საქართველოს პარლამენტი

უსუფაშვილი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეობაზე უარს ამბობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს. ამის შესახებ უსუფაშვილმა ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა პრეს-პრესში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, მას პარტიული თანამდებობის დატოვებას კანონი არ ავალდებულებს, მაგრამ ეს ორი თანამდებობა ერთმანეთთან რეალურად შეუთავსებელია.

„შეუძლებელია, რა რეჟიმშიც პარლამენტის თავმჯდომარეს უწევს მუშაობა, მან პარტიის სათანადო გაძღოლა შეძლოს“, - აღნიშნა უსუფაშვილმა. მისი განცხადებით, უახლოეს დღეებში პარტიის რიგგარეშე ყრილობა გაიმართება, რომელიც ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ამავე დროს, უსუფაშვილის თქმით, იგი პარტიის წევრად და ერთ-ერთ ლიდერად დარჩება.

პარლამენტის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი პარტიის მდივანი იყო და ის, ალბათ, ვეღარ შეძლებს ამ ფუნქციის შესრულებას. რაც შეეხება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, ზაქარეიშვილი ეროვნული კომიტეტის წევრი იყო და ამ თანამდებობაზე ალბათ დარჩება, რადგან კომიტეტი ორ თვეში ერთხელ იკრიბება და მინისტრიც დროის გამონახვას შეძლებს.

 

კომენტარები