საქართველო რუსეთი

„დალაგების“ დასაწყისი

საქართველოს ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის დაპირებულ „დალაგებას“ შეუდგა. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით ახალი ინსტიტუტის - რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შემოღება გახდა. ამასთან ერთად, რეინტეგრაციის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი ახალი წინადადებით გამოვიდა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის, აფხაზეთის გავლით, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ითვალისწინებს. თუმცა, რუსი ექსპერტების აზრით, ურთიერთობის მოწესრიგება თბილისს უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე მოსკოვს. შესაბამისად, კრემლი შეეცდება საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი პირობები უკარნახოს.

რუსეთსა და NATO-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, ზურაბ აბაშიძე, პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენლად 1 ნოემბერს წარადგინა. ივანიშვილის განცხადებით, მოსკოვთან ურთიერთობა „ახალი ფურცლიდან“ უნდა დაიწყოს.

„მე ვფიქრობ, ჩვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა მოვახერხოთ და დავალაგოთ ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელთან ურთიერთობები იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს ძალიან დიდი ისტორია“, - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობა, საბოლოო ჯამში, „ჯერ უნდა დავარეგულიროთ და შემდეგ ახალ ხარისხში ავიყვანოთ“.

პირველ ეტაპზე, მისი თქმით, რუსეთთან კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები უნდა აღდგეს. და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი მუშაობა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე.

როგორც, თავის მხრივ, ზურაბ აბაშიძემ განმარტა, მას „რთული და საპასუხისმგებლო“ ამოცანა ეკისრება, რუსეთთან ურთიერთობების მოსაწესრიგებლად კი „საქართველომ უნდა გადადგას ყველა ის ნაბიჯი, რომელიც შეესაბამება სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო საქმეებში თავისუფალი არჩევანის პრინციპებს“.

აბაშიძის წარდგენისას, ბიძინა ივანიშვილმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ ახალი თანამდებობის შემოღების მიუხედავად, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს მოსკოვთან მოლაპარაკებების ჟენევის ფორმატიც.

ივანიშვილს ამის საგანგებოდ ხაზგასმა იმის გამო დასჭირდა, რომ ახალი ინსტიტუტის შემოღებით ქვეყნებს შორის ურთიერთობის ახალი, შუამავლების გარეშე ფორმატი გაჩნდება, არსებული ფორმატების - ჟენევის მოლაპარაკებების და შვეიცარიის შუამავლობის, მიღმა.

როგორც ტაბულას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ სერგი კაპანაძემ განუცხადა, ახალი ინსტიტუტის შემოღება „შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის მხრიდან საიმისოდ, რომ ის ფორმატები, რაც მას არ აწყობს, ნელ-ნელა ჩაანაცვლოს“.

ახალ თანამდებობაზე ზურაბ აბაშიძის ერთ-ერთი პირველი დავალება ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტის აღდგენაზე მუშაობა იქნება. რაც ქართული ოცნების ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა. საამისოდ ივანიშვილმა აბაშიძეს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად მუშაობა დაავალა. უახლოესი ამოცანა, მისი თქმით, ისაა, რომ „როგორმე მოვახერხოთ წელსვე ჩვენი ციტრუსების გატანა რუსეთის ბაზარზე“.

თავის მხრივ, რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ გაზეთ იზვესტიასათვის მიცემულ ინტერვიუში ქართული ღვინის დაბრუნება დასაშვებად მიიჩნია, თუ მისი ხარისხის კონტროლი სათანადოდ განხორციელდება. ამავე ინტერვიუში ონიშჩენკომ საქართველოს „კვაზინაციონალური ტერიტორიული წარმონაქმნი“ და „ჯუჯა სახელმწიფო“ უწოდა.

ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ შეტყობინება მისი დანიშვნისა და მოლაპარაკებებისათვის მზადყოფნის შესახებ მოსკოვში დიპლომატიური არხებით გაიგზავნება და თბილისი რუსეთის ოფიციალურ რეაქციას დაელოდება.

3 ნოემბერს რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ ზურაბ აბაშიძეს რუსეთში კარგად იცნობენ. თუმცა, მისი თქმით, „საქართველოს ახალი მთავრობისგან პირველ რიგში კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებს ველოდებით“.

ერთ-ერთ ასეთ პრაქტიკულ ნაბიჯად შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების ახალი ინიციატივა იქცეს რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ, რომელიც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა 2 ნოემბერს გაახმოვანა. როგორც ზაქარეიშვილმა ტაბულას განუცხადა, ეს ნაბიჯი როგორც ქვეყნის ეკონომიკურ ინტერებს, ასევე კონფლიქტის მოწესრიგებას მოემსახურება.

მისი თქმით, აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზის აღდგენა ერთ-ერთი შესაძლო თემაა, „რისგანაც რუსეთთან დიალოგი შეიძლება დაიწყოს“. გარდა ამისა, მისი სიტყვებით, ამ შემთხვევაში „აფხაზეთში მცხოვრებ საზოგადოებას საქართველოსთან სავაჭრო და სხვა სახის ურთიერთობა გაუადვილდება და აფხაზეთი საქართველოს უფრო მეტად მოებმება“.

სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ 2003 წელს ვლადიმირ პუტინი და ედუარდ შევარდნაძე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმების თანახმად, მოძრაობის აღდგენა დევნილების დაბრუნების პარალელურად უნდა მომხდარიყო. საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ამ მოთხოვნას აღარ აყენებს და მზადაა მოძრაობა უპირობოდ გახსნას. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, დევნილთა მოთხოვნის დაყენებამ შედეგი ვერ გამოიღო, მიმოსვლის აღდგენა კი კონფლიქტის მოწესრიგებას და, შესაბამისად, დევნილთა დაბრუნებას შეუწყობს ხელს.

სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი ჟენევის მოლაპარაკებებზე არაერთხელ დასმულა. თუმცა, როგორც ტაბულას სერგი კაპანაძემ უთხრა, ამ საკითხის განხილვამდე გადასაწყვეტია ისეთი საკითხები, როგორიცაა ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქალაქეთა თავისუფლად გადაადგილება და ვაჭრობა. თანაც, კაპანაძის სიტყვებით, „იქ ბევრი იურიდიული საკითხია - არის აფხაზური რკინიგზა, რომელთანაც კავშირი აქვს რუსულ რკინიგზას, და შემოდის თემები, რომელიც პირდაპირ სტატუსს უკავშირდება“. კაპანაძის თქმით, რკინიგზის აღდგენის საკითხი ძალიან დიდ სიფრთხილეს საჭიროებს, ვინაიდან „შეცდომა ამ საქმეში შეიძლება იყოს დამღუპველი ჩვენი სუვერენიტეტისათვის“.

რუსი ექსპერტები თბილისის ინიციატივებს საინტერესოდ მიიჩნევენ, თუმცა, რაიმე გარღვევას ორი ქვეყნის ურთიერთობებში არ ელიან. პოლიტოლოგ ფეოდორ ლუკიანოვის აზრით, ზურაბ აბაშიძეს რუსეთში პატივს სცემენ, „როგორც პროფესიონალ ადამიანს ზომიერი შეხედულებებით“ და იმ სამუშაოსთვის, რაც მას დაევალა, აბაშიძის კანდიდატურა იდეალურია. მისი თქმით, რუს დიპლომატებს ზურაბ აბაშიძის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ. მაგრამ, ეს დამოკიდებულება ვერ იქნება ქართულ-რუსულ ურთიერთობებში წარმატების გარანტი, რადგან, ლუკიანოვის თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ „რუსეთს არ უდგას მწვავე აუცილებლობა, ურთიერთობები განავითაროს საქართველოსთან“.

იმავე აზრისაა კიდევ ერთი რუსი ექსპერტი, ცენტრალური აზიისა და კავკასიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანდრეი არეშევი. ის მიიჩნევს, რომ რუსეთის მიმართ საქართველოს სტრატეგიის გადახედვის აუცილებლობა ქვეყნის ეკონომიკური საჭიროებებითაა განპირობებული. ამასთან დაკავშირებით ექსპერტი საქართველოს ენერგეტიკის ახალი მინისტრის განცხადებას იშველიებს რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვის გეგმების შესახებ. „ამ კონტექსტში ზურაბ აბაშიძის დანიშვნა ბევრად უფრო სეროზულია ნაბიჯია, ვიდრე მაია ფანჯიკიძის მორიგი განცხადებები იმის შესახებ, რომ თბილისი რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას ვერ აღადგენს, სანამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საელჩოები იქნება“.

პოლიტოლოგი ანდრეი ეპიფანცევი კი აღნიშნავს, რომ ურთიერთობების აღდგენა, პირველ რიგში, საქართველოს და არა რუსეთს სჭირდება. „ივანიშვილმა, და არა პუტინმა, საკუთარ წინასაარჩევნო თეზისად ურთიერთობების აღდგენა აქცია. ქართველები, და არა რუსები, ათეულათასობით ცდილობენ რუსეთში მოხვედრას და ვიზების გარეშე იტანჯებიან. საქართველოს, და არა ჩვენ, ძალიან გაუჭირდება რუსეთთან შერიგება, თუ მას ოკუპანტს უწოდებს და NATO-სკენ სვლას გააგრძელებს“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

ეპიფანცევი რამდენიმე პირობასაც ასახელებს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, მისი აზრით, კრემლი თბილისთან ურთიერთობაზე თანახმა იქნება. კერძოდ, ესაა თბილისში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის და ტელეარხ პიკ-ის დახურვა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან შესულ მოქალაქეთა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, თანაც, არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ სამხედრო ტვირთებისათვის. ასევე - პარლამენტის დადგენილების გაუქმება ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ.

როგორც, თავის მხრივ, გაზეთ კომერსანტის მიმომხილველი კონსტანტინ ეგერტი მიიჩნევს, კრემლი თბილისისგან „სრულ კაპიტულაციას“ ელოდება. იგი აღნიშნავს, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენასთან ერთად, თბილისს მოუწევს უარი თქვას აფხაზეთში საკუთარ სუვერენულ უფლებებზე.

ეგერტის აზრით, ახალი ხელისუფლება, კრემლის გულის მოსაგებად, წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა წინააღმდეგ რეპრესიების გატარებას შეეცდება, რათა მოსკოვს „სააკაშვილის თავი მიართვას“. ამის სანაცვლოდ კი, შესაძლოა, რუსეთმა საკუთარ ბაზარზე ქართული ღვინო და ბორჯომი შეუშვას.

„თუმცა, შემდგომში მისგან (საქართველოს ხელისუფლებისგან) მოითხოვენ მინიმუმ NATO-სთან ინტეგრაციაზე უარის თქმას, ხოლო მაქსიმუმ - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივ (თუ არა იურიდიულ) აღიარებას“, - მიიჩნევს მიმომხილველი.

მისი აზრით, „კრემლს ამ დროისთვის საქართველოზე ნამდვილი გამარჯვებისგან რამდენიმე ნაბიჯი აშორებს“.

 

კომენტარები