საფრანგეთი

„მტრედების“ პროტესტი საფრანგეთში

სოციალური ქსელები სულ უფრო აქტიურ როლს თამაშობს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების სოლიდარობისა და პროტესტის იარაღი. ამის ნათელი მაგალითია საფრანგეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ყველაფერი 28 სექტემბერს, საფრანგეთის ხელისუფლების მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის გეგმის წარმოდგენით დაიწყო.

ამას ძალიან მალე მოჰყვა გაზეთ La Tribune-ში ჟან-დავიდ შამბორედონის მიერ დაწერილი სტატიის გამოქვეყნება, რომელშიც ახალი საბიუჯეტო გეგმა სასტიკადაა გაკრიტიკებული. განსაკუთრებით გადასახადების გაზრდა, რაც, კრიტიკოსთა აზრით, მოგების 60%-ის გადასახადებზე გახარჯვას გულისხმობს. შამბორედონმა ამ საგადასახადო ინიციატივებს „თითქმის სადისტური დემოტივაცია“ და „ოცნებების დანგრევა“ უწოდა. სტატიის ავტორისვე აზრით, აუცილებელია ამ ცვლილებებზე დისკუსიის პარლამენტიდან გამოტანა და საჯარო განხილვების დაწყება.

ყველაზე დიდი საპროტესტო მუხტი კი სოციალურ ქსელებში, კერძოდ Facebook-ზე შექმნილმა გვერდმა გამოიწვია. ახალი საგადასახადო ინიციატივებით უკმაყოფილო მოქალაქეთა ჯგუფმა, რომელიც ძირითადად ე.წ. სტარტ აფ კომპანიებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, შექმნა ახალი სლოგანი, „ჩვენ ვართ მტრედები“, რაც წინააღმდეგობის მთავარ იარაღად იქცა. ე.წ. მტრედების გვერდს Facebook-ზე და მის Twitter-ის ანგარიშზე ათიათასობით მომხმარებელი ჰყავს.

ამ მოძრაობის მხარდამჭერთა შორის Cap Digital-ის პრეზიდენტი, ჰენრი ვერდიერი და Meetic-ის დამფუძნებელი მარკ სიმონიჩიც არიან. ხოლო ინფორმაციული ტექნოლოგიების ვეტერანი შამბორედონი მოძრაობის სპიკერად იქცა. მისი განმარტებით, საფრანგეთის მოსახლობაში ამ აქტივობის მიმართ სოლიდარობა საკმაოდ დიდია, რაც იმითაა გამოწვეული, რომ „მტრედები“ ტრადიციული ბიზნესელიტისგან შორს დგანან.

„როდესაც ფრანგი ხედავს პატარა სტარტ აფის ბოსს, რომელსაც ხელფასის მინიმუმი აქვს, ჭამს მაკარონის კერძებს და დარწმუნებულიც კი არ არის იმაში, რომ წელიწადის მეოთხედის ბოლომდე ფული ეყოფა, მას არ აღიქვამენ როგორც „დიდ ბატონს“ – ის არ არის კაპიტალისტი“, განაცხადა შამბოდერონმა.

საფრანგეთში განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, თუ რამდენად დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს სოციალურ ქსელებს. ასი ათასობით ადამიანის ქუჩაში გამოსვლის ნაცვლად, რამდენიმე ათასი ადამიანის მიერ Facebook-ის გვერდზე გამოხატული პროტესტი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ხელისუფლება დათმობაზე წასულიყო. საპროტესტო ტალღის აგორებიდან ძალიან მალევე ოლანდის მთავრობამ მეწარმეებს აქტიური დამფუძნებლების გაზრდილი გადასახადებიდან გათავისუფლება შესთავაზა, რაზეც მოძრაობის წევრთა უმრავლესობამ უარი თქვა.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ყველაფერი შეიძლება ისე დასრულდეს, რომ „მტრედები უბრალოდ სხვა ქვეყნებში გაფრინდნენ“ – ბელგიაში, ბრიტანეთში ან ევროკავშირის რომელიმე წევრ სახელმწიფოში, რადგან ამხელა გადასახადების მქონე ქვეყანაში ინვესტირებას უბრალოდ აზრი დაეკარგება. შამბოდერონის აზრით კი, ამ მოძრაობამ უკვე დაიმკვიდრა თავი საფრანგეთის ისტორიაში ფრანგული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი დისკურსის, ქუჩის აქციების ალტერნატივის შეთავაზებით.

ასე რომ, ამ დღეებში საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დაგეგმილი დისკუსია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით არცთუ მშვიდი იქნება. დეპუტატებს, რომელთა უმრავლესობას სწორედ მმართველი პარტიის წევრები წარმოადგენენ, ამ საპროტესტო მოძრაობის აზრის გათვალისწინებაც მოუწევთ.

 

კომენტარები