ვენესუელის ეკონომიკა

„დავითისა და გოლიათის“ ჭიდილი

0 კომენტარი

ენრიკე კაპრილესი კარგად ხვდებოდა თუ რას აკეთებდა, როდესაც უგო ჩავესთან პოლიტიკურ ომში ერთვებოდა. მან თავადვე უწოდა ამ კამპანიას „დავითისა და გოლიათის“ ჭიდილი, თუმცა კაპრილესის დემოკრატიული გაერთიანებისთვის სამწუხაროდ, პოლიტიკური პაექრობა სწორედ ბიბლიური ისტორიის მსგავსად დასრულდა – 7 ოქტომბერს ჩავესი ხელახლა აირჩიეს ვენესუელის პრეზიდენტად. მან ხმათა 55% მიიღო, რამაც ჩავესი საკუთარ გეგმასთან, 2031 წლამდე მართოს ქვეყანა, 6 წლით დააახლოვა. კაპრილესმა არჩევნებში ხმათა 44% დააგროვა.

ბევრისთვის გაურკვეველია, რატომ ენდო საზოგადოება ჩავესს უკვე მესამედ. მისი პოლიტიკური წარსული ყველასთვის რთულ სოციალურ მდგომარეობასთან, ეკონომიკურ პრობლემებთან, კორუფციასთან, ლათინურ ამერიკაში ყველაზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებელთან და ქუჩის კრიმინალთან ასოცირდება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საზოგადოების ყველაზე დიდ ნაწილს, ღარიბებს, ჩავესის 21-ე საუკუნის სოციალიზმი და “კომუნალური სახელმწიფოს” იდეა უფრო ხიბლავს, ვიდრე გაურკვეველი დემოკრატია.

დასავლეთის ქვეყნებში ჩავესის ახალი ვადით არჩევასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი შეხედულებები ვრცელდება. ბევრი მიიჩნევს, რომ ვენესუელა ჯერ მზად არ არის დემოკრატიული ხელისუფლებისთვის. სხვები კი თვლიან, რომ ეს არჩევანი ვენესუელას ძვირად დაუჯდება, რადგან მომდევნო 6 წლის განმავლობაში ჩავესის პოლიტიკური კურსი ქვეყანას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტ სირთულეს მოუტანს.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა უკვე კრიტიკულია – საზოგადოებრივი ხარჯის მაჩვენებელი 2012 წელს 5%-ს გაუტოლდა. ინფლაციის დონემ კი 20%-მდე აიწია! შავ ბაზარზე ვალუტის ფასი დადგენილზე 3-ჯერ მეტია.  ეკონომისტები წელს დევალვაციასაც წინასწარმეტყველებენ.

ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ექსპორტზე. ვაჭრობის მთავარი პროდუქცია გაზისა და ნავთობის გარდა, ქიმიკატები, ფოლადი და სასოფლო მეურნეობის პროდუქციაცაა. აღსანიშნავია, რომ სასოფლო მეურნეობა ეროვნული მშპ-ის საერთო მაჩვენებლის 4%-ს შეადგენს და მოსახლეობის 13% სწორედ ამ სექტორშია დასაქმებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის ეკონომიკას ნავთობრესურსის წყალობით უდიდესი პოტენციალი გააჩნია. მხოლოდ ნავთობით, ვენესუელას შეუძლია მილიარდობით დოლარის მოგება ნახოს და ამის მიუხედავად, მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ნავთობის ფასების რეგულირება ჩავესმა თავის თავზე აიღო და გაზრდილი ფასებით მოსახლეობაზე დიდი ხნის განმავლობაში მანიპულირებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელა რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, გაუმართავი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო მათი ეფექტურად გამოყენება ვერ ხერხდება. არჩევნებზე ჩავესმა საზოგადოებას მის მიერ 2009 წელს პროგრამაში ჩაშვებული რკინიგზის განვითარების გეგმა გაახსენა და აღნიშნა, რომ პროექტი 2030 წლისთვის აუცილებლად დასრულდება. გეგმა 15 სარკინიგზო ხაზის გამართვას გულისხმობს, რამაც, საბოლოო ჯამში, დაახლოებით 13000 კილომეტრი უნდა დაფაროს. 

ვენესუელისთვის დიდი პრობლემაა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობაც, რომელიც მოქალაქეთა 28%-ს შეადგენს. ეკონომიკურ მდგომარეობას უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელიც ართულებს: ქვეყანაში საზოგადოების 12,1%-ია დაუსაქმებელი.

ძნელი წარმოსადგენია, როგორ გაართმევს თავს ქვეყნის მთავარ გამოწვევებს უგო ჩავესი, მით უმეტეს, რომ უამრავი სოციალური პრობლემა სწორედ მისი მმართველობის დროს არის აღმოცენებული.

ამას გარდა, გაურკვეველია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. მან უკვე სამი ოპერაცია გაიკეთა მენჯის კიბოს გამო. როგორც ექიმებმა არჩევნების შემდგომ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნეს, პრეზიდენტი უკვე განიკურნა! თუმცა არავინ იცის სიმართლე მისი დიაგნოზის, მკურნალობისა და ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ეკა ბესელია

კომენტარები