამედროვე ხელოვნების ცენტრთან თუ ჩაივლიდით, აუცილებლად შეამჩნევდით ლურჯ და წითელ ფერებში უცნაურად შეღებილ კედელს, რომლებზეც დიაგრამის მსგავსი სვეტებია. ისევე, როგორც თანამედროვე კონცეპტუალური ხელოვნების ნიმუშების დიდი ნაწილი, მარიონ ფონ ოსტენისა და ბესა ქართლელიშვილის ნამუშევარიც აღსაქმელად არც ისე იოლია. თუმცა, ოსტენის თქმით, ეს არც ყოფილა მათი მიზანი.

„გრაფიკული თვალსაზრისით, ეს სხვა არაფერია, თუ არა დიაგრამა. კომპოზიცია ასევე შეიძლება აღვიქვათ, როგორც ნახატი, მაგრამ, ამავე დროს, ის არც ერთია და არც მეორე. როდესაც ადამიანები ახლოს ჩაივლიან, გაუჩნდებათ კითხვა, თუ რა არის კედელზე.

ფერების არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა - წითელი და ლურჯი ნებისმიერ სოციოლოგიურ თუ ეკონომიკურ დიაგრამაზე გვხვდება. ყველა ეს დიაგრამა დაკავშირებულია ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებთან. მეცნიერული თვალსაზრისით, ამ დიაგრამების გაერთიანება სისულელე, სრული ნონსენსი იქნებოდა. ასევე კითხვის ქვეშ შეიძლება დავაყენოთ სტატისტიკური მონაცემების ნამდვილობაც, რადგან მათი ინტერპრეტაცია ყოველთვის სხვადასხვაგვარად შეიძლება“, - გვიყვება ფონ ოსტენი.

ერთ-ერთ დიაგრამაზე ვხედავთ იმ თანხის ვიზუალიზაციას, რომელიც საქართველოში განათლებაზე დაიხარჯა. მეორე გვიყვება იმაზე, რამდენ ფულს ხარჯავენ უცხოელი სტუდენტები იმისთვის, რომ გაერთიანებულ სამეფოში ისწავლონ, რაც ამ სფეროს სტუდენტებისთვის ძალიან პრესტიჟულად ითვლება. „საშუალოდ, უცხოელი სტუდენტი წლიურად 25 000 გირვანქა სტერლინგს იხდის ამისთვის. აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ უცხოელი სტუდენტები მდიდარ ფენას ეკუთვნიან. ერთ-ერთ დიაგრამაზე აქცენტი გავაკეთეთ აშშ-ის საგანმანათლებლო პოლიტიკის კომპონენტზე - აქ სტუდენტებს შესთავაზეს, რომ თუ გაივლიდნენ სამხედრო სამსახურს და წავიდოდნენ ერაყის თუ ავღანეთის ომში, მაშინ სახელმწიფო გაანულებდა იმ ვალს, რომელიც მათ განათლების მისაღებად აიღეს. ასე რომ, თუ მიდიხარ ომში - იღებ განათლებას. ვფიქრობ, ძალიან მძიმე უნდა იყოს, როდესაც განათლების მისაღებად საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება გიწევს, - ამბობს ფონ ოსტენი, - მინდა, რომ ამ დიაგრამების ნახვისას ადამიანებს დისკომფორტი ჰქონდეთ, ვერ მიხვდნენ რა არის და ბევრი იფიქრონ, თუ როგორ და რატომ შეიძლება იყვნენ ისინი ერთმანეთთან კავშირში. ეს ნამუშევარი არაფერს ხსნის. ის, უბრალოდ, გვაფიქრებს კავშირზე ამ მონაცემებს შორის. ამ ყველაფერს კედელზე ვერ წაიკითხავთ, მაგრამ ვფიქრობ, დიაგრამების ნებისმიერი ინტერპრეტაცია მისაღები იქნება, რადგან აღნიშნული ნამუშევრის  მიზანი, უბრალოდ, ადამიანების დაფიქრება იყო... რაზე? ნებისმიერ თემაზე. ნებისმიერი ინფორმაცია, რომლითაც ამ დიაგრამების შევსება შეიძლება, მისაღები იქნება“.

ინფორმაციის მიღება კი, როდესაც სახელოვნებო განათლებას ვგულისხმობთ, არ იქნება რთული, ყოველ შემთხვევაში, ოც ნოემბრამდე მაინც. ხუთშაბათს, პირველ ნოემბერს, ევროპის სახლში საინტერესო მოხსენება გველოდება ცოდნისა და პროდუქციის ურთიერთკავშირსა და ხელოვნების სწავლებაზე, მეორე დღეს კი ტარა მაკდაუელი წაიკითხავს ლექციას „ხელოვნება, როგორც ექსპერიმენტი...“ ფართოდ გაშლილი პლატფორმა, რომელიც ერთ კონკრეტულ თემაზეა ფოკუსირებული, საქართველოსთვის ერთგვარ პრეცედენტს წარმოადგენს, რაც, იმედია, უკანასკნელი არ იქნება. Offside Effect კი საზოგადოებას უფრო მეტად დააფიქრებს დამოუკიდებელი, ექსპერიმენტული სკოლების როლზე ხელოვანთა აღზრდის სფეროში და იმ პრობლემებზეც, რომლებიც სახელოვნებო განათლების სისტემაში აქტუალური და მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები