საუდის არაბეთი

საუდის არაბეთი ცვლილების მოლოდინში

საუდის არაბეთში მეფის მიერ დაწყებულმა რეფორმამ შეიძლება რელიგიური პოლიცია გარდაქმნას და ავტოკრატიულ ქვეყანაში ცვლილებები შეიტანოს. რელიგიური პოლიცია სახელმწიფოში შარიათის მკაცრ ინტერპრეტაციას უხეშად ზედამხედველობს და მოსახლეობისთვის თავის ტკივილადაა ქცეული.

ოქტომბრის დასაწყისში საუდის არაბეთმა „სათნოების გავრცელებისა და ცოდვის მოსპობის კომიტეტის“ (CPVPV) ღრმა რეფორმირების დაწყების შესახებ გამოაცხადა. ამ სახელმწიფო სააგენტოს წარმოადგენს რელიგიური პოლიცია, იგივე მუტავინი (არაბულად „მოხალისეები“). ეს უკანასკნელი ქუჩებში დრეს-კოდის დაცვას, მამაკაცის და ქალის მკაცრ გაყოფას, ლოცვის დროს მუსლიმთა მოვალეობის შესრულებას აკვირდება. მას მინიჭებული აქვს უფლება, დააკავოს ნებისმიერი პირი, რომელიც ჰომოსექსუალურ აქტებში, პროსტიტუციაში, მრუშობაში ან სხვა რელიგიების გავრცელებაში იქნება ეჭვმიტანილი. მუტავინი კრძალავს ალკოჰოლური სასმელების მოხმარებას და უზრუნველყოფს ისლამური დიეტური კანონების (მაგალითად, ღორის ხორცზე უარის თქმა) შესრულებას.

როგორც წესი, მუტავინი გრძელ წვერს, თეთრ სამოსსა და თავშალს ატარებს. 2007 წლამდე, ამჟამინდელი მეფე აბდულას რეფორმამდე, ისინი ხის წკეპლასაც ატარებდნენ. მუტავინის ხშირი კომპანიონი რეგულარული პოლიციაა, თუმცა მათ პატრულირება პოლიციის თანხლების გარეშეც შეუძლიათ. მუტავინის რისხვა საუდის არაბეთის მუსლიმი მოქალაქეების გარდა უცხოელებზეც ვრცელდება. ისინი უპირისპირდებიან სხვა რელიგიების მსახურებას, ვალენტინის დღის აღნიშვნას, ბარბის თოჯინებს, კატებისა და ძაღლების, როგორც „დასავლური დეკადანსის“ სიმბოლოების გაყიდვას.

2012 წლის იანვარში მეფე აბდულამ რელიგიური პოლიციის ხელმძღვანელად რეფორმისტული რეპუტაციის პირი აბდულ ლატიფ ალ-შეიხი დანიშნა. მალევე ალ-შეიხმა გამოაცხადა, რომ ქალისთვის უცხო მამაკაცის მიმართ კონტაქტის აკრძალვა ისლამურ სამართალს ეწინააღმდეგებოდა. ოქტომბრის დასაწყისში ალ-შეიხის ბრძანებით მუტავინის გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა. მათ ჩამოერთვათ დაკავების, დაკითხვის, გაჩხრეკვის, ქუჩებში პატრულირების უფლება. რელიგიურ პოლიციაში დარჩა 3,500 ანაზღაურებადი წევრი, დანარჩენი მრავალი მოხალისე დაითხოვეს.

უახლოეს პერიოდამდე რელიგიური პოლიცია საუდის არაბეთის სახელმწიფოს ცხოვრებაში ერთ-ერთი ცენტრალური ფაქტორი იყო. მეფე აბდ ალ-აზიზ იბნ-საუდის (1876-1953) მიერ სახელმწიფოს დაარსების დღიდან, მუტავინი ქვეყნის ოფიციალური ვაჰაბიტური ისლამის ინტერპრეტაციის განხორციელებად მიიჩნეოდა. მათ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრეს 2002 წელს მექას სკოლაში გაჩენილი ხანძრის დროს, რომელსაც თოთხმეტი გოგონა ემსხვერპლა. მუტავინმა არ დაუშვა მათი შენობიდან გამოსვლა, ჩაკეტა სკოლის კარები და ხელი შეუშალა მეხანძრეებს თავიანთ საქმიანობაში იმის გამო, რომ გოგონებს, მათი აზრით, სათანადოდ არ ეცვათ.

რელიგიური პოლიციის კიდევ ერთი გახმაურებული საქმეა მათი წინააღმდეგობა ქალების მიერ მანქანის ტარების დაუშვებლობის შესახებ. მუტავინი იზიარებს ვაჰაბიტი სასულიერო პირების მოსაზრებას, რომ საჭესთან ქალი პროსტიტუციასა და სექსუალურ მომწიფებას აძლიერებს. საუდის არაბეთში უკვე ათასობით ქალს ჰყავს მანქანა და იძულებულია მძღოლი დაიქირაოს, რაც აგრეთვე დამატებითი პრობლემაა მუტავინისთვის. ქალებისთვის ამ უფლების მინიჭების მომთხოვნ ორგანიზაციას საუდის როზა პარქსად წოდებული მანალ ალ-შარიფი უძღვება.

ქვეყანაში ვითარებამ შეცვლა 2005 წელს დაიწყო, როდესაც სამეფო ტახტზე პრინცმა აბდულამ თავისი ძმა ფაჰდი შეცვალა. აბდულას რეფორმისტულ განწყობას აფერმკრთალებდა ახალი მემკვიდრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, პრინცი ნაიფის მკაცრად ვაჰაბიტური შეხედულებები. 2007 წელს აბდულამ სიმბოლურ გამარჯვებას მიაღწია მუტავინისთვის ხის წკეპლების აკრძალვაში. 2012 წლის ივნისში პრინცი ნაიფი ავტოკატასტროფას შეეწირა, რამაც რეფორმირებას უფრო მეტი შანსი გაუჩინა.

საუდის არაბეთის გარდა, მსგავსი სახელმწიფო სტრუქტურა თალიბანის რეჟიმის ავღანეთის ისლამისტურ ემირატში არსებობდა. ამ კომიტეტის ანალოგიას „სათნოების გავრცელებისა და ცოდვის მოსპობის სამინისტრო“ ერქვა და მსგავს საპოლიციო ფუნქციებს ასრულებდა. თალიბანმა საუდის არაბეთის პრაქტიკა, შარიათის ერთნაირი მკაცრი ინტერპრეტაციის გარდა, იმიტომაც ისესხა, რომ ამ ქვეყნისგან საგრძნობი ფინანსური და დიპლომატიური მხარდაჭერა ჰქონდა. ანალოგიური რელიგიური პოლიცია არსებობს ღაზის სექტორშიც, სადაც ის ორგანიზაცია ჰამასთან აქტიურადაა დაკავშირებული.

 

კომენტარები