მიმოხილვა

XXI საუკუნის ბონდი

შეფასება: 3/5

ორიგინალური დასაწყისის ტიტრები, 6 მთავარი აგენტი, ათობით საბედისწერო ქალი და ასობით მილიონი შემოსავალი - ასე შეიძლება მოკლედ აღვწეროთ ჯეიმს ბონდის ფრენჩაიზი.

იან ფლემინგის ლიტერატურული ქმნილება ზუსტად 50 წელია საკულტო აგენტის სტატუსით სარგებლობს. ამ ხნის მანძილზე ჯეიმს ბონდი ერთფეროვანი პერსონაჟი იყო - მექალთანე, წარმატებული აგენტი, კარგი იუმორის გრძნობით და სუპერმენის „შესაძლებლობებით“. ყველაფერი 2006 წელს მარტინ კემპბელის ფილმით, „კაზინო როიალით“, შეიცვალა. კემპბელმა ბონდის პერსონაჟი თავდაყირა დააყენა. მთავარი როლის შემსრულებლად დენიელ კრეიგი მიიწვია - ერთი შეხედვით, სრულიად არაბონდის გარეგნობის მქონე ტიპაჟი, ცივი გამოხედვითა და მოუხეშავი ნაკვთებით, შონ კონერის ან თუნდაც პირს ბროსნანის ბონდების სრული ანტიპოდი. მსახიობის რადიკალურ ცვლილებას, სიუჟეტსა და საბრძოლო სცენებში გადახალისება მოჰყვა, ბონდი უფრო რეალური, უფრო ნამდვილი გახდა.

სემ მენდესის „სკაიფოლი“, მარტინ კემპბელის დაწყებული საქმის გაგრძელება და დასკვნითი, ყველა კვანძის შემკვრელი ბონდიანაა. „სკაიფოლი“ ჯეიმს ბონდის დაცემასა და აღზევებაზე მოგვითხრობს. ფილმის დასაწყისში აგენტ 007-ს სასიკვდილოდ დაჭრიან, მის ორგანიზაციას, MI6-ს კი ნელ-ნელა ანადგურებენ. ბონდს ძალების მოკრება და სრულიად ახალი ტიპის მეტოქის დამარცხება მოუწევს. მისი მტერი ხავიერ ბარდემის პერსონაჟია. სილვა ფსიქიკურად არამდგრადი, კომპიუტერული გენიოსია, რომლის ერთადერთი მიზანი M-ის (ჯუდი დენჩი) განადგურებაა.

როგორც მოსალოდნელი იყო, „ამერიკული სილამაზის“ რეჟისორმა, ექშენ სცენებზე დიდი ყურადღება, პერსონაჟების განვითარებას დაუთმო. ეს ერთადერთი ბონდია, სადაც ჩვენ მისი ბავშვობიდან მნიშვნელოვან დეტალებს ვიგებთ, სადაც ბონდის წარმოშობის ისტორია სააშკარაოზე გამოდის. მენდესი ეცადა, ბონდის და სილვას (ბარდემი) ურთიერთობა უბრალოდ კეთილისა და ბოროტის, ბონდიანას კლიშე დაპირისპირებას არ დამსგავსებოდა. ბარდემის პერსონაჟი სტერეოტიპული, ძალაუფლების მანიით შეპყრობილი გმირი არაა. სილვას წარსული იარები აწუხებს და ტკივილის დაყუჩების ერთადერთ გზად M-ის მოკვლა მიაჩნია. ხავიერ ბარდემის პერსონაჟი ხშირად ჯოკერს მოგაგონებთ, მისი დაკითხვის სცენა კი მთლიანად „ბნელი რაინდიდან“ ამოღებულ ეპიზოდს ჰგავს და სწორედ ესაა „სკაიფოლის“ მთავარი მინუსი. სხვა მხრივ, მენდესს, ბონდის სტანდარტებით, ძალიან კარგი ნამუშევარი გამოუვიდა. რეჟისორს კარგად ესმოდა, რომ ჯეიმს ბონდი საბოლოოდ უნდა შეცვლილიყო, 50 წლის წინ „დოქტორი ნოს“ მთავარი გმირი და „სკაიფოლის“ პროტაგონისტი რადიკალურად განსხვავებული ტიპები არიან. XXI საუკუნეს აღარ სჭირდება რომანტიკოსი სუპერგმირები, დღეს რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული გმირების ეპოქაა. „სკაიფოლი“ სწორედ ცვლილებათა ქარზეა, იმაზე, რომ კუნთები და ცეცხლსასროლი იარაღი ინტერნეტის ეპოქაში კომპიუტერის ფონზე არაფერია. აგრეთვე, იმაზე, რომ ბონდი ყოველთვის იყო და დარჩება აგენტად, რომელიც მისი უდიდებულესობის, ინგლისის დედოფლის სამსახურშია და ყველაფრის ფასად უნდა დაიცვას იგი - როგორი არაადამიანური და საშინელიც არ უნდა იყოს მისი ქმედება. „სკაიფოლში“ მექალთანე ბონდი მეორე პლანზეა გადაწეული და მთელი ყურადღება ბონდისა და M-ის დედაშვილურ ურთიერთობაზეა გადატანილი.

სემ მენდესმა მოახერხა ის, რომ წინა ბონდებისგან საუკეთესო, გმირის ქარიზმა და იუმორი აიღო და დღევანდელი რეალობის შესაბამისი აგენტი შექმნა, რომელიც არც ძველი ბონდია და არც ჯეისონ ბორნი. რეჟისორმა „სკაიფოლში“ Q და მის მანიპენი დააბრუნა და შეკრა წრე, რომლის შენებაც მარტინ კემპბელმა დაიწყო.

მორიგი ბონდი, სავარაუდოდ, კრისტოფერ ნოლანის იქნება და დიდი შანსია, ცნობილი აგენტის როლი პირველად შეასრულოს შავკანიანმა მსახიობმა, იდრის ელბამ. ეს სრულიად ახალი ისტორიის დასაწყისი იქნება.


კომენტარები